ერმა "თვითმკურნალობას" უნდა მიმართოს - კვირის პალიტრა

ერმა "თვითმკურნალობას" უნდა მიმართოს

გასულ სამშაბათს ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთ დიდ ქართველს გამოეთხოვა - დიდუბის პანთეონში აკადემიკოსი, ფსიქოლოგი შოთა ნადირაშვილი დაკრძალეს.

"კიდევ ერთი" კი არა, შეიძლება ითქვას, რომ ბატონი შოთა "უკანასკნელი მოჰიკანი" იყო ქართველ მეცნიერთა და მოღვაწეთა იმ დიდი პლეადისა, რომლის არარსებობასაც, სამწუხაროდ, მომავალში უფრო მწვავედ ვიგრძნობთ...

"კვირის პალიტრის" არქივში მოვიძიეთ ინტერვიუ შოთა ნადირაშვილთან, რომელიც 10 წლის წინ გამოქვეყნდა და მისი ხსოვნის პატივისცემაც ჩვენი საიტის მკითხველებისათვის ამ ინტერვიუს გაცნობით გადავწყვიტეთ - კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში პრობლემები თითქმის არ იცვლება, ხოლო დიდი ადამიანის აზრებს არასოდეს გასდის ყავლი...

ერის "ავადმყოფობის" მკურნალი "ექიმი" თუ უნიჭოა, ერმა "თვითმკურნალობას" უნდა მიმართოს

ჩვენს მკითხველს უკვე რამდენჯერმე შევთავაზეთ ინტერვიუები, რომელთა რესპონდენტები გახლდნენ მეცნიერები, საზოგადო თუ რელიგიური მოღვაწეები, ხოლო საუბრის მთავარი თემა კი - იდეოლოგია, უფრო ზუსტად, ეროვნული იდეოლოგია იყო. ცხადია, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რუბრიკის სათაურიც - "გზა ხსნისა", უპრიანი უნდა იყოს ყველა აღნიშნული პუბლიკაციისთვის (მკითხველის სულს რომ დიდად ეხმიანება თუნდაც ასეთი დატვირთული, სენტენციებით გაჯერებული და დაყურადებით წასაკითხი გვერდი, ეს რედაქციისადმი მოწერილი წერილებიდანაც ჩანს).

და კიდევ ერთი: ყველა რესპონდენტთან საუბარს იმ კითხვით ვიწყებდით, - არის თუ არა საჭირო ზოგადად იდეოლოგია და კონკრეტულად - ეროვნული იდეოლოგია, ხომ არ არის ეს ანაქრონიზმი თანამედროვე პირობებში?!

სწორედ ეს იყო ჩვენი პირველი კითხვა დღევანდელი რესპონდენტის მიმართაც - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, აკადემიკოს შოთა ნადირაშვილს ისიც ვთხოვეთ, რომ ეს საჭირბოროტო და თავსატეხი საკითხი სწორედ ფსიქოლოგიური კუთხით გაეშუქებინა.

- ჯერ იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ სულაც არ არის ნონსენსი ასეთი ცნება - ერის ფსიქოლოგია, ერის ფსიქიკა. ფსიქიკა სულიერი არსების მახასიათებელია, მაგალითად, ადამიანისა. და, აქედან გამომდინარე, თუ ვამტკიცებ, რომ ერსაც აქვს ფსიქიკა, ხასიათი, გონი, დადებითი და უარყოფითი თვისებები, ე.ი. ერიც სულიერი არსებაა!

