დიდი რელიგიური განხეთქილება?!
27-08-2011
აგვისტოს დასაწყისში, აზერბაიჯანის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა საინგილოდან, კახის რაიონიდან  წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვარი მამა ბასილი გამოაძევეს. ამ ფაქტს "ლეიბორისტულმა პარტიამ" საგანგებო პრესკონფერენცია მიუძღვნა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა ჯიბლაძემ განაცხადა, რომ მამა ბასილი ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიების სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა, როცა ტაძრიდან გამოაძევეს, მორჩილები კი ხარაჩოებიდან ჩამოყარეს.  "ლეიბორისტულმა პარტიამ" აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ  ალიევს მოუწოდა დაინტერესდეს საინგილოში ქართველების შევიწროების ფაქტებით  და პირად კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული საკითხი.

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი მელქისედეკი მამა ბასილზე
ზეწოლასა და მოძღვრის ჰერეთიდან გამოძევების ფაქტს უარყოფს.  მისი განმარტებით, პატრიარქის კურთხევით მამა ბასილი  თბილისში გადმოიყვანეს, კახში კი, მამათა მონასტერმა დაიწყო ფუნქციონირება და ბერი დემეტრე გაიგზავნა საქართველოდან. არადა, 6 მაისს კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში  მეუფე მელქისედეკმა თავად აღავლინა წირვა-ლოცვა, სადაც  მეუფემ  დააფიქსირა, რომ საინგილოში სერიოზული პრობლემებია.
ქადაგების დროს მეუფემ განაცხადა, რომ რაც საინგილოში ხდება, ძალიან ცუდია: "მრევლი შემცირებულია. მე ძმობა ცალმხრივი არ ვიცი. მოვუწოდებ ქართულ მხარეს, საქართველოს ხელისუფლებას, რომ აქ მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც წინააღმდეგობის მიუხედავად ინარჩუნებენ ქართულ ტრადიციებს, კულტურას, ენას და სარწმუნოებას, ყურადღება მიაქციოსო".

ამ ეტაპზე მეუფის მიერ გაკეთებული კომენტარიდან ჩანს, რომ ქართული ეკლესია კონფლიქტს და მწვავე განცხადებების გაკეთებას მოერიდა, რადგან ამ ამბავს წინ ექსპერტების განმარტებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ძალზე წინდაუხედავი ნაბიჯი უძღოდა.

აზერბაიჯანის მხრიდან  ასეთი ქცევა მოსალოდნელი იყო, რადგან გაზაფხულზე საქართველოს ხელისუფლებისგან გადადგმულმა ნაბიჯმა,  სრულიად აზერბაიჯანელი საზოგადოება შეურაცხყო. ამ ამბავს აქტიურად განიხილავს აზერბაიჯანული პრესა, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საპასუხოდ უკვე სერიოზული ნაბიჯები გადადგა და საქმე იქითკენ მიდის, რომ მალე საინგილოში ვერც ერთი ქართველი სულიერი მოძღვარი ვეღარ გაჭაჭანდება. საქმე ის  არის, რომ გაზაფხულზე საქართველოს ხელისუფლებამ "სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო" შექმნა. რამდენად პრადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, დამაარსებლები სახელმწიფო მოხელეები და საერო პირები არიან, მაგალითად, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი აზერ სულეიმანოვი და ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე ჰუსეინ იუსუბოვი. სამმართველოს ხელმძღვანელად  ვაგიფ აკპეროვი დაინიშნა. "სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს" შექმნის მიზეზად მუსლიმანი საზოგადოების საქმიანობისა და მეჩეთების გაკონტროლება დასახელდა.

