შემოწმების 52-ე დღე - კვირის პალიტრა

შემოწმების 52-ე დღე

რა ხდება "მედიაპალიტრაში"

საზოგადოების ინტერესი "მედიაპალიტრაში" მიმდინარე ფინანსური აუდიტის მიმართ არ ცხრება. გვირეკავენ, გვწერენ და გვეკითხებიან, თუ როგორია აუდიტის შედეგები, როგორ მიმდინარეობს შემოწმების პროცესი და როდის დასრულდება.

როგორც ცნობილია, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 7 ივნისს "მედიაპალიტრის" ექვს სხვადასხვა ორგანიზაციაში არაგეგმური შემოწმება ერთდროულად დაიწყო. სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის პროცესში დალუქული იყო რამდენიმე ორგანიზაციის საწყობები.

ინვენტარიზაცია კარგა ხანია დასრულდა, მაგრამ ინვენტარიზაციის შედეგები შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტს რატომღაც ჯერაც არ წარმოუდგენია. არადა, სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის კანონით განსაზღვრული ყველა ვადა ამოიწურა. ინვენტარიზაციის დასრულება და შედეგების წარდგენა 28 ივნისს უნდა მომხდარიყო, მაგრამ შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტმა ვადა 18 და 27 ივლისამდე გაიხანგრძლივა. თუმცა უკვე ეს ვადებიც ამოიწურა.

რაც შეეხება ფინანსური დოკუმენტაციის აუდიტს, ის "მედიაპალიტრის" ექვსივე სტრუქტურაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს. შემოსავლების სამსახურის 20-ზე მეტი თანამშრომელი "მედიაპალიტრის" კომპანიებში მოვალეობას საკმაოდ კომფორტულ სამუშაო პირობებში ასრულებს. 28 ივლისს, ანუ ხვალ, ფინანსური აუდიტის წარმოებისთვის განკუთვნილი და კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადაც იწურება, მაგრამ სავარაუდოდ შემოსავლების სამსახური ამ ვადებსაც გაიგრძელებს. ამის უფლებას კი მათ კანონი ანიჭებთ.

კანონის შესაბამისად, საგადასახადო უწყებას უფლება აქვს ორჯერ - თითო თვით გადაავადოს ფინანსური აუდიტის ვადები და შემოწმების საერთო ვადა სამ თვემდე გაიხანგრძლივოს, მაგრამ საამისოდ ობიექტური მიზეზი უნდა არსებობდეს. მაგალითად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უნდა წარადგინონ მყარი არგუმენტი, თუ რატომ ვერ მოასწრეს განსაზღვრულ ვადებში წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება.

მას შემდეგ, რაც "მედიაპალიტრაში" შემოსავლების სამსახურმა არაგეგმური შემოწმება დაიწყო, 52-ე დღე იწურება, როდემდე გასტანს "მედიაპალიტრის" ნებისმიერი თანამშრომლისთვის ეს არცთუ სასიამოვნო პროცესი, უცნობია.

რა თქმა უნდა, ჩვენ კომენტარისთვის მივმართეთ შემოსავლების სამსახურის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც "მედიაპალიტრაში" იმყოფებიან და, ბუნებრივია, დავინტერესდით, მოითხოვდნენ თუ არა და რა საბაბით ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმების ვადების გახანგრძლივებას. აღნიშნულთან დაკავშირებით საგადასახადოს მაკონტროლებლებმა განცხადების გაკეთება არ ისურვეს და შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან გვირჩიეს დაკავშირება. ამჟამად აღნიშნულ უწყებაში ჩვენთვის და მკითხველისათვის ყველა საინტერესო კითხვაზე ინფორმაციის შეგროვება მიმდინარეობს და მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

ჩვენი მხრიდან კი მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ხნის განმავლობაში "მედიასახლში" მიმდინარე მოვლენებით ინტერესდება.

(სპეციალურად საიტისთვის)