შეკითხვა ბატონ ლევან გახელაძეს - კვირის პალიტრა

შეკითხვა ბატონ ლევან გახელაძეს

ვინც არ იცით, გეტყვით: - ბატონი ლევან გახელაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა. სწორედ იგი გვეწვია რამდენიმე დღის წინ რადიო "პალიტრის" ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში", სადაც ზოგადად მედიის მდგომარეობაზე და მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვსაუბრობდით. გახელაძეს ვკითხე, - აშუქებს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველა იმ თემას, რომელიც გაშუქებას იმსახურებს-მეთქი. მიპასუხა, - კიო.

ეს ყველაფერი ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა. სამ იანვარს კი ყველამ იცით (შესაძლოა ბევრმა არც იცით), რაც მოხდა გმირთა მოედანზე, სადაც ომის ვეტერანთა აქცია მიმდინარეობდა. აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, მშვიდობიანი მოშიმშილეები დაარბია და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით რამდენიმე ვეტერანი დააკავა კიდეც. პოლიციამ სცემა აქციაზე მისულ ერთ-ერთ ქალბატონსაც. მოკლედ, გმირთა მოედანზე, ომში დაღუპულთა მემორიალთან დიდი ხმაური და გაწევ-გამოწევა იყო. ერთადერთი არხი, რომელმაც იმ დღეს ეს მოვლენა გააშუქა, "კავკასია" აღმოჩნდა (მოგეხსენებათ, "მაესტროს" საინფორმაციო გამოშვება შეჩერებული აქვს). არც "რუსთავი 2-ს", არც "იმედს" ამ ინციდენტის შესახებ ხმა არ ამოუღიათ. შედეგად მივიღეთ ის, რომ ამ ინციდენტის შესახებ მხოლოდ თბილისის მოსახლეობამ შეიტყო, დანარჩენ საქართველოს კი არაფერი გაუგია.

KvirisPalitra.Geბატონო ლევან, მაინტერესებს, რატომ არ გააშუქა ეს ფაქტი საზოგადოებრივმა არხმა, რომელიც თითოეული ჩვენგანის საკუთრებაა და რომლის ფაქტობრივად თვალწინაც მოხდა ეს დარბევა (მოგეხსენებათ, საზმაუწყებელი გმირთა მოედანთან მდებარეობს)? რატომ არ აღმოჩნდა პროგრამა "მოამბისთვის" საინტერესო აქციის ძალის გამოყენებით დაშლა და აქციის მონაწილეების დაკავება, თუკი იმავე დღეს ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა მოსკოვში აქციაზე ნემცოვის დაკავებას? მთელი გადაცემა მხოლოდ საახალწლო ღონისძიებებს მიეძღვნა და ბოლოს არც ის დაავიწყდათ, რომ ამერიკელმა ტელეწამყვანმა ოპრა უინფრიმ საკუთარი ტელევიზია გახსნა. ნუთუ თბილისის ცენტრში ომის ვეტერანების ცემა და დაკავება ის თემაა, რომელიც გაშუქებას არ იმსახურებს?!

მინდა, ბატონ ლევან გახელაძეს ვკითხო: - იტყუება თუ არა ის, როდესაც ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა მოვლენას აშუქებს? თუ ფიქრობს, რომ ქართულ საზოგადოებას თბილისის ცენტრში მომხდარ დარბევაზე მეტად, მოსკოვში აქციის დაშლა და ამერიკელი წამყვანის ჩიკაგოდან საცხოვრებლად ლოს ანჯელესში გადასვლა აინტერესებს?

იხ. http://www.interpressnews.ge/ge/video.html?view=video&video=333

KvirisPalitra.Ge