სამმართველოს შექმნამ დიდი მღელვარება გამოიწვია კავკასიელ მუსლიმანთა სამყაროში. ბაქოში კი სასწრაფოდ მოიწვიეს კავკასიელ ხალხთა უმაღლესი რელიგიური საბჭოს სხდომა. ღონისძიებაში საქართველოსა და დაღესტანში "კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს" წარმომადგენლები და კავკასიის ყველა მუფთი მონაწილეობდნენ. კავკასიის ხალხთა უმაღლესმა რელიგიურმა საბჭომ "სრულიად საქართველოს სამმართველოს" შექმნა დაგმო.

ახალშექმნილ სამმართველოს არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი აქვს, თუმცა ბაქოში დარწმუნებული არიან, რომ მისი შექმნა საქართველოს ხელისუფლების ინიცირებულია. სამმართველოს შექმნას ძალზე სარისკო და შეურაცხმყოფელი ნაბიჯები მოჰყვა: "კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს"" წარმომადგენელი საქართველოში ალი ალიევი აიძულეს თბილისის მეჩეთიდან აბარგებულიყო.


"კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს" თავმჯდომარემ, გაჯი ალაჰ შუქურ ფაშა-ზადემ აზერბაიჯანულ პრესაში ძალზე მკაცრი განცხადება გააკეთა და "საქართველოს მუსლიმანების სამმართველოს" შექმნას სომხური პროექტი უწოდა: "ეს პროექტი ამ ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმანების აზერბაიჯანიდან მოწყვეტას ისახავს მიზნად, ხოლო "სამმართველოს" შექმნის უკან "დიდი სომხეთის" იდეა იმალება. ეს მაშინ დაიწყო, როდესაც ქართველებმა ხუთჯვრიანი დროშა შემოიღეს. მათ ერთხელაც მოუწევთ პასუხისგება საკუთარი ხალხის წინაშე".

ამ მცირე ციტატიდანაც კარგად ჩანს, რომ აზერბაიჯანელთა სულიერი ლიდერი შეურაცხყოფილია. თუ აზერბაიჯანულ პრესას გადავხედავთ, ცხადი გახდება ისიც, რომ შეურაცხყოფილია აზერბაიჯანელი საზოგადოება.

აზერბაიჯანის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარე არაზ ალი-ზადემ მიხეილ სააკაშვილი სუნიტებსა და შიიტებს შორის შუღლის გაღვივების მცდელობაშიც კი დაადანაშაულა: "ეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიზანმიმართული პოლიტიკაა. იმ ფაქტორის მოშველიებით, რომ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა უმეტესობა სუნიტია, ხოლო "კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს" ხელმძღვანელი გაჯი ალაჰ შუქურ ფაშა-ზადე - შიიტი, საქართველოს ხელისუფლებას შიიტებსა და სუნიტებს შორის განხეთქილება და "კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს" ავტორიტეტის შესუსტება სურს. აზერბაიჯანმა ამ საკითხზე თავისი პოზიცია მკვეთრად უნდა გამოხატოს და საქართველოს თავისი ადგილისაკენ მიუთითოს. სწორედ, "კავკასიის მუსლიმთა სამმართველოა" საერთაშორისო დონეზე აღიარებული ის ორგანიზაცია, რომელიც დადებით როლს ასრულებს კავკასიის ისლამური სამყაროს ერთიანობის შენარჩუნებაში. ახლა კი სუნიტებად და შიიტებად მისი დაშლის ცდა კავკასიას, მათ შორის - აზერბაიჯანს რელიგიური ომის საფრთხის წინაშე დააყენებს. დარწმუნებული ვარ, კავკასიაში სუნიტებსა და შიიტებს შორის ანტაგონისტური განწყობილება, ისევე როგორც შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფებების შექმნა, საუდის არაბეთიდან ფინანსდება. საინტერესოა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და საუდის არაბეთის მიზნები ერთმანეთს ემთხვევა. რატომ? იმიტომ, რომ ორივე აშშ-ის მითითებით მოქმედებს. კავკასიაში სუნიტურ-შიიტური დაპირისპირების გაღვივება სწორედ ის სცენარია, რომელიც ერაყში დაიდგა. იქიდან ამერიკის ჯარი გავიდა, მაგრამ სუნიტები და შიიტები ერთმანეთს ხოცავენ. ეს ძალიან საშიშია. ერაყის შიიტებს თითქოსდა ირანი, სუნიტებს კი საუდის არაბეთი ეხმარებიან. დასავლეთში შემდეგი პრინციპით მოქმედებენ: დახოცეთ ერთმანეთი, ოღონდ ჩვენ ვიყოთ მშვიდად".

"სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს" შექმნას აზერბაიჯანში უკვე მოჰყვა პასუხი - აზერბაიჯანელებმა სასწრაფოდ შექმნეს ალბანური ეპარქია(?!).

KvirisPalitra.Geმამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში:
- გაჯი ალაჰ ფაშა-ზადე შიიტების ლიდერია. მართალია, ჩრდილო კავკასიაში მას, როგორც სულიერ ლიდერს, არ აღიარებდნენ, მაგრამ  დიდ პატივს სცემენ და მის აზრს ითვალისწინებენ. ის სამხრეთკავკასიელი მუსლიმანების ლიდერია, სამხრეთკავკასიელი მუსლიმანების უმრავლესობას კი აზერბაიჯანელები შეადგენენ. საქართველოში მცხოვრები სხვა რელიგიური ჯგუფები, როგორებიც არიან აჭარელი მუსლიმანები, ქისტები, ავარიელები და სხვები, ნომინალურად იყვნენ დამოკიდებული შუქურ-ზადეზე. ისინი მას არ ექვემდებარებოდნენ, მაგრამ ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდათ  მისადმი. გაჯი ალაჰ ფაშა-ზადეს, როგორც კავკასიის მუსლიმანების სამმართველოს თავმჯდომარეს, დიდი გავლენა ჰქონდა ორ (საქართველო და აზერბაიჯანი) ქვეყანაში და როგორც აზერბაიჯანელ მუსლიმანთა ლიდერს, პასიური გავლენის ბერკეტებიც ჰქონდა ირანის აზერბაიჯანელებზე. მხარს უჭერდა ილია II-ს და თვლიდა, რომ ჩვენი პატრიარქია ამიერკავკასიის ქრისტიანთა ლიდერი. ამის გამო ბაქო-სტავროპოლის ეპისკოპოსი შეზღუდული იყო და კავკასიაში  ბევრად უფრო მეტი ავტორიტეტი ჰქონდა ქართულ ეკლესიას.

- "სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს" შექმნამ დიდი მღელვარება გამოიწვია. აზერბაიჯანული პრესა ძალზე უარყოფით და მტრულ ნაბიჯად აფასებს ამ საქციელს, უკმაყოფილებას გამოთქვამენ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და ხელისუფლების მიერ დანიშნული ახუნდის  იურისდიქციას არ ცნობენ.


- ამგვარი ორგანიზაციის შექმნა თავისთავად არ არის ცუდი იდეა, მაგრამ სხვა საკითხია იდეის განხორციელება როგორ მოხდა. ჯერ კიდევ გასულ წელს  ჩემთან ჩამოსული იყვნენ აჭარის თემის წარმომადგენლები, რომლებსაც სურდათ საქართველოში  ასეთი ტიპის ორგანიზაციის შექმნა. ეტყობა "სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს" შექმნის იდეა საქართველოს ხელისუფლებაში ვიღაცას მოეწონა, მაგრამ არასწორად გაიგო და ამ გზით გადაწყვიტა მუსლიმანური სივრცის გაკონტროლება, მაგრამ ეს გაკეთდა ძალიან უხეშად და დილეტანტურად. შიიტებისა და სუნიტების ერთ სამმართველოში ყოფნა ნონსენსია. ისლამს და, საზოგადოდ, რელიგიას, არ უყვარს, როდესაც სახელმწიფო აქტიურად ერევა მის საქმეებში. ეს სამმართველო საერო პირებმა დააარსეს, ხოლო ახუნდი ამათ დანიშნეს. არ გაითვალისწინეს ხალხის ნება და მცირე თემების ინტერესები. ისლამში უდიდესი მნიშვნელობა აქვს დათათბირებას ულემებთან (სწავლულებთან, მცოდნე ხალხთან), ჩვენმა ხელისუფლებამ კი სამმართველო ზემოდან ხელოვნურად შექმნა და  ყველა საქართველოში მცხოვრები მუსლიმანი დაავალდებულა, გაწევრებულიყო.