ალბათ ბევრი შემეკამათება - ე.წ. "ინტერნაციონალისტები", "გლობალისტები" და ა.შ., მაგრამ ვეცდები, ლოგიკურად მივიდეთ აღნიშნულ დასკვნამდე: ფიზიკური არსება მხოლოდ გარემოებებზეა დამოკიდებული, ანუ დეტერმინირებულია. მას "საკუთარი ინიციატივით" არაფრის შეცვლა არ ძალუძს. ადამიანს კი - სულიერ არსებას, არა მხოლოდ აწმყოში ცხოვრების და წარსულის ხსოვნის თვისება აქვს, არამედ მომავლის ამოცანის, გეგმის დასახვაც შეუძლია. დამეთანხმებით, რომ ეს ერსაც ახასიათებს, მას აქვს ცნობიერება! ცნობიერება კი ისეთ არსებას აქვს, რომელიც აყალიბებს სისტემას, თუ რა უნდა გააკეთოს გარკვეული ხნის განმავლობაში - თუ ეს არა აქვს, ე.ი. აღარ ცოცხლობს არც ერი და არც ადამიანი, ის, უბრალოდ, სულდგმულობს.

ერთი სიტყვით - ერი არის სულიერი არსება, ინდივიდი, ყველასგან განსხვავებული, რომელსაც სჭირდება გეგმა თავისი შემდგომი განვითარებისათვის. სწორედ ეს "გეგმა" არის იდეოლოგია და თუ იგი სხვებისაგან გამორჩეულია (და ასეც უნდა იყოს), ეს უკვე ეროვნული იდეოლოგიაა.

- ე.ი. თქვენ იმ აზრსაც ეთანხმებით, რომ თუ ერს "მთავარი ადამიანური თვისებები" - სულიერება და ინდივიდუალიზმი აქვს, მაშინ ისევე, როგორც ადამიანები, ერებიც უნდა იყვნენ ჯანსაღი და ავადმყოფი, ნიჭიერი და უტვინო, ბოროტი და კეთილი, ამაყი და საწყალი...

- უდავოდ! უფრო მეტიც - კანიბალი ერებიც არსებობენ, ისევე როგორც კანიბალი ადამიანები! ყველა იმპერიული ერი, რომელიც სხვა ერების ასიმილაციას ახდენდა, ანუ მათ "ჭამდა", კანიბალი ერია! თუმცა კანიბალი განვითარების რაღაც ეტაპზე ხვდება, რომ ასეთ "მაძღრობას" სჯობს "გშიოდეს" და კანიბალი არ გერქვას. ინგლისი, მაგალითად, ასი წლის წინ მიხვდა ამას და თავის ყოფილ "მსხვერპლებთან" თანამშრომლობაზე გადავიდა. საფრანგეთი თუ პორტუგალიაც მივიდნენ განვითარების იმ ეტაპზე, რომ კანიბალიზმი შესაძლოა "ჯანმრთელობისთვის საზიანო" იყოს... რუსეთი ჯერ კიდევ არ მისულა განვითარების ამ დონემდე და ა.შ.

მთავარი ის არის, რომ როგორც "ცუდი" და "კარგი" ადამიანების თანაცხოვრებით იქმნება საზოგადოება, ასევე სხვადასხვა და სხვადასხვანაირი ერების თანამშრომლობით იქმნება და ვითარდება კაცობრიობა. ამიტომ ბუნებრივია, რომ როგორც ადამიანთა ურთიერთობაში შეიძლება იყოს მტყუანი და მართალი, უდანაშაულო და დამნაშავე, ასევეა ერებს შორის თანაცხოვრებაშიც და სიყალბეა იმის მტკიცება, რომ მთელი ერი არ შეიძლება იყოს ასეთი ან ისეთი, მტყუანი ან დამნაშავე.

ურთიერთობები კი აუცილებელია - ცნობილი ზღაპრის პერსონაჟი, მაუგლი, წლების შემდეგ უბრუნდება ადამიანებს და მათი საზოგადოების წევრი ხდება, მაგრამ ამიტომაც არის ეს ზღაპარი. სოციალურ ფსიქოლოგიაში 15-მდე ასეთი შემთხვევაა ცნობილი  და არც ერთხელ არ მომხდარა, რომ ადამიანი, რომელიც თუნდაც ხუთ წლამდე ცხოველთა შორის იზრდებოდა, საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გამხდარიყოს. ასეა ერიც, ის ვეღარ გახდება კაცობრიობის წევრი, თუ იქ თავისი ინდივიდუალიზმი, თავისი განსაკუთრებული კულტურული "წილი" არ შეიტანა.

