საქართველო საზღვრებს გარეშე
06-08-2011
უკვე წლებია, საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე სოფელ ბურმაში სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ ირღვევა. ამის გამო ადგილობრივი მოსახლეების სამი სახლი სასაზღვრო ზოლში მოექცა. მოსახლეობა ამბობს, რომ მალე სახლში შესასვლელად, ნებართვა დასჭირდებათ.

სოფელი სადახლო სასმელი წყლით სოფელ ბურმიდან მარაგდება, ახლა კი მილები სომხეთის მხარეს მოექცა. არადა, სოფელ ბურმის მოსახლეობის დიდი ნაწილი აზერბაიჯანელია. ხალხი უკვე სოფლების დაცლაზეც ლაპარაკობს. სომხური მხარე აქაურებს მათ მხარეს გადასულ პირუტყვს აღარ უბრუნებს ან გამოსასყიდად დიდ თანხას ითხოვს.

რთული ვითარებაა საზღვრისპირა
სოფელ ახკერპშიც, რომელიც სომხებით არის დასახლებული, მაგრამ სომხური მხარისთვის ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ხალხს გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება, ყველა ნაბიჯზე ფრთხილობენ, რადგან ეშინიათ, "საზღვარი" არ დაარღვიონ. ზამთარში ტყეში ვერ შედიან, რომ შეშა მოიმარაგონ, ყველგან შეიარაღებული მესაზღვრეები დგანან. "საზღვრის" დარღვევისთვის ჯარიმად 5.000 ლარის გადახდას სთხოვენ.

მამუკა
არეშიძე,
ექსპერტი კავკასიის საკითხებში:
- დიდი ხანია ამ პრობლემას ვიცნობ. ვითარება წლებია არ შეცვლილა, როგორც უცნობი იყო საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებისა და სომხებისთვის რას აკეთებს ხელისუფლება, ასევე უცნობია ახლაც. ხალხმა არ იცის, რატომ იცვლება საზღვარი, რადგან ხელისუფლებისგან აბსოლუტურად იგნორირებულია. საქმე იქამდე მივიდა, რომ ეს კინაღამ კონფლიქტში გადაიზარდა.

რუკას თუ დავხედავთ, ეს არის ადგილი, რომელიც სოლივით არის შეჭრილი სომხეთის ტერიტორიაზე. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, სომხეთის მხარეს გადაწყვეტილი აქვს, ჩამოჭრას ეს სოლი და ამაში საქართველოს ხელისუფლებაც ეხმარება. აქ წლებია ხალხს სტაცებენ საქონელს, აკავებენ მოსახლეობას, რომელმაც ხეირიანად არც იცის, სად გადის საზღვარი. სომეხი პოლიციელი ან მესაზღვრე რომ აზერბაიჯანელ გლეხს დაიჭერს, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტიდან გამომდინარე კიდევ გასაგებია, მაგრამ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს როგორ მოექცევა, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს. იყო ადამიანების გატაცების ფაქტებიც. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, სომეხი მესაზღვრეები სახლებში უცვივდებოდნენ მოსახლეობას და საზღვრის დარღვევისთვის აკავებდნენ. მეტსაც გეტყვით, ერთხელ მათ ქართველი მესაზღვრეებიც ახლდნენ.

საძოვრები და სახნავ-სათესი მიწები, რომლებიც აქაურებს საბჭოთა პერიოდში ჰქონდათ, ახლა სომხეთის ტერიტორიაა. მთავარი ის კი არ არის, საზღვარი როგორ იცვლება, არამედ ის, რომ ხალხს არაფერს განუმარტავენ. ერთი მაგალითს მოვიყვან: ნინოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთის მხარეს, არის სომხური სოფელი ბავრა და სომხეთის ტერიტორიაზეა. ამ სოფლის სახნავ-სათესი მიწები საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა და ერთ დღესაც ქართველმა მესაზღვრეებმაც არ შეუშვეს ადგილობრივები თავიანთ სავარგულებში. ატყდა ერთი ამბავი. სხვათა შორის, ამის გამო სოფელ ბავრაში ერევნიდან ჩავიდა სომხეთის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი და ხალხი დაამშვიდა, აუხსნა, რომ საზღვარი სწორედ იქ უნდა გადიოდეს, სადაც არის და რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი ხელისუფლება ნაბიჯებს დგამს ისე, რომ მოსახლეობას არაფერს აგებინებს. ეს არის ხელისუფლების პოზიცია და ტენდენცია დაბალ სახელისუფლებო რგოლებში. პრეზიდენტს ხომ ვერ მოვთხოვთ, ყველა ოჯახში მივიდეს და განმარტოს, რატომ იცვლება საზღვარი, მაგრამ ადგილობრივ ხელისუფლებას ხომ შეუძლია ამის გაკეთება? არა მხოლოდ იქაურმა გლეხებმა, არამედ მარნეულსა და
თბილისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამის გამო ბევრჯერ მიმართეს შესაბამის უწყებებს, მაგრამ პასუხს ვერ ეღირსნენ. პასუხის გაცემა არ ისურვა არც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც მუშაობს საზღვრის დემარკაციის კომისია. დაინტერესებული პირები პასუხს ვერ ეღირსნენ ვერც მესაზღვრეთა ხელმძღვანელი პირებისგან და ვერც სამხარეო ადმინისტრაციისგან.