- ჩანს, სამმართველოს შექმნა დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული. უკვე არის მუსლიმან მოსახლეობაში განხეთქილების ნიშნები.

- ჩვენი ტრაგედია ის არის, რომ ვერ მოვახერხეთ ადგილობრივი აზერბაიჯანელებისაგან სრულფასოვანი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყალიბება. უმრავლესობისთვის  უმთავრესია ის, რაც ხდება ბაქოში და არა ის, რაც ხდება თბილისში. როგორც კი გაჯი ალაჰ შუქურ ფაშა-ზადემ სამმართველოს შექმნის ამბავი  გაიგო, თავი ძალზე შეურაცხყოფილად იგრძნო. მით უმეტეს, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ახუნდი (მისი წარმომადგენელი თბილისში) აიძულეს მეჩეთიდან აბარგებულიყო. გაჯი ალაჰ ფაშა-ზადემ საქართველოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი სომხურ პროექტად შეაფასა და ამით შეურაცხყო საქართველოს ხელისუფლება.

ეს იმას ნიშნავს, რომ წინ გვაქვს დიდი დაპირისპირება, აზერბაიჯანსა და  საქართველოს შორის დაძაბულობის კიდევ ერთი კერა  გაჩნდა.

ჩვენი ხელისუფლება ერთი უკიდურესობიდან მეორეში ხშირად ვარდება. ჯერ იყო და, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სომხური ეკლესიის გული მოეგო, მერე კი ლამის მტრად მოიკიდა აზერბაიჯანელთა სულიერი ლიდერი. საბოლოოდ არც სომხური ეკლესია დარჩა კმაყოფილი და აზერბაიჯანთანაც ურთიერთობა დაიძაბა. ყველა ნაწყენია, ჩვენ კი ვერაფერი მოვიგეთ. შეუმოწმებელი ინფორმაციით, ახალი ახუნდი 11 წელი იხდიდა სასჯელს არცთუ მსუბუქი დანაშაუ¬ლისთვის. ბუნებრივია, რელიგიური ლიდერისთვის ეს  დიდი ნაკლია. ამიტომ მუსლიმანთა უმეტესობა არ ცნობს ახალ ახუნდს.

- საქართველომ ოდესმე ხომ უნდა გააკონტროლოს საკუთარ ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმანების ყოფა. ხომ არ შეიძლება საქართველოს მოქალაქე მუსლიმანების მართვა ბაქოდან, ირანიდან ან თურქეთიდან?

- საქმე არც ისე იოლადაა, როგორც გვგონია. ისლამში სხვადასხვა მიმდინარეობაა, ამიტომაც არის საჭირო ზუსტად გათვლილი პოლიტიკა, რათა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები არ წავკიდოთ ერთმანეთს და ამით ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ დავაზარალოთ. მუსლიმანისთვის ქრისტიანი გზააბნეული ცხვარია, შიიტისათვის სუნიტი (და პირიქით) - მოღალატე ერეტიკოსი. ახალი სამმართველოს ჩამოყალიბებამ დააპირისპირა აჭარის მუსლიმანური თემიც. ხელისუფლების ზეწოლის გამო აჭარის მუსლიმანური თემის ნაწილი იძულებული გახდა, მხარი დაეჭირა სამმართველოს შექმნისთვის, ნაწილი კი დღესაც არ უჭერს მხარს.