ერი არ არის "ადამიანების, პიროვნებების უბრალო გაერთიანება", რადგან პიროვნება უკვე ის არის, ვის ჩამოყალიბებაშიც ეროვნულმა ნიშანმა გადამწყვეტი როლი ითამაშა და ის სხვა ერს ვეღარ შექმნის.

- ამერიკა?..

- ეს განსაკუთრებული შემთხვევაა; თუმცა ამ ხალხმა სახელმწიფოსა და საზოგადოების ჩამოყალიბების ძალზე ორიგინალური "საყრდენი წერტილი" "გამოიგონა": თავისი ერების უარმყოფელი, თავისი ერისგან ნებით გაქცეული თუ მის მიერ განდევნილი, ან იქ დაჩაგრული სრულიად სხვადასხვა ხალხი შორეულ კონტინენტზე წავიდა და შექმნა ისეთი საზოგადოება, სადაც მთავარი ღირებულება ინდივიდის, მისი უფლებების დაცვა გახდა - ჯერ კიდევ ასი წლის წინ ყველა ამერიკელს რევოლვერი ედო ბალიშის ქვეშ, იგი პირადად იცავდა თავის თავს. მას უკვე ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი, რომ ჰქონდა "უფლება", მაგრამ... სრულიად თავისუფალი იყო "მოვალეობისაგან". ეს გახდა "თავისუფლების ამერიკული გაგების" ქვაკუთხედი!

აღმოსავლური კულტურა პირიქით - მოვალეობებს ეფუძნებოდა. ადამიანი არ იყო უბრალოდ ადამიანი: ის იყო მჭედელი, ჯარისკაცი, ქმარი, მოსამართლე და ა.შ. და მას უფლება კი არ ჰქონდა, ევალებოდა, დაეცვა ოჯახი, ერი, ქვეყანა, რელიგია... ცხადია, ეს ორივე უკიდურესობაა.

თავისუფლება უფლებებისა და მოვლენების გონივრული გაწონასწორებაა და ერიც და პიროვნებაც, ასევე მათ შორის ურთიერთობა, ამის საფუძველზე უნდა ყალიბდებოდეს.

სწორედ ასეთი "ოქროს შუალედი" იყო ევროპა და მათ შორის საქართველოც - ზოგადად "ევროქრისტიანული სივრცე". ამიტომაც იყო, რომ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ჩვენში (ევროპაში) დიდ კაცად ის ითვლებოდა, ვინც შეგნებულად დადებდა თავს საერთო საქმისათვის, მაშინ როდესაც აღმოსავლეთში ასეთად ფანატიკოს თვითმკვლელს მიიჩნევდნენ, ხოლო ამერიკაში კი მას, ვინც სხვაზე მეტი ფული იშოვა საკუთარი(!) კეთილდღეობისათვის, ან სხვაზე მეტი კაცი მოკლა თავდაცვის მიზნით.

ჩვენ უნდა ვცდილობდეთ, რომ თავისუფლების სწორი თუ არასწორი, მაგრამ რაც მთავარია, - ჩვენეული გაგება შევინარჩუნოთ: უფლება, შერწყმული მოვალეობასთან სხვა ადამიანებისა და მთლიანად ერის მიმართ!

- ბატონო შოთა, მოდით, უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ: ვართ თუ არა ჩვენ დამოუკიდებელი, თავისუფალი ერი?

- კარგი კითხვაა, რადგან... არსებით შეცდომას შეიცავს და მასზე საუბრით დავიწყოთ: დამოუკიდებლობა და თავისუფლება ერთი და იგივე არ არის. დამოუკიდებლობა მხოლოდ პირველი ნაბიჯია თავისუფლებისაკენ, მას საქართველომ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მიაღწია, მაგრამ შემდეგ ჩვენმა ერმა, სახელმწიფომ - ახლანდელი ხელისუფლების სახით, სამწუხაროდ, გეზი არ აიღო თავისუფლებისაკენ.

