ბარბრა სტრეიზანდი: ”ვაფასებ სექსს ისეთ ასაკში, როცა ამაზე ფიქრიც კი მიუღებელია” - კვირის პალიტრა

ბარბრა სტრეიზანდი: ”ვაფასებ სექსს ისეთ ასაკში, როცა ამაზე ფიქრიც კი მიუღებელია”

კინოსა და შოუბიზნესის კაშკაშა ვარსკვლავი, ბარბრა სტრეიზანდი, მსოფლიოში ალბათ ერთადერთია, რომელსაც ამდენი ჯილდო აქვს მიღებული როგორც კინოში, ასევე მუსიკალურ სფეროში: ორი ოსკარი, ცხრა ”ოქროს გლობუსი”, რვა ”გრემი”, ოთხი ”ემი”. გარდა ამისა, აქვს 51 ოქროს, 30 პლატინის და 13 მულტიპლატინის მუსიკალური ალბომი. ბარბრა ”ბითლზთან” და ელვის პრესლისთან ერთად არის შესული საუკეთესო მუსიკოსთა ათეულში.

ერთადერთ და ღვთაებრივ ბარბრას კვლავ ძალუძს სტადიონები შეავსოს. მისი თაყვანისმცემლები ოცნებობენ, კიდევ ერთხელ მაინც გაიგონონ მისი ხმა კონცერტზე, მაგრამ ბარბრამ რახან ერთხელ თქვა, - ამიერიდან აღარც კამერების წინ დავდგები და აღარც სცენაზეო, სიტყვის გატეხას არ აპირებს. მისი მოხიბლვა არც უზარმაზარ ჰონორარებს შეუძლია.

2004 წელს რეჟისორმა ბენი სტილერმა დიდი ხვეწნა-მუდარით დაითანხმა ბარბრა ფილმში, ”ფაკერების გაცნობა”, თამაშზე - ეტყობა, დიდი მსახიობების, დასტინ ჰოფმანისა და რობერტ დე ნიროს პარტნიორობის ცდუნებას ვერ გაუძლო...

ბარბრა და დასტინი დიდი ხნის მეგობრები არიან. სანამ მწვერვალებს მიაღწევდნენ ერთნაირი გზა განვლეს: დასტინი ნიუ-იორკის საზოგადოებრივ ტუალეტებს ასუფთავებდა, ბარბარა ოფიციანტი იყო. ფილმში სტრეიზანდი დასტინ ჰოფმანის მეუღლის, როზალინის ექსცენტრიკული და ტემპერამენტიანი ფსიქოლოგის (სექსუალური პრობლემების განხრით) როლს განასახიერებს. ცხადია, ვარსკვლავს გადასაღებ მოედანზე უარს ვერაფერზე ეუბნებოდნენ, იმპროვიზაციის საშუალებასაც აძლევდნენ. ბარბრა ბევრ სცენას იქვე, გადაღების მომენტში იგონებდა. მაგალითად, როზალინი თავის მომავალ მძახალს (დე ნირო) დასაწყნარებდად მასაჟს უკეთებს და როგორც სექსუალური საკითხების სპეციალისტი, ცდილობს, ამ პროცედურას ცოტა ეროტიკული ელფერი შესძინოს... დუბლის სიმრავლის გამო მასაჟი 15 საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც სტრეიზანდს სახსრები ასტკივდა და გადასაღებ მოედანზე ექიმიც კი გამოიძახეს. ”მე და ამ ფილმის გმირს, როზალინს, მხოლოდ ერთი რამ გვაერთიანებს: მეც ვაფასებ სიყვარულს და სექსს ისეთ ასაკში, როცა ამაზე ფიქრიც კი მიუღებელია. ცხოვრების ამ ეტაპზე სასიყვარულო ურთიერთობებს შეუდარებელი სიხარული და სიამოვნება მოაქვს. მე და ჩემს მეუღლეს ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული”, - თქვა მსახიობმა.

KvirisPalitra.Geბარბრა სტრეიზანდმა ბევრი გაჭირვება გამოიარა. ბრუქლინში მისი ოჯახი ძალიან ღარიბულად ცხოვრობდა. მშობლები მასწავლებლები იყვნენ, მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, შვილების აღსაზრდელად დრო არ რჩებოდათ. მერე მამაც გარდაიცვალა.

