გიორგი აბდალაძის მონათხრობი "ცხელ კვალზე"
21-07-2011
გიორგი აბდალაძის "აღიარებით ჩვენებაში" აღმოჩენილ უზუსტობებზე ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულმა სტატიამ მკითხველისა და ჩვენი კოლეგების დიდი ინტერესი გამოიწვია. გვწერენ, სოციალურ ქსელებში განიხილავენ, გვირეკავენ...
სხვათა შორის, რამდენიმე მკითხველმა საინტერესო კითხვა დაგვისვა: თქვენ რომ ახლა ჰყვებით, ეს ამბავი ასე იყო და არა ისეო, იქნებ ის გამოგექვეყნებინათ კიდევ ერთხელ, რასაც დაკავებულები მაშინ ჰყვებოდნენ ან რა კომენტარები კეთდებოდაო.
მაშინ ამის შესახებ დიდი მასალა დაიბეჭდა ზედიზედ გაზეთის ორ ნომერში და, ცხადია, ყველაფრის გადმობეჭდვას აზრი არა აქვს,
მაგრამ აბდალაძის მაშინდელ ნაამბობსა და აქ, თბილისში, მისი და კიაზო ბიჩინაშვილის გათავისუფლებისთვის ჩვენი მხარის მოქმედებებს კიდევ ერთხელ გავიხსენებთ.
გიორგი აბდალაძე: "გადავწყვიტეთ, ჯერ ოსების მიერ კონტროლირებადი ზონა გადამეღო და ამისთვის ე.წ. ნეიტრალური ზონა შევარჩიეთ (სწორედ ეს იყო მათი შეცდომა - მანქანით არ უნდა გადასულიყვნენ "ქართული ზონის"
მიღმა - ზ. გ.). იქ ოთხმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ავტომატიანმა დაგვაკავა იმ საბაბით, რომ მათი პრეზიდენტისგან არ მქონდა გადაღების ნებართვა.
ცხინვალში წაგვიყვანეს ჩვენივე მანქანით, გზაში გვცემდნენ, ხოლო როდესაც მილიციაში მიგვიყვანეს და აღმოაჩინეს, რომ ყველაფერს დიქტოფონზე ვიწერდი, უფრო სასტიკად გვცემეს. მე ადგილობრივი ტელევიზია მოვიკითხე, ამაზე გულიანად იცინეს და შემდეგ კიდევ უფრო სასტიკად მცემეს (კიაზო სხვა ოთახში ჰყავდათ გაყვანილი).
მერე ომონელი შემოვიდა, რევოლვერი შუბლზე მომადო და სასხლეტს ხელი გამოჰკრა. ჩემ თვალწინ ჩადო ტყვია და ხელი მაგიდაზე დამადებინა, ამ ხელით ჩართე დიქტოფონიო?! მეორემ არ დაანება, მაგრამ იმ იარაღის ტარით მაინც მცემა.
ოთახიდან რომ გამიყვანეს, დერეფანში მეორე ოთახიდან გამოყვანილი კიაზო დავინახე.
იმდენჯერ მცემეს, რომ იმ ჩვენების წაკითხვის თავიც არ მქონდა, რომელიც ჩემ მაგივრად დაწერეს და ხელი მომაწერინეს. ამის მერე კიდევ მცემეს, "ყოველი შემთხვევისთვის".
მერე სხვა ოთახში შემიყვანეს, კიაზოც იქ მოიყვანა ერთმა ლეიტენანტმა. კიაზომ უთხრა, რომ ვითომ დედა ჰყავს ოსი, ამაზე ცოტა მოლბა და მითხრა, ამას უმადლოდე, თორემ პედერასტების კამერაში შეგაგდებდითო. მერე ციხეში წაგვიყვანეს უაზით და სხვადასხვა საკანში შეგვყარეს.
