სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფთა ოჯახები პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ - კვირის პალიტრა

სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფთა ოჯახები პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ

სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი მეზღვაურების ოჯახები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი მეზღვაურის, დავით დევაძის მამამ, სერგო დევაძემ განუცხადა, მათ პრეზიდენტის ელფოსტაზე წერილი გააგზავნეს.

მისივე ცნობით, წერილები ასევე გაეგზავნათ საგარეო საქმეთა სამინისტროს და საპატრიარქოს.

"ჩვენ გვინდა შევხვდეთ პრეზიდენტს და მოვუყვეთ იმ ქართველ მეზღვაურთა გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ, რომლებიც ახლა სომალელთა ტყვეობაში არიან; ასევე ვთხოვთ პატრიარქს და საგარეო უწყებას, შეძლებისდაგვარად დაგვეხმარონ მათ გათავისუფლებაში", - აღნიშნა დევაძემ.

უკვე მეოთხე თვეა, 15 ქართველი მეზღვაური სომალელი მეკობრეების ტყვეობაშია. გამოსასყიდის (მილიონი დოლარი) გადაუხდელობის შემთხვევაში, მეკობრეები მათი დახვრეტით იმუქრებიან.

"ინტერპრესნიუსი"