KvirisPalitra.Ge
საქართველო-სომხეთის საზღვრის ეს მონაკვეთი, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ და სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, ძალიან საფრთხილო და სახიფათოა. ვიღაცას ყარაბაღის კონფლიქტის სავარაუდო განახლების ფონზე, სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების გაჩაღება სურს საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოიდგინეთ, იქამდე რომ მივიდეს საქმე, ვიღაც დაიღუპოს, აზერბაიჯანელი გლეხები მიუცვივდებიან სომხებს, ოღონდ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებთ და ეგ არის კონფლიქტი, სხვა კი არაფერი. არ ვამბობ, რომ აუცილებლად ასე მოხდება, მაგრამ ვხედავ, რომ საქმე აქეთ მიდის.

არაერთი სიუჟეტი და პუბლიკაცია გაკეთებულა ამ თემაზე. საკმაოდ ვრცელი კვლევა აქვს ევროკავშირს, მაგრამ ამ ყველაფერს შედეგი არ მოჰყოლია. მაგალითად, ამ სოფლებიდან არცთუ ისე შორს არის სოფელი თექალო, რომელიც საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გეოგრაფიული ცენტრია. თექალოში სამ თვეში ერთხელ სომხურ-აზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა იმართება. თექალო გარკვეულწილად სამშვიდობო პროცესის ადგილია. როგორც წესი, ყველა სხდომის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა ერევნიდან და ბაქოდან ჩასულ პოლიტოლოგებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აჩვენებს, ნელ-ნელა როგორ მიიწევს საზღვარი ქვეყნის შიგნით. მე არ ვიცი, რამდენად ბუნებრივია ეს პროცესი, შესაძლოა გაიცვალა ტერიტორიები. ბევრი ასეთი მაგალითი ვიცით. გახსოვთ, ალბათ, ძლივს დავადგინე, რა ხდებოდა დავითგარეჯში, როდესაც ჩიჩხიტური და ბერთუბანი საბჭოთა რუკებით აზერბაიჯანის მხარეს იყო აღნიშული. სოფელ ერისიმედის ამბავი კი დღემდე ჰაერშია გამოკიდებული.

მთავარია, ხალხმა იცოდეს, რა გააკეთა და რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება. შეიძლება ხელისუფლებისა და საზოგადოების კონსოლიდაცია, რათა ერთად გამოასწორონ ვითარება.

(სპეციალურად საიტისთვის)
იხილეთ ვიდეო:
marina
07 აგვისტო 2011 13:41
ნოდარ რახან არეშიძის აზრები არ მოგწონთ, თუმცა მე პატივს ვცემ ამ ადამიანს მხოლოდ იმის გამო, რომ მუშაობს და ცდილობს რაღაც გააკეთოს, იქნებ გაქვთ იმის ბერკეტები მთავრობამ გადადგას ქმედითი ნაბიჯი და ბოლოსდაბოლოს დადგინდეს საქართველოს საზღვრები. სულელურ ხიდებში, ქანდაკებებში და ესტრადის ვარსკვლავების კონცერტებში კი არ უნდა ყრიდეს მთავრობა ჩვენს ფულს , არამედ ზუსტად ასეთ საჭირბოროტო და სასწრაფოდ გადასაწყვეტ საქმეში. ეს ხომ ცხადია, რომ საქართველოს საზყვრები დაუცველია!
tamazi
06 აგვისტო 2011 20:12
არეშიძის ბრძნული აზრები ძალიან მონატრებია ემა ტუხიაშვილს...
nodari
06 აგვისტო 2011 18:49
გტხოვტ მოცეროტ როგორ დავუკავსჰირდე კვირს პალიტრის რედაქციას ინტერნეტის მესჰვეობიტ, რადგან ვცხოვრობ ევროპასჰი,,,

რედაქტორის რჩევით