საფრთხე, რომელსაც მატარებლით მგზავრობა შეიცავს - კვირის პალიტრა

საფრთხე, რომელსაც მატარებლით მგზავრობა შეიცავს

რამდენიმე დღის წინ მცხეთაში სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა და ამოტრიალდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი გაუმართავი ვაგონი რელსებიდან გადავარდა და სხვა ვაგონებიც წაიყოლა. მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ნავთობი დაიღვარა. სიცხის გამო არსებობდა საფრთხე, რომ ნავთობი აალებულიყო. თუმცა სახანძრო ბრიგადებმა საფრთხე დროულად აღკვეთეს. ავარიის გამო არავინ დაშავებულა. რამდენიმე საათით მიმდებარე ტერიტორიაზე საცობი იყო, შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლაც. მატარებლის შემადგენლობაში იყო ქართული, ყაზახური და აზერბაიჯანული ვაგონები.

ცოტა ხნის წინ კასპის რაიონის სოფელ მირიანთან, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატვირთო მატარებელი გადაბრუნდა. რელსებიდან ამოვარდა სატვირთო მატარებლის ორი ვაგონი და გადაყირავდა. ვაგონები ცარიელი იყო. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მატარებელი ფოთიდან აზერბაიჯანში მიდიოდა.

ბოლო დროს ასეთი შემთხვევები საქართველოს რკინიგზაზე გახშირდა. როგორც პარტია "თავისუფალი საქართველოს" რეგიონული მდივანი გია ყრუაშვილი აცხადებს, ამის მიზეზი ის განუკითხაობაა, რომელიც საქართველოს რკინიგზაშია, და მოსახლეობას სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

გია ყრუაშვილი:

- 1986 წლიდან სამგზავრო მატარებლის მემანქანედ ვმუშაობდი. მაქვს პირველი კლასის მართვის მოწმობა და მემანქანედ მუშაობის 12-წლიანი სტაჟი. გარდა ამისა, მაქვს თბომავლის, ელმავლის და ელექტროსექციის მართვის უფლებაც. შესაბამისად, არავის უნდა აეჭვებდეს ის გარემოება, ვარ თუ არა კომპეტენტური ამ საქმეში. შესანიშნავად ვიცი საქართველოს რკინიგზაზე ნებისმიერი ავარიული შემთხვევა რა მიზეზით მოხდა და საზოგადოდ, რა ვითარებაა. გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ელმავალი, რომელიც ემსახურება მოძრავი შემადგენლობის გადაზიდვას ორივე მიმართულებით, ავარიულია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მესამე ავარიაა საქართველოს რკინიგზაზე. ცოტა ხნის წინ მარელისში მთლიანად დაიწვა რკინიგზის სადგური და უფლის წყალობით მსხვერპლი არ მოჰყოლია. რამდენიმე კვირის წინ ქსანში ლიანდაგიდან გადავარდა მატარებელი, მსგავსი შემთხვევა კასპშიც მოხდა, სულ ახლახან კი მცხეთა-ზაჰესის გადასახვევთან ლიანდაგიდან გადავიდა ნავთობით დატვირთული რამდენიმე ვაგონი. წარმოდგენაც კი მზარავს, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, სატვირთო ვაგონები სამგზავრო შემადგენლობას რომ შეხვედროდა. დარწმუნებული ვარ, ირაკლი ეზუგბაიას აწყობს მომხდარში აზერბაიჯანული მხარე დაადანაშაულოს, რადგან სწორედ აზერბაიჯანული ვაგონები გადავარდა. აზერბაიჯანული მხარე ამ ბრალდებას არ მიიღებს, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას ასეთი მცდარი ინფორმაციით ეჭვს გაუქარწყლებენ.

ავარია ვაგონის გაუმართაობის გამო არ მომხდარა. ეს ვაგონები ჯერ ბათუმში, შემდეგ სამტრედიაში, ზესტაფონსა და ხაშურში შეამოწმეს. ვაგონი გახურებული რომ ყოფილიყო, სადგურ მცხეთამდე, გორშიც და კასპშიც დამონტაჟებულია მაჩვენებლები, რომლებიც ხარვეზს შენიშნავდნენ და გადასცემდნენ სადგურის მორიგეს. მცხეთაში შემოსვლამდე ეგ პოსტიც გამოიარა მატარებელმა და მცხეთის სადგურიდან ხუთ კილომეტრში ვაგონი როგორ უნდა დაზიანებულიყო? ავარიის ერთადერთი მიზეზი ლიანდაგია. უწინ, მაღალი ტემპერატურის დროს, ლიანდაგს თითო კილომეტრზე თითო ხელოსანი ემსახურებოდა. დიდი სიცხეების დროს რკინიგზის ლიანდაგმა "გაქცევა" იცის. გაიწია ლიანდაგი და ჩავარდა ვაგონი. შემობრუნდა ის ვაგონი მოსახვევში და ჩაყარა დანარჩენებიც.

- რა უნდა ექნა "საქართველოს რკინიგზას" ამ ვითარებაში, როდესაც მაღალი ტემპერატურაა, პრევენციული ღონისძიებები უნდა გაეტარებინა?

