პატრიარქმა თავისი დაბადების დღე მშიერთა დაპურებით აღნიშნა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა თავისი დაბადების დღე მშიერთა დაპურებით აღნიშნა

"წითურ ხარს დავკლავთ და შობასაც ერთად აღვნიშნავთ!"

ქართველი ერის მოჭირნახულეს და სულიერ წინამძღოლ ილია II-ს 4 იანვარს 78 წელი შეუსრულდა. "კვირის პალიტრა" უერთდება იმ სიხარულს, რაც ერს ჩვენი პატრიარქის დაბადებით უფლისგან მოეცა. უწმინდესსა და უნეტარესს ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. დაე, სრულიად საქართველოს პატრიარქის მფარველი კალთა კიდევ დიდხანს გვფარავდეს და  მისი ლოცვის მადლი არ მოგვკლებოდეს!

ნაახალწლევს ფოცხოეწერში ჩასახლებული დევნილები მოვიკითხე. ისინი  შობის მოლოდინში იყვნენ. ჩვენმა სულიერმა წინამძღოლმა, რომელმაც ახლახან ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსობის ტვირთიც გადაიბარა, 78 წლის იუბილე ღვთისთვის მადლობის შეწირვითა და დევნილთათვის ძღვენის გაცემით აღნიშნა. ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ ყველაზე დიდი საჩუქარი მისთვის  მშიერთა დანაყრება, უნუგეშოთათვის კი ნუგეშის მინიჭება იქნებოდა, მაგრამ  სხვისთვის გაცემული სიკეთისა და ამ გზით დაგროვილი სულიერი საუნჯის შესახებ მხოლოდ შემთხვევის წყალობით შევიტყვეთ.

მამუკა მანია, აფხაზეთიდან დევნილი, ჟურნალისტი: "ფოცხოეწერს ინფრასტრუქტურის განვითარების ნიშანწყალი არ ეტყობა. თითქოს არწივის ბუდეში ვცხოვრობთ.  არც საბოსტნე მიწა გვაქვს, არც შუქი, არც ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი სხვა რამ, ზუგდიდის ერთ-ერთი გაზეთის  რედაქციამ სამუშაო  შემომთავაზა, მაგრამ ვერ მივდივარ, ფოცხოეწრიდან იქ ჩასვლამდე  ტრანსპორტის სამჯერ გამოცვლა მჭირდება, მიკროავტობუსიც მხოლოდ დღეგამოშვებით მოძრაობს, სოფელ ჯვრიდან ფოცხოეწერამდე ტაქსი უნდა დაიქირავო. მოკლედ, ანაზღაურება გზის ხარჯს ვერ მიფარავს და ვარ ისევ უმუშევარი. თეთრად გათენებულ ღამეებში გულს პოეზიით ვიოხებ. ოღონდაც სესხად აღებული ყავა და უფილტრო სიგარეტი არ გამომელიოს და  მუზა და პატრიოტიზმი წუთითაც არ მტოვებს!..

ბოდიში მინდა მოვუხადო თქვენს მკითხველს, რადგანაც ერთხელ განვაცხადე: "მივალ ენგურთან, ხელებს ავწევ და "პასპორტის" მთავარი პერსონაჟივით დავიძახებ: "ნე სტრელიატე, ბრატცი, ეტა ია!" ბოდიშს მოვუხდი აფხაზეთის მთავრობას და დაბრუნებას მოვთხოვ-მეთქი.  ვერ შევძელი!.. ნეტავ, ვის რაში სჭირდება ჩემი ამგვარი პატრიოტიზმი?! სხვათა შორის, გორის კარვების ქალაქში დაწერილი ლექსები კრებულად გამოვეცი, რომლის გამოცემაშიც  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობა დახმარა. ამხელა გზა გამოვიარე და დედაქალაქში  პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჩავაბარე ერთი წიგნი წარწერით და იმ იმედით, იქნებ მიხეილ სააკაშვილი გაეცნოს ჩემს გაჭირვებას და მომხედოს-მეთქი. შენც არ მომიკვდე! არავინ შემხმიანებია. ალბათ, ეს წიგნი არც გადასცეს სააკაშვილს, თორემ ქვის გული უნდა ჰქონდეს კაცს, რომ აფხაზეთიდან დევნილის ასეთი ტკივილი წაიკითხოს და არ შეძრას. ის ძალიან ემოციური ადამიანია, ხანდახან სხვის გაჭირვებაზე კიდეც ტირის. გაჭირვება ბევრ რამეს  მწვავედ მათქმევინებს და  მაწერინებს, მაგრამ უზომოდ მიყვარს ყველა ქართველი, მათ შორის ისინიც, რომლებიც ახლა თბილ და კომფორტულ გარემოში საყვარელ ადამიანებთან ერთად ატარებენ დროს და ჩვენსავით არ სცივათ ან შიათ.…

ღმერთმა დალოცოს ჩვენი პატრიარქი და მთელი ქართველი ერი, რომლისთვისაც ასეთი სულიერი მწყემსი მართლაც ღვთის საჩუქარია. შობას მთელი სოფელი შეიკრიბება და პატრიარქისგან ნაჩუქარ ხარს დაკლავს, რომლის ხორცით მშივრებიც დანაყრდებიან  და შედარებით მაძღრებიც. რაც მთავარია,  ერთმანეთს დიდ სულიერ სითბოს გავუზიარებთ იმ ერთობლივი სიხარულით, რასაც შობის მადლი და უწმინდესის ძღვენის დაგემოვნება მოიტანს".

ნანა ძაძამია, დევნილი: "ზამთრისთვის შეუფერებელმა თბილმა ამინდებმა ძალიან გაგვიმართლა. ფოცხოეწერი ცნობილია მკაცრი კლიმატით, აქ დიდთოვლობა იცის. წელს კი, როდესაც მთელი ევროპა იყინება, ჩვენთან დარია. განა, ეს სასწაული არ არის? მთავარი პრობლემა მაინც უშუქობაა, ქვედა კორპუსებში კი არის დენი გაყვანილი და მრიცხველები დაყენებული, მაგრამ ზედა კორპუსებში ისევ ბნელში ვსხედვართ. სხვა რა გითხრათ, შეშაც და საბნებიც დაგვირიგეს, ბავშვიან ოჯახებს დახმარებას აძლევენ, მაგრამ უმეტესობა მაინც საზღვარგარეთ მყოფი ნათესავებისგან მიღებულ ფულზეა დამოკიდებული".

მამუკა ქარდავა, წალნჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი: "დევნილების ნაწილმა ადაპტაცია უკვე გაიარა, ადრინდელთან შედარებით ცოტა უკეთესად არიან, თუმცა, პრობლემები რა თქმა უნდა, არის. ზუგდიდის დევნილთა სამმართველომ ისინი შეშით მოამარაგა. პატრიარქმა თბილი ტანსაცმელი გამოუგზავნა და აჩუქა ხარი, რომელიც ტონამდე იწონის. შობის დღესასწაულზე დავკლავთ და ხალხს დავურიგებთ. ხარი გორიდან  ჩამოიყვანეს.

- საბოსტნე მიწების დევნილებისთვის გადაცემის საქმე ვერ მოგვარდა?

- ადრეც გითხარით, ამ პრობლემის გადაჭრა ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების გარეშე მსგავსი საკითხები არ განიხილება. ისე, ერთს კი გეტყვით: ზოგიერთი დევნილი (ძირითადად, გალელები) მალულად გადადის გალში და იქ ამუშავებს მიწას. ეს მათ მორალურადაც შველით და   თავის გატანაშიც ეხმარებათ".