დედა თავს არ ზოგავდა, რომ ბარბრასა და მისი დისთვის ლუკმაპური არ მოეკლო, ამიტომ ბინის მორთვა-მოკაზმვაზე არასოდეს უფიქრია. ბარბრა კი ბავშვობიდანვე სილამაზის მოტრფიალე იყო და მუდამ ლამაზად მოწყობილ სახლზე ოცნებობდა. სტრეიზანდების პაწაწინა ბინის ერთადერთი მშვენება სასტუმრო ოთახში მდგარი დივანი იყო და რომ არ გაფუჭებულიყო, მუშამბას აფარებდნენ ხოლმე. მერე ბარბრა იცინოდა, - იმ დროიდან შემომრჩა დივნებისა და სავარძლების სიყვარულიო. მართლაც, ბროდვეიზე, შოუში მონაწილეობისთვის აღებული პირველი ხელფასით ბაზრობებზე, ანტიკვარულ მაღაზიებსა და საწვრილმანოებში შესანიშნავი ძველებული ავეჯი იყიდა.

მალე სახლი შეიძინა, ანტიკვარული ავეჯითა და ამერიკელ დიზაინერთა ნახელავით დაამშვენა. რასაკვირველია, ყველა ოთახში ორი თუ არა, ერთი დივანი მაინც იდგა... მაგრამ დაუცხრომელი ბარბრა რაღაც უფრო განსხვავებულ სახლზე ოცნებობდა, სავსებით განსხვავებულზე, მისი ბავშვობის დროინდელი ბუდისგან, სადაც გოგონას ერთადერთი სათამაშო ცხელი წყლით სავსე ბოთლი იყო.

1993 წელს ბარბრამ თავისი სახლი და კარგა მოზრდილი მიწის ნაკვეთი ველური ბუნების დაცვის საზოგადოებას აჩუქა, თვითონ და მისი მეუღლე, ჯეიმს ბროლინი მალიბუში გადასახლდნენ, სადაც უზარმაზარი მამული აქვთ. მათ წალკოტივით ბაღში ულამაზესი სახლის გარდა, სასტუმრო კოტეჯიც დგას, მოშორებით - წყლის წისქვილი, საქათმე და ბოსტანია.

სტრეიზანდი უკვე კარგა ხანია აკეთებს იმას, რაც სიამოვნებს, უყვარს: ხატავს, იგონებს თავისი ტანსაცმლისა და ავეჯის დიზაინს. აკი, ახალგამოცემულ წიგნში დაწერა კიდეც, - მთელი ჩემი შემოქმედებითი ძალები დიზაინზე გადავიტანეო.

ბარბრას უნდოდა სახლი, რომელიც ძველებური იქნებოდა და არა ძველი, სიძველის სუნი ჰქონოდა და არა სიბერისა - მიიღო კიდეც. მართალია, სახლი უფრო მუზეუმს ჰგავს, ვიდრე მყუდრო საცხოვრებელს, მაგრამ ბარბრა და მისი მეუღლე ჯერ არ აპირებენ ტურისტების მექად მის ქცევას, ამ სახლში ხომ ვარსკვლავის მთელი ვნება, გული და სულია ჩადებული.

”მე და ჯიმის ძალიან გვიყვარს ჩვენი საწოლი ოთახი, სადაც თავს ვანებივრებთ ხოლმე, განსაკუთრებით შაბათობით. ლოგინიდან დიდხანს არ ვდგებით, ტელევიზორს ვუყურებთ, ვკითხულობთ. ამის გამო ხანდახან თავს დამნაშავედ ვგრძნობ ხოლმე - მე ხომ სულ ვშრომობდი, პატივმოყვარე ვიყავი, მინდოდა, ყველა ჯილდო მიმეღო, ტიტულები მომეხვეჭა, ყველაფერი ერთდროულად მეკეთებინა, მაგრამ ახლა ნეტარების, სიამოვნების მიღების დრო დადგა. მგონი, ამის ღირსი ვარ! - ამბობს ლეგენდარული ბარბრა სტრეიზანდი.

თარგმნა თინათინ მარგველაშვილმა