- საბჭოთა პერიოდშიც და მერეც, მცეთიდან ზაჰესამდე ამ გადასასვლელს ოთხი შუქნიშანი ემსახურებოდა. შუქნიშნები ყოველ კილომეტრზე იდგა და გარდა იმისა, რომ გიჩვენებდა თავისუფალია თუ არა გზა, ლიანდაგის "გაქცევაზე", გაფართოებასა თუ  დაზიანებაზეც რეაგირებდა. შუქნიშანი რომ წითელ ფერს განიშნებს, მემანქანე ხედავს, სად არის საფრთხე. ახლა ოთხი შუქნიშნის ნაცვლად ამ გადარბენზე მხოლოდ ერთი  დატოვეს. საზოგადოდ, ელმავლების, ლიანდაგებისა და მოძარვი შემადგენლობის შენახვა-რეაბილიტაციისთვის ყოველწლიურად საქართველოს რკინიგზა შემოსავლის 20%-ს უნდა ხარჯავდეს. ახლა კი რაც ფული შედის რკინიგზაში, რემონტს  არაფერი ხმარდება, ყველაფერი ხელმძღვანელი პირების ჯიბეში მიდის. ჩავიდეთ მოხისში, ხარაგაულში, მარელისში და ვნახოთ, რა მდგომარეობაშია სალიანდაგო გზა. მატარებელი რომ გაივლის, ბაქანზე მყოფი ნებისმიერი მგზავრი შენიშნავს, რომ ლიანდაგი და შპალი სხვადასხვა მხარეს "გარბის". ვაფრთხილებ მოსახლეობას, ლიანდაგიც, მოძრავი შემადგენლობაც, ელმავალიც ავარიულია და მატარებლით მგზავრობა დიდ საფრთხეს შეიცავს.

- თუ ასე მოშლილია სარკინიგზო მაგისტრალი, ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი როგორ დადის?

- ერთი თვის წინ ბათუმისკენ მიმავალი ელმავალი ლოკომოტივითურთ, რომელშიც 14 მილიონი დოლარი გადაიხადეს, მცხეთიდან დააბრუნეს უკან, რადგან ცეცხლი მოეკიდა. ეს ინფორმაცია პრესაში არ ხვდება, რადგან რკინიგზის ინტერესებში არ შედის. ოზურგეთის მატარებელი გადავარდა სადგურ სიფაში და გაიგო ვინმემ? მემანქანე გელა მაზნიაშვილი იყო და გადაამოწმონ ეს ინფორმაცია. უფრო მეტს გეტყვით: მარელისში ცეცხლი რომ გაჩნდა და ვაგონები გადაცვივდა, მატარებელი გაჩერდა ხარაგაულსა და მარელისში, ცეცხლი ეკიდა ყველაფერს. რა თქმა უნდა, მგზავრები ჩამოვიდნენ ოზურგეთის მატარებლიდან და ხარაგაულის სადგურში მივიდნენ, რომ მოლარისთვის ბილეთის საფასური გამოერთმიათ. მატარებელი რომ აღარ აგრძელებს გზას, ფული უნდა დაუბრუნო უკან მგზავრს. სალაროს ამდენი ხალხი რომ მიაწყდა, მოატყუეს, გადის მატარებელიო. აიყვანეს ვაგონში, დაძრეს მატარებელი და შუა ტყეში, მარელისთან ახლოს, ექვსი საათი აყურყუტეს. ამის მიზეზი კი მხოლოდ ის იყო, რომ ბილეთის საფასური არ დაებრუნებინათ.

ეზუგბაიამ და მისმა ახლობლებმა, რომლებიც ამჟამად "საქართველოს რკინიგზაში" ხელმძღვანელ თანამდებობებზე არიან, რკინიგზის რეაბილიტაციის მარტივ და იაფ გზას მიაკვლიეს: ძველ, ჩამოწერილ და გაფუჭებულ ელმავლებს ხსნიდნენ ნაწილებს და აგროვებდნენ საწყობში. შემდეგ გამოაცხადებდნენ ტენდერს, გაამარჯვებინებდნენ თავის ახლობლებს და ვითომ ნაყიდი სათადარიგო ნაწილებით ელმავლების შეკეთებას იწყებდნენ. სინამდვილეში ერთ თეთრს არ ხარჯავდნენ. შევიდეთ სალოკომოტივო დეპოში და ვნახოთ, რამდენი ელმავალია ჩამოწერილი, რადგან ძველი ნაწილებით აწყობილი მალე ფუჭდება.

სრული განუკითხაობაა რკინიგზაში. სამუშაოები მხოლოდ ფურცელზე სრულდება და რეალურად კი არაფერი კეთდება. ელმავალი შემოწმებისას 24 პუნქტს უნდა აკმაყოფილებდეს და მხოლოდ ამის შემდეგ არის დასაშვები მისი ექსპლუატაციაში გაშვება, ახლანდელი მოძრავი შემადგენლობა კი ერთსაც არ აკმაყოფილბს".

 (სპეციალურად საიტისთვის)