საკანში სამი კაცი დამხვდა: ერთი ოსი, რომელსაც სულ ეძინა, და ორი გორელი ქართველი, რომლებმაც "წესები" ამიხსნეს: ტუალეტი დღეში ორჯერ ორ-ორი წუთით; "ქურდული კანონები" არ მოქმედებს; მცირე დარღვევაზე სასტიკი ცემა და 10-დღიანი კარცერი; დღეში რამდენჯერმე ისედაც გაყინულ პატიმრებს (ძალიან ციოდა სარდაფში) ორ ვედრო ცივ წყალს ასხამენ; კვება - მხოლოდ "პერედაჩი"; წყალი - კვირაში ერთხელ, ნახევარი საათით; "პადიომი" დილის 6 საათზე, დაგვიანებისთვის 10 დღე კარცერი.
ღამე ვერც დავიძინე, ისე ციოდა. ტუალეტის შემდეგ "გაგვასეირნეს" ოთახისხელა ეზოში. იქ კიაზოც ვნახე, მაგრამ ვერ დაველაპარაკე. ჩემმა თანასაკნელებმა დამანახვეს სხვა ქართველი პატიმრები - მაგათი ამბავი სახლში არავინ იცის და თვითონაც განაჩენსაც კი არ ეუბნებიანო. ერთ-ერთმა ოჯახის ტელეფონის ნომრის გადმოცემა მოახერხა და თბილისში ჩამოსულმა შევატყობინე მისი ამბავი.
ორ საათზე გაისმა: "აბდალაძე, ბიჩინაშვილი ს ვეშჩამი". ჩემს საკანში ერთ-ერთი ქართველი ბიჭიკაშვილი იყო და კინაღამ გადაირია სიხარულით, ეგონა, მას ეძახდნენ... მეც შიშით გავედი, რადგან ნათქვამი ჰქონდათ, ასე ხშირად იტყუებიან, გაგიყვანენ და გცემენო, მაგრამ ასე არ მოხდა. მხოლოდ ის იყო, რომ მამის ნაჩუქარი ხის ჯვარი შემნიშნა ზედამხედველმა და დამტვრევა უნდოდა, დიდი ხვეწნის შემდეგ დამიბრუნა... "ნივით" წაგვიყვანეს მე და კიაზო უშიშროების კომიტეტის შენობაში, ყველაფერი დაგვიბრუნეს (კიაზოს მანქანიდან გამქრალი ფოტოაპარატის, მზის სათვალისა და სხვა პირადი ნივთების გარდა... უკან ჩვენი მანქანით წამოვედით, ე.წ. საზღვართან რედაქციის ხელმძღვანელობა და გორის რაიონის პოლიციელები გველოდნენ".
აი, ეს არის ის თავგადასავალი, რომელიც მაშინ, "ცხელ კვალზე" უამბო მკითხველს გიორგი აბდალაძემ: ცხადია, "გადაბირების" შესახებ მაშინ არაფერი უთქვამს, ეს მხოლოდ ახლა, დაკითხვისას "გაახსენდა".

(სპეციალურად საიტისთვის)

sasha
22 ივლისი 2011 19:26
ძვირფასო toma შენ ჩემ ცინიზმს ნაკლები ყურადღება მიაქციე და გაამახვილე შენი ძალები იმაზე რომ ცირკში ცხოვრობ,კლოუნები გყავს მეზობლები და ჰამბურგერის გამო კაცობას მორალს ზნეობას და მამულს გაყიდი
toma
22 ივლისი 2011 10:42
საშა ბატონო, ყველაზე მეტად მაგ ცინიზმია აუტანელი, რაც ეტყობა თქვენც გახასიათებთ, სირცხვილია წაქცეული კაცის დაცინვა
sasha
21 ივლისი 2011 19:05
ჩვენებს უფრო მოურბილებიათ....
ისე რავა სუყველა ამ უბედურს ურტყავდა?!სხვა პროფესია ვერ აირჩია?!

რედაქტორის რჩევით