დამოუკიდებლობა უძნელესი პროცესია. ეს ცნობილია ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიაში - შიში დამოუკიდებლობისადმი. ჩვენს ხელისუფლებას სწორედ ეს შიში სჭირს: ხან "ძველ პატრონთან" დაბრუნებას ცდილობს, ხან "ახალ პატრონს" ეძებს, ხანაც "დამოუკიდებლად ფუსფუსებს" - ვითომ საქმეს აკეთებს... ამით თანდათან გვაცილებს თავისუფლებას. არადა, დღეს საფრთხე სწორედ ჩვენს თავისუფლებას ემუქრება და არა დამოუკიდებლობას, რომელიც თავისუფლების გარეშე დიდი ვერაფერი ღირებულებაა.

- ხელისუფლებას საყვედურობთ. თუმცა ამბობენ, როგორიც ხალხია, ისეთი ხელისუფლებაც ჰყავსო.

- ეგ არის, მაპატიეთ და - სისულელე, ხელისუფალთა მიერ თავის გასამართლებლად მოგონილი "ლოგიკა". რეალურად კი სწორედაც პირიქით გახლავთ - როგორიც არის ხელისუფლება, ისეთად აქცევს ხალხს!

სწორედ ხელისუფლებაა დამნაშავე, რომ ჩვენ არ გვაქვს ეროვნული მრეწველობა, ეროვნული სოფლის მეურნეობა, ეროვნული განათლება, ეროვნული კულტურა... ამიტომ გვიწოდებენ "განვითარებად ქვეყანას", "ქვეყანას, რომელიც სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდა", "მესამე კატეგორიის ქვეყანას" და ა.შ. ერი სრულყოფილი ხდება, როდესაც იგი "ეროვნულ სახელმწიფოებრიობას" აყალიბებს, ჩვენი ხელისუფლება კი ამას არ აკეთებს!

- მაშ რას აკეთებს?

- რაღაცების გავლენით, არაეროვნულობა "შემოვიდა მოდაში"! გაიხსენეთ ცინიკური, ნიჰილისტური გამონათქვამები: "პროვინციული ფაშიზმი", "ეროვნულ-დამანგრეველი მოძრაობა", "დაბალი ღირებულება"... ეროვნულობამ დაკარგა (ან დააკარგვინეს) ფასი. ერთ ფაქტს მოგიყვანთ: ჩვენ ყოველთვის ვატარებდით გამოკითხვებს და როდესაც ღირებულებებს ვალაგებინებდით (ასეთი 21 ღირებულება იყო), ჯერ კიდევ 25 წლის წინ (კომუნისტების დროს!) თავისუფლებას, ეროვნულ კულტურას, ეროვნულობას, პირველი ადგილები ეკავა და მხოლოდ მერე მოდიოდა ჯანმრთელობაც, ოჯახიც, ფულიც... ახლა, დაახლოებით ორი წლის წინ, ჩავატარეთ იგივე გამოკითხვა და მე-17, მე-18, მე-19 ადგილზე (21-დან!) გადაინაცვლა ეროვნულობამ, დამოუკიდებლობამ, კულტურამ... პირველ-მეორე-მესამეზე ახლა არის ოჯახი, მეგობრები და პიროვნული მოთხოვნილებები... ეს გადაგვარება, ეს არაეროვნული ორიენტაცია არის ხელისუფლების "დამსახურება".

- "ოჯახი", "მეგობრები", "პიროვნული მოთხოვნილება" თავისთავად ცუდი არ უნდა იყოს...

- მხოლოდ ერთი შეხედვით! რას გულისხმობს ოჯახზე ზრუნვა, მეგობრების პატივისცემა და პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება დღევანდელ პირობებში?! - მატერიალური ღირებულებების მოპოვებას და ე.ი. კორუფციას!

