სეისმოლოგები არამდგრად შენობებში ყოფნას არ გვირჩევენ
19-08-2011
18 აგვისტოს მიწისძვრამ ამბროლაურის რაიონის სოფელ ჟოშხაში ექვსი სახლი დააზიანა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის დავით გაგოშიძის თქმით, ეს სახლები მეწყრულ ზონაში მდებარეობდა და დაზიანებული იყო, მიწისძვრამ კი უფრო დააზიანა. ამბროლაურის რაიონის სხვა სოფლებში, ასევე ონისა და ცაგერის რაიონებში, მიწისძვრას დაზიანება არ მოჰყოლია.
 
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ამბროლაურიდან დასავლეთით 13 კილომეტრში, სოფელ ჭრებალოსთან იყო და სიმძლავრემ 5,5 მაგნიტუდა შეადგინა. სეისმოლოგების ინფორმაციით, რაჭაში დაფიქსირებულ მიწისძვრას ავარიული და ნაკლებად მდგრადი
შენობების დანგრევა შეეძლო. როგორც სეისმური მონიტორინგის ცენტრის სეისმოლოგი თეა გოდოლაძე აცხადებს, მიწისძვრით გამოწვეული ე. წ. ავთერშოკები შესაძლოა განმეორდეს. მ
ისივე თქმით, მოსახლეობა მოსალოდნელი ბიძგების შესახებ ინფორმირებულია. სეისმოლოგები მოსახლეობას არამდგრად შენობებში ყოფნას არ ურჩევენ.

- ქალბატონო თეა, რა არის მიწისძვრა?
- მიწისძვრა დედამიწაში ქანებში დაგროვილი ენერგიის უცაბედი გამოთავისუფლებაა. ის ერთ–ერთი ყველაზე საშიში და შემაძრწუნებელი ბუნებრივი მოვლენაა. როცა მიწაზე ვდგავართ, შეიძლება გვეგონოს, რომ ნიადაგი მკვრივი და მტკიცეა, თუმცა მიწისძვრას ამ ილუზიის დამსხვრევა წამიერად შეუძლია. მსხვერპლის რაოდენობითა და დამანგრეველი მოქმედებით, მიწისძვრა  ყველა სხვა ბუნებრივ კატასტროფას აღემატება. საქართველო სეისმურად აქტიური ზონაა. ამიტომაც მიწისძვრა შეიძლება ნებისმიერ ადგილსა და კუთხეში მოხდეს, მაგრამ მაღალი ამპლიტუდით არ ხასიათდება. ამ ეტაპზე სეისმურად აქტიური ზონაა ჯავახეთის რეგიონი, ონი და ზემო იმერეთი, საჩხერის რაიონი.

- რამდენად შესაძლებელია მიწისძვრის თავიდან აცილება?
- ეს ადამიანის ძალას აღემატება, მაგრამ მსხვერპლისა და ზარალის შემცირება სეისმური საშიშროების ობიექტური შეფასების, მშენებლობის სწორი ნორმებისა და სეისმური დაცვის სხვა სპეციალური ღონისძიებების საფუძველზე ნამდვილად შესაძლებელია. სეისმური საშიშროების (სეისმური დარაიონების) რუკა გვიჩვენებს სეისმური საშიშროების ზოგად სურათს ქვეყნის მთელი ტერიტორიისათვის.

სეისმური საშიშროების რუკებზე გამოყოფილია ზონები, სადაც მიწისძვრის განსხვავებული ეფექტია მოსალოდნელი. თავად მიწისძვრის მიერ დედამიწის ზედაპირზე გამოწვეული ეფექტი შეიძლება სხვადასხვა პარამეტრით შეფასდეს, მათგან ყველაზე გავრცელებულია ე.წ. მაკროსეისმური ინტენსივობა, ანუ როგორც მას უფრო ხშირად მოიხსენიებენ, ბალები.

- რა გახდა ბოლო დროს საქართველოში მიწისძვრების გახშირების მიზეზი?
- არ არის ასე. ზემოთ ჩამოთვლილ რაიონებში სუსტი მიწისძვრები მუდმივად ხდება, მაგრამ მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. უბრალოდ, ბოლო დროს მოსახლეობა უფრო მეტად ინფორმირებულია. სეისმოლოგიურ ცენტრს ახალი აპარატურა აქვს, აქტიურ ქსელებს ვარეგისტრირებთ და საზოგადოებას ნებისმიერ სიახლეს ონლაინრეჟიმში ვაწვდით. თბილისის მოსახლეობამ გუშინდელი მცირე ბიძგები ვერც გაიგო, გავრცელებული ინფორმაცია რომ არა, შესაძლოა ვერც გაეგო.
ეს არის ბუნებრივი მოვლენა, რომელიც ყოველთვის მიმდინარეობდა. ასეთ რეგიონში ვცხოვრობთ და უნდა შევეჩვიოთ...
 
მერაბ გაფრინდაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
- გეოლოგიური პროცესების ჩასახვა-გააქტიურების თვალსაზრისით მსოფლიოში რთულ რეგიონებში შემავალ ქვეყნებს შორის საქართველოც არის. აქ არსებული მგრძნობიარე გეოლოგიური გარემო, ამგები ქანები სტიქიური უბედურების კერას ქმნის. გარდა ამისა, ბოლო 20 წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში სეისმური აქტივობა (მიწისძვრები) შეინიშნება და კიდევ ერთი მიზეზი, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში გახშირებული წყალდიდობა, ღვარცოფი და მეწყერი გამოიწვია, გლობალური დათბობაა. თუმცა, გარემოში ადამიანის უხეში ჩარევაც არ უნდა გამოგვრჩეს, რაც ბოლო დროს საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობის არასწორად წარმართვით გამოიხატება.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით