მაყვალა ქასრაშვილი კვლავ თბილისში იმღერებს
24-08-2011
მსოფლიოში აღიარებული ქართველი პრიმადონა, მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, რუსეთის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი მაყვალა ქასრაშვილი 70 წლის იუბილეზე პირველად იმღერებს ეთერის პარტიას ზაქარია ფალიაშვილის უკვდავ ოპერაში ”აბესალომ და ეთერი”.

მომღერალი საქართველოში იყო და ექსკლუზიურ ინტერვიუზე უარი არ გვითხრა:

- ქალბატონო მაყვალა, როგორ დაიწყო ყველაფერი, როგორ შეძლო პროვინციიდან ჩამოსულმა გოგონამ მსოფლიო საოპერო ხელოვნების მეგავარსკვლავი გამხდარიყო?

- ალბათ, ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება
ნიჭი, კარგს რასაც ხედავს, აღიქვას და შეითვისოს, ანუ სურს, განვითარდეს. ბედზეც ბევრია დამოკიდებული. ამ მხრივ რომ მივუდგეთ ჩემს ცხოვრებას, ნამდვილად იყო ბევრი შემთხვევა, როცა სწორედ იმ გარემოებაში ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. პატარაობისას ჭკვიანმა ხალხმა მომისმინა და მირჩია, ამ პროფესიას გავყოლოდი.

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში
შესანიშნავი პედაგოგის, ვერა დავიდოვას კლასში მოვხვდი. მოგვიანებით კი შემთხვევის წყალობით მოსკოვის დიდ თეატრში აღმოვჩნდი. უდიდეს მუსიკოსებთან, დირიჟორებსა და რეჟისორებთან მომიხდა მუშაობა და, რა თქმა უნდა, ამან განაპირობა ჩემი წინსვლა. ასევე სურვილმა, მაღალი პროფესიონალიზმისთვის მიმეღწია. საამისოდ აუცილებელია ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომა, და კმაყოფილი არასოდეს უნდა იყო მიღწეულით.
ბანალური სიტყვებია, მაგრამ სიმართლეა - ეს არის წარმატების საწინდარი.

- არიან მომღერლები, რომლებიც თავდაპირველად დიდ წარმატებას აღწევენ, მაგრამ შემდეგ აღარც ჩანან. პროფესიონალები ამბობენ, რომ თქვენ გინესის წიგნში ხართ შესატანი, რადგან 40 წლის განმავლობაში უწყვეტად ასრულებთ ”ტოსკას” პარტიას. ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა. როგორ უნდა დარჩეს მომღერალი მუდმივად ზენიტში?

- მთელი სიცოცხლე პროფესიას უნდა მიუძღვნას. მუდამ ძიებაში უნდა იყოს და ოსტატობის ამაღლებისთვის ზრუნავდეს. ყველას უნდა მოუსმინო, მუსიკოსებს, კარგ მომღერლებს. მე ყველას აზრს ვისმენდი, ვითვალისწინებდი და ვოკალურ ოსტატობას ვსრულყოფდი. როდესაც თავად დავიწყე ახალგაზრდა მომღერლებისთვის კონსულტაციების მიცემა, უკეთ დავინახე, რა ნაკლოვანებები მქონდა, რომელიც უნდა აღმომეფხვრა და ამით ბევრი ახალი რამ შევიძინე. პროფესიისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას, ყოველდღიურ ძიებას, მუშაობას მოაქვს წარმატება.

- დიდი ხანია მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ხართ. ამბობენ, რომ უცვლელიც. სხვა ხელმძღვანელებისგან განსხვავებით, როგორ ახერხებთ ყველას მიმართ ლოიალური დამოკიდებულება გქონდეთ?

- კოლეგების არასოდეს შემშურებია, ამას მოკლებული ვარ. ჩემი შური აღფრთოვანებაა სხვისი კარგი ხელოვნებით. შური რომ მქონოდა, შეიძლება ამას ებიძგა და კიდევ უფრო მეტი მეფიქრა ჩემს სპეციალობაზე და მეტი მემუშავა.

ბევრი საოპერო მომღერალია საქართველოშიც და რუსეთშიც, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. 35 წლის განმავლობაში, როდესაც თეატრში მხოლოდ სოლისტად ვმუშაობდი, საოპერო დასის არაერთი სამხატვრო ხელმძღვანელი გამოვიცვალეთ, ვიცი, ყველა მათგანი როგორი იყო. მათ შორის ერთადერთია ჩემთვის მისაბაძი -  ეს იყო ანატოლი ორფიონოვი. მან მომისმინა თბილისში და მოსკოვის დიდ თეატრში მიმიწვია. ყველასთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა საოპერო მომღერლებს ეხმარებოდა.

KvirisPalitra.Geიყვნენ ხელმძღვანელები რომლებიც ყველას ზემოდან დაჰყურებდნენ, უხეშად ექცეოდნენ და ასე შემდეგ... მეთერთმეტე წელია უკვე ხელმძღვანელი ვარ და ხმა არასოდეს ამიმაღლებია ჩემი თეატრის სოლისტთან.  თუ რჩევა მიმიცია, ისიც კორექტულად. რასაკვირველია, ჩემით ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ საერთოდ საოპერო დასში ძალიან კარგი მდგომარეობაა. ადრე იყო შემთხვევები, როდესაც უკმაყოფილო სოლისტი წერილს სწერდა პარტკომს და კიდევ სხვა პარტიულ ინსტანციას. ახლა სხვა დროა, მაგრამ ყველას აქვს საშუალება ხელმძღვანელზე უკმაყოფილება გამოთქვას. საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, მქონია მხოლოდ თბილი და მეგობრული დამოკიდებულება ჩემს კოლეგებთან.    

სამუდამოდ ამ თანამდებობაზე არ ვიქნები და ხალხი, რომელიც თეატრში დარჩება, კარგად უნდა მიგონებდეს, უკან ცუდი სიტყვები არ უნდა გამომაყოლონ.  ამაზე ყველა ხელმძღვანელმა უნდა იფიქროს.

- სამწუხაროდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დაძაბულია.  არადა, ადრე ხუმრობდნენ, მოსკოვის დიდ თეატრში ქართველების მაფია არისო.

- ქართველები ახლაც არიან. მაგალითად, შესანიშნავი ბალეტის პრემიერი ნიკოლოზ ცისკარიძე, ტენორი ბადრი მაისურაძე, ზურაბ სოტკილავა დღესაც გამოდის დიდი თეატრის სცენაზე, მეც ვმღერი... ამ რთულ მდგომარეობას თეატრში და ჩვენ მიმართ დამოკიდებულებაში არაფერი შეუცვლია. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისთვის აგვისტოს ომის დღეები უმძიმესი იყო. დღესაც რომ დაძაბულობაა, ესეც ძალიან მტკივნეულია. პირადად მე არ მომწონს რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ხდება. ასევე ფიქრობს ყველა ქართველი, ვინც აქ ცხოვრობს და შორს არის საქართველოსგან, რა თქმა უნდა, ფიზიკურად. სხვა მხრივ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ საქართველოსთან, თავად ხშირად ჩამოვდივარ, განსაკუთრებით კი ბოლო დროს.  

- საქართველოში აშენდა საოპერო თეატრები, დაიდგა ახლებურად ”ქეთო და კოტე”. თქვენი შეფასებით რამდენად სწორად მივდივართ ამ მხრივ?


- ძალიან მიხარია, საქართველოში იმ დროს რომ მოვხვდი, როცა ბათუმში ”ქეთო და კოტეს” პრემიერა გაიმართა. ნიკა მემანიშვილმა არაჩვეულებრივად გაუკეთა არანჟირება ამ შესანიშნავ მუსიკას და მიუზიკლის ჟანრში გადაიტანა.

ეს მნიშველოვანი მოვლენაა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. სპექტაკლში რომ ამდენი  ვარსკვლავი იყო დაკავებული, უდავოდ ბევრს ნიშნავდა:  ესტრადის მომღერალი სოფო ნიჟარაძე, ნანი ბრეგვაძე, ნინო ანანიაშვილი, ლადო ათანელი, პაატა ბურჭულაძე, ეკა კახიანი, სუხიშვილები... შესანიშნავი იყო დავით დოიაშვილის რეჟისურა. კიდევაც ვთქვი, ეს სპექტაკლი ბროდვეის სცენას დაამშვენებდა-მეთქი.  ცხადია, თბილისის საოპერო სცენაზეც აუცილებლად იქნება როგორც ოპერა ”ქეთო და კოტე”. საოცრად ულამაზესი მელოდიები შესანიშნავად გადადის მიუზიკლის მუსიკალურ ენაზე. ძალიან ლამაზად ჟღერს იმ გაფორმებასა და გაორკესტრებაში, რაც ნიკა მემანიშვილმა შემოგვთავაზა. ყველა შემსრულებელი უმაღლეს დონეზე ასრულებდა თავის როლს და ჩვეს დროში, როცა ახალგაზრდობა შორდება საოპერო ხელოვნებას, მათთვის ძალიან საინტერესო იქნება. კარგია კლასიკური მუსიკის  პოპულარიზაცია რომ ხდება.

- როგორც ვიცი, ეთერის პარტია ”აბესალომ და ეთერიდან” თქვენთვის ჯერ კიდევ ოცნებაა.  როდის გიხილავთ საქართველოს საოპერო თეატრის სცენაზე?


- ეთერის პარტია?.. არ მინდოდა ამ საიდუმლოს გამჟღავნება. მომავალ სეზონზე, გაზაფხულზე სწორედ ეთერის პარტიით წარვდგები ქართველი მსმენელის წინაშე.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)
MIRIANI
06 ივლისი 2012 15:35
რას ნიშნავს "მე არ მომწონს რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ხდება". არ შეიძლება ასე, რბილად რომ ვთქვათ...
niko
25 აგვისტო 2011 23:10
"ქეთო და კოტეში" იმღეროს.

რედაქტორის რჩევით