”მედიაპალიტრაში” შემოსავლების სამსახური შევიდა
08-06-2011
"მედიაპალიტრის" ექვს სხვადასხვა სტრუქტურაში დღეს შემოსავლების სამსახურის არაგეგმიური შემოწმება დაიწყო.
როგორც შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის მიმდინარე კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ნუგზარ წულუკიძემ განაცხადა, ისინი მედიასახლის ფუნქციონირებას ხელს არ შეუშლიან და შემოწმება ჩვენი მუშაობის პარალელურად იწარმოებს.
თუმცა, თვით შემოსვლის მიზეზი, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებელია: თურმე ნუ იტყვით და (როგორც სპეციალისტებმა გვითხრეს), ეს ”არაგეგმიური შემოწმება” ნიშნავს იმას, რომ ისინი შემთხვევითობის პრინციპით არჩეულ (თანაც კომპიუტერი ირჩევსო) ორგანიზაციაში შედიან და ამოწმებენ.
კი ბატონო, არავინ
არის ნორმალური და კანონიერი შემოწმების წინააღმდეგი, მაგრამ ეჭვს ის იწვევს, რომ ”მედიაპალიტრის” ის ექვსივე ორგანიზაცია იურიდიულად სრულიად დამოუკიდებელი შპს-ებია და ვეჭვობთ, რომ ასეთი უცნაური ”დამთხვევები” თეორიულად მაინც იყოს შესაძლებელი.
ეტყობა, შემოსავლების სამსახურს ძალიან ”ჭკვიანი” კომპიუტერები აქვს - მარტივი გამოთვლით დგინდება, რომ, მაგალითად ცნობილ ლოტოში, 3
6-დან 6 ციფრის დამთხვევის შანსი დაახლოებით 2 მილიონიდან(!) ერთია. შემოსავლების სამსახურის კომპიუტერმა კი, ”შემთხვევით” რამდენიმე ათასი ქართული შპს-დან ზუსტად ეს ექვსი შპს რომ შეერჩია, აქ შანსები მემილიარდედებამდე მცირდება...
საერთოდ, ეჭვი იმაზე, რომ ასეთი ”დამთხვევები” თავისუფალი მედიის (არც ისე ბევრნი დავრჩით) მიმართ გახშირდებოდა, უკვე დიდი ხანია, არსებობს და 26 მაისის ამბების შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა, რადგან ჩვენ ზუსტად ავსახეთ ყველაფერი - პალიტრა.ტვ და ”მაესტრო” ორად ორი არხი იყო, რომლებმაც სრულად გააშუქეს ტელესივრცეში ყველაფერი, გაზეთი ”კვირის პალიტრა”, ჩვენი მედიასახლის ჟურნალები, რადიო ”პალიტრა”, ჩვენი ინტერნეტ-საიტები მიუკერძოებლად გაწვდიდით ინფორმაციასა და ანალიზს. მაშინაც ვიცოდით და ახლაც ვიცით: ხელისუფლებას ეგზალტირებული და მმართველი გუნდის სიძულვილით დაბრმავებული პრესა ურჩევნია დაბალანსებულ და ობიექტურ მედიას, რადგან ასეთს ვერასოდეს ”გამოიჭერს” ტყუილში, ოპოზიციისადმი უსაფუძვლო მიკერძოებაში, ხელისუფლების უარგუმენტო და უსამართლო კრიტიკაში... მაგრამ რა ვქნათ - მარტინ ლუთერისა არ იყოს - ”აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს!”
ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და მკითხველს, მაყურებელსა და მსმენელს მუდმივად მივაწვდით მიმდინარე ინფორმაციას. დღეს კი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა იმ პოლიტიკოსსა თუ საზოგადოების წარმომადგენელს, რომლებმაც საჯარო განცხადებებითაც და პირად საუბრებშიც სოლიდარობა გამოგვიცხადეს.
ქართულ სოციალურ ქსელებშიც გაიხსნა თემები დღევანდელ ამბავთან დაკავშირებით და ამ წერილს სწორედ ”თბილისის ფორუმიდან” ამონარიდი ფრაგმენტით დავასრულებთ, რასაც წინასწარ მხოლოდ ერთ კომენტარს დავურთავთ: ხალხი ბრძენია!

1.
- რა ვიცი მეგობარო რატო შევიდა,შენ იცი?
- ვიცი, ყველაზე კარგად გააშუქა 26 მაისის დარბევა...

- არც ის ვიცი მაინცდამაინც მანდ რატო შევიდა და არა სხვა ოპოზიციურ გაზეთებში თუ ტელევიზიებში.
- მე ვიცი, (შენც იცი...) ...აი აქ კი დაიწვი - ოპოზიციური არაა პალიტრა, სიმართლეს წერს და არ გაწყობთ მიშებს...

2.
- აქვე ვიტყვი 2002 ში ”რუსთავი2”-ში რო შევიდნენ, ცხადია, ვიცოდი რომ ბევრი დარღვევა ჰქონდათ, მაგრამ მაშინ სტუდენტი ვიყავი და ვთვლიდი (და ეხლაც ვთვლი), რომ მაგის გამო არხი ან გაზეთი არ უნდა იხურებოდეს

- არც დახურავენ...
”პრესა.გე” გახსოვთ? ”კავკასუსი”? იმ ტელეკომპანიას რა ქვია? სამედიცინო სახელი რომ აქვს... დამავიწყდა... "ი"-ზე იწყება სახელი და "მედი"-ზე მთავრდება...

www.kvirispalitra.ge-ს რედაქცია

Jondi
08 ივნისი 2011 18:56
levan,
აშკარად გეტყობა რომ შენ უბრალოდ საგადასახადო ინსპექტორი არ ხარ, ისე პოლიტიკურად განიხილავ ყველაფერს.
მსჯელობის ლოგისკას დააკვრიდი, დასკვნა: არ ვუშავებთ პალიტრას არაფერს. არგუმენტი: გამჭირვალეოობა და სისწრაფე. პრეამბულა: ხელს ნუ გვიშლით! კანონის წინაშე ყველა თანაბარია! სასაცილოები გახდებით! არ შეიძლება შემოწმების ფაქტის კრიტიკა! შენი ტექსტის 30% ეხება საქმეს დანარჩენი კი პოლიტიკას და მუქარას.

შერჩევითი სამართალი რას ქვია იცი? ეს პუტინის მოგონილია და მიშამ გადმოიღო მისგან. ლოგიკა ესეთია: ჩვენ თუ შეგვეხები კანონით გაგიტეხავთ თავს, თუ არ შეგვეხები რაც გინდა ის აკეთე. ანუ პალიტრას აუდიტი და რუსთავი 2ს არა. ამიტომ არის რომ ეს ყველაფერი სიყალბეა და ძალიან კარგად იცით რომ ეს ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ვერც რუსთავი 2 და ვერც პრესა გე ვერ დააზომბებს ამ ხალს, ის დრო წავიდა რომ ხალხი ყველაფერს იღებდა პირდაპირ, გამოვიწაფეთ!
lali
08 ივნისი 2011 17:02
ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
admin
08 ივნისი 2011 16:33
levan
მოდით, საზოგადოებას ამთავითვე ნუ შევიყვანთ შეცდომაში: არავითარი "სამშენებლო და მედიასთან არადაკავშირებული კიდევ 2 დანაყოფი", როგორც თქვენ მათ უწოდებთ, ჩვენთან არ არსებობს.
საზოგადოებისათვის კიდევ ერთხელ ჩამოვთვლით იმ შპს-ების საქმიანობის პროფილებს, რომლებშიც შემოსავლების სამსახური შევიდა: პრესის გავრცელების სამსახური, სტამბა, წიგნის მაღაზიათა ქსელი, წიგნების გამომცემლობა (პალიტრა L), ქაღალდის იმპორტიორი კომპანია, პოლიგრაფიული მასალების კომპანია.
აქედან 4 ორგანიზაციის საწყობები (ანუ ყველასი, რომლებსაც საწყობები გააჩნიათ) გუშინ დაილუქა.
ექვსივეში დღესაც მიმდინარეობს ინვენტარიზაცია.
ვფიქრობთ, ჩამოთვლილ ორგანიზაციათაგან ვერც ერთზე ვერ იტყვით, რომ არის "სამშენებლო და მედიასთან არადაკავშირებული კიდევ 2 დანაყოფი".

საიტის ადმინისტრაცია

რედაქტორის რჩევით