კორუფციას დღეს უდიდესი სოციალურ-ფსიქოლოგიური საფუძველი აქვს! თქვენ გინდათ რომ დასჯით მოსპოთ კორუფცია? - არ გამოვა. უნდა შეიქმნას ღირებულებები, რასაც ემსახურება კაცი, რაც მისთვის სასახლის აშენებაზე უმნიშვნელო არ იქნება. მე არასოდეს მყვარებია სტალინი, მაგრამ მის ნიჭიერებას ვერავინ უარყოფს: "სამამულო" დაარქვა ომს, ამით რუსეთს მისცა იდეა, რისთვისაც თავს გაწირავდა, მან მიუთითა, რომ რუსული კულტურისთვის, თავისი მამულისა და ოჯახისთვის უნდა ებრძოლა!

აქ კი რა ხდება? რას მეუბნება ხელისუფლება? - "არ მოიპარო იმიტომ, რომ დაგიჭერ!" ეს არასოდეს ჭრიდა. გაიხსენეთ სცენა დიკენსის "დავით კოპერფილდიდან": ხდება ქურდების "საჩვენებელი" დასჯა. ხალხი სახრჩობელებს მისჩერებია. ამით სარგებლობენ სხვა ქურდები და მათ ჯიბეებს უცარიელებენ. დასჯა საჭიროა, მაგრამ არა სხვის დასაშინებლად, არამედ იმიტომ, რომ დასასჯელმა მიუღებელი, არასწორი საქციელი ჩაიდინა და საკადრისი უნდა მიეზღოს. ვინმეს დასჯას ხალხი  სიმართლის აღსრულებად უნდა აღიქვამდეს და არა გაფრთხილებად და ჭკუის სწავლებად, რადგან მისთვის "ჭკუის სწავლა" უკვე უფრო ფრთხილად მოპარვას ნიშნავს.

- ე.ი. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა...

- კორუფციის წინააღმდეგ ასეთი ბრძოლა განწირულია დასამარცხებლად... მაგალითად, განა შიდსი მოისპობა იმით, რომ შევკრიბოთ ყველა შიდსიანი და დავხვრიტოთ?! სადღაც ხომ მაინც იბოგინებს ბაცილა, რომელიც ახალ მილიონებს დააავადებს.

მოხსნი? დაიჭერ? ახალი მოვა, რომლისთვისაც უპირველესი ღირებულება ისევ და ისევ საკუთარი თავი და ოჯახია, რომელსაც "რჩენა" უნდა, რაც თავისთავად საჭიროა, მაგრამ ამას გააკეთებს მისთვის "მეჩვიდმეტე-მეოცე ადგილზე" მყოფი ეროვნულობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ხარჯზე.

წეღან ვთქვი, როგორიც ხელისუფლებაა, ისეთი ხდება ხალხი-მეთქი. სამწუხაროა, მაგრამ ქართველებს ჩამოგვიყალიბდა კანონისადმი უარყოფითი დამოკიდებულება, ხალხი კანონს აღიქვამს, როგორც მის "დამსჯელს" და არა "დამცველს". ნებისმიერ "უბრალო", "პატიოსან" მოქალაქეს, რომელიც აღშფოთებულია კორუმპირებული მინისტრით, თვითონ პოლიციასთან ან სასამართლოსთან ურთიერთობისას ჯიბისკენ მიაქვს ხელი. მას აღარც იმედი აქვს და აღარც უნდა სიმართლისათვის ბრძოლა, ურჩევნია ფული გადაიხადოს. ვინც ქრთამს იძლევა, ის მის აღებასაც არ ითაკილებს, თუ მისცეს. ამიტომ ისიც რომ დანიშნო მინისტრად, კორუმპირებული გახდება. ე.ი. პიროვნებები კი არა, ურთიერთობებია კორუმპირებული, რასაც ისევ და ისევ ხელისუფლება არ, ან ვერ უშლის ხელს. უფრო მეტიც - შესაძლოა ხელსაც უწყობდეს.

- ძალიან ცუდად ყოფილა საქმე...

- სხვათა შორის, აშკარად შეიმჩნევა ჭეშმარიტი ღირებულებებიდან ერთ-ერთის - რელიგიისაკენ შემობრუნება. მართალია, ბევრისთვის ეს მხოლოდ "გარე მანიპულაციები" - პირჯვრის გამოსახვა და სანთლების დანთებაა, მაგრამ ეს მაინც დიდ იმედს მაძლევს, რადგან საქართველოში რელიგია ყოველთვის იყო ეროვნულობის შემადგენელი ნაწილი.

- როგორ ფიქრობთ, რას აპირებს ჩვენი ხელისუფლება, საით მივყავართ?

- სწორედ ეგ არის ყველაზე უარესი, რომ არაფერსაც არ აპირებს. მას არა აქვს ის "გეგმა", "მიზნები", რომელზეც დასაწყისში ვისაუბრეთ და აქედან გამომდინარე, ის არაეროვნული ხელისუფლებაა. თვით "ეროვნულ" პარტიებშიც ასეა: ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა და რამდენიმე ათეული პარტიიდან ორიოდემ "იცოდა", რას გააკეთებდა ორი-სამი თვის შემდეგ. დანარჩენების პასუხი ასეთი იყო: "ვნახოთ, რა მოხდება და ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ"(?!)

დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შორის არსებული დიდი განსხვავების არცოდნამ მიიყვანა ხელისუფლება აქამდე. შეიძლება ჩემი პრეზიდენტის, ჩემი პარლამენტის, ჩემი მთავრობის ცხოვრების მიზანი საკუთარი ოჯახისა და მეგობრების წრეს ვერ სცილდებოდეს?! სამწუხაროდ, დღეს ეს ასეა!

- ბატონო შოთა, ე.ი. თქვენ ამტკიცებთ, რომ თუნდაც პატრიოტიზმის დეფიციტი, ან ეროვნულობისადმი "საერთო-სახალხო ნიჰილიზმი" ხელისუფლების "დამსახურებაა".

- რა თქმა უნდა! წეღან ხელისუფლებას "არაეროვნული" ვუწოდე. მეტი უნდა მეთქვა - არაეროვნული კი არა, ანტიეროვნულია, ე.ი. ეროვნულობის წინააღმდეგ მოღვაწე, თუნდაც თავისი უმოქმედობით. გაიხსენეთ, როგორ მიდიოდა თავიდან ახალგაზრდობა აფხაზეთის ომში - ისინი ეროვნულ ღირებულებას იცავდნენ. ამერიკელი ჯარისკაცი ყოველთვის, საუკუნეების მანძილზე ხელფასს იღებდა, რადგან მისთვის ფული იყო "ეროვნული ღირებულება", ახლა?! ჯარში აღარ მიდის ქართველი ახალგაზრდა და არა მხოლოდ ცუდი პირობების გამო, არამედ იმიტომ, რომ აღარ "ახსოვს", რომ ქვეყანას, ტრადიციას, კულტურას, ერს(!) დაცვა სჭირდება. დაავიწყეს! ხელისუფლებამ დაავიწყა და ამიტომაც არის ის ანტიეროვნული. "ეროვნული" ხალხი მათ ხელს უშლით!

- ისტორიაში ხომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც არაეროვნული მთავრობის გაფუჭებული საქმე თვითონ ერს გამოუსწორებია?

- ჩვენ კატასტროფის წინაშე ვდგავართ და რაც თქვენ თქვით, ალბათ ერთადერთი გამოსავალია. ის, რომ ვიღაცამ ეროვნული მრეწველობის აღორძინება გადაწყვიტა, თუნდაც, იმავდროულად, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით, ამის ერთ-ერთი მაგალითია. მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი ამერიკული ან ზოგადად უცხოური შევიძულოთ. პირიქით - არც იმის მომხრე ვარ, რომ თუნდაც სექსისა და ძალადობის ჩვენება ავკრძალოთ ეკრანზე, რაზეც ამდენს დაობენ, მაგრამ ეს ყველაფერი ისე უნდა მივაწოდოთ მაყურებელს, ხალხს, რომ ჩანდეს დამოკიდებულება ამის მიმართ - ეს არის ძალადობა და ეს ცუდია, ეს არის გაუკუღმართებული სექსი და ეს ანომალიაა. თორემ აკრძალვით მის არსებობას ვერ დამალავ და "აკრძალული ხილივით" უფრო "დატკბება". დღეს კი ამას ან უკომენტაროდ გვაწდიან, ან აგიტაციის სახით.

- ბატონო შოთა, მოდით, ბოლოს ასეთი დასკვნა გავაკეთოთ: რა ავადმყოფობა გვჭირს და იქნებ "რეცეპტიც გამოწეროთ"...

- ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ ერს, ადამიანისა არ იყოს, ფსიქიკა, ხასიათი, დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს. ზოგი ერი შრომისმოყვარეა, ზოგი - კანიბალი, ზოგი ფუქსავატი, ზოგი ნიჭიერი, ზოგი ხარბი და ა.შ. ეს სულაც არ არის ნაციზმი ან ნაციონალიზმი - ამაზე შესაძლოა სხვა დროს ვისაუბროთ.

ქართველი უდავოდ ნიჭიერია, თუმცა ზარმაციც. უფრო ზუსტად - გაზარმაცებული, რადგან ერისთვის ჩამოყალიბებისთანავე არავის "დაუკანონებია", იყოს ნიჭიერი, ბეჯითი, ლამაზი, მახინჯი, ზარმაცი და ა.შ. ისევე, როგორც ადამიანი, ერიც შეიძლება გაზარმაცდეს, როდესაც ხედავს, რომ მის "შრომას" აზრი არა აქვს. ერის "ავადმყოფობის" "მკურნალი" მისი ხელისუფლება უნდა იყოს, მაგრამ თუ ეს "ექიმი" უნიჭო ან არაკვალიფიციურია, "თვითმკურნალობას" უნდა მიმართოს.

არსებობს დამოკიდებულება ბრბოსა და ბელადს შორის. თანდათან იგი ვითარდება და მასისა და ლიდერის ურთიერთობად იქცევა, ბოლოს ყალიბდება ერისა და პიროვნების ურთიერთდამოკიდებულება. დღეს ჩვენ ერი აღარ ვართ. სამწუხაროა, მაგრამ რაღაც შუალედი ვართ ბრბოსა და მასას შორის. ამიტომაც პიროვნებები კი არ გვხელმძღვანელობენ, არამედ ლიდერებად ჯერვერქცეული ბელადები.

წამალიც ეს არის - ჩვენ კვლავ ერად უნდა ვიქცეთ და ერს პიროვნებებმა უნდა უხელმძღვანელონ. ამაში მთავარი როლი, ვფიქრობ, ინტელიგენციამ და პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა ითამაშონ, მაგრამ არა ისეთებმა, წეღან რომ ვახსენეთ - მათ ზუსტად უნდა იცოდნენ, რა სჭირდება ერს და როგორ მიაღწიონ ამას.

- დიდი მადლობა ინტერვიუსათვის. ბოლოს, მხოლოდ ერთი კითხვა, რომელიც თქვენთან საუბრის შემდეგ გამიჩნდა: პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას ხომ არ აპირებთ?

- მე სახალხო ფრონტის აქტიური წევრი ვიყავი და მეცნიერებას დავუბრუნდი, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და ჩავთვალე, რომ საქმე გაკეთებული იყო. სამწუხაროდ, როგორც აღვნიშნე, ეს საკმარისი არ ყოფილა თავისუფლებისათვის. გარკვეულწილად, დამნაშავედაც ვგრძნობ თავს. რადგან მკითხეთ, გეტყვით: პირველად თქვენს გაზეთს ვუცხადებ, რომ სერიოზულად ვფიქრობ პოლიტიკაში დაბრუნებას.

ზვიად გურული

"კვირის პალიტრა", 2001 წლის 1 ოქტომბერი