ყველა რელიგიის მიმდევარი  სულიერ მოძღვარს თავად ირჩევს. აქ კი ადგნენ და ახუნდი დანიშნეს მოუთათბირებლად და არჩევის გარეშე! ეს დაახლოებით იგივეა, ხელისუფლებამ ერთ მშვენიერ დღეს პატრიარქი სინოდის გადაწყვეტილების გარეშე დაგვინიშნოს.

ბუნებრივია, ამან ძალიან არია ვითარება. საქართველოში რელიგიური ორგანიზაციების საფარვლით სხვადასხვა სპეცსამსახური მუშაობს და ამას უფრო ჰუმანიტარულ-რელიგიური საქმიანობის ელფერი აქვს. ახლა ჩვენი მეზობელი მუსლიმანები ისარგებლებენ და საქართ¬ველოში  დასაყრდენის ძებნას დაიწყებენ. ჩვენ მათი გამნეიტრალებელი კავკასიელი მუსლიმანების სამმართველოს თავმჯდომარე, გაჯი ალაჰ შუქურ-ზადეს სახით  გვყავდა. შიიტი იყო თუ სუნიტი, ანგარიშს უწევდნენ და ცდილობდნენ აქტიურნი არ ყოფილიყვნენ სამხრეთ კავკასიაში. ახლა, როცა ის მტრად მოიკიდეს, ვითარება ძალიან აირევა.

- მუსლიმანები კორუფციაზეც ლაპარაკობენ. თურმე მექაში წასვლა ყველა მორწმუნეს არ შეუძლია და თითოეულ ქვეყანას სპეციალური კვოტები აქვს გამოყოფილი. კვოტები კი, როგორც მითხრეს, არაოფიციალურად 5.000 დოლარად იყიდება. აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ ფულის ტომარაშიც მოუნდა ხელის ჩაყოფა.

- ვიცი, რომ დაღესტნიდან საგანგებოდ ჩამოდიოდნენ მორწმუნეები, რომლებიც ცდილობდნენ აქაურ მორწმუნეთა თემთან ერთად გაეკეთებინათ კვოტები. ცხადია, ამ საქმეს კორუფციული სქემაც ახლავს. ვიღაცას საქართველოს ხელისუფლებაში ცალკე მუსლიმანებისა და ცალკე კორუფციული სქემების გაკონტროლება მოუნდა, მაგრამ ამას ვერ Mმოახერხებს, რადგან უფრო გაფანტულ, იატაკქვეშეთში წასულ და გასაკონტროლებლად ძალზე რთულ ძალას მივიღებთ. ცხადია, გაჯი ალაჰ შუქურ-ზადე შეურაცხყოფილია, შეურაცხყოფილია იქაური ხელისუფლება და სასწრაფოდ შეიქმნა ეგრეთ წოდებული ალბანური ეპარქია - პასუხი ამ ყველაფერზე. ცხადია, ალბანურ ეპარქიას დაუპირისპირებენ ქართულ ეკლესიას და ერთ მშვენიერ დღეს ორ ეკლესიაში დარჩენილ ქართველ მღვდელმთავრებსაც გამოუშვებენ იქიდან. სხვათა შორის, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიამ ეპარქიის შექმნამდე  გამოსცა ბუკლეტი, სადაც ნათქვამია, რომ აზერბაიჯანში არსებული ქრისტიანული ძეგლები ალბანური კულტურის ძეგლებია. ამას აზერბაიჯანის ხელისუფლება  არ იმჩნევდა, მაგრამ ცხადია, ყველაფერი მისი მხარდაჭერით კეთდებოდა. თავის დროზე ჩვენ ამაზე გააზრებული და მეცნიერულად დასაბუთებული რეაგირება არ მოვახდინეთ, ახლა კი სულ გავაფუჭეთ საქმე.

შეიძლება ისეთი ამბები ატყდეს, კოშმარშიც რომ არ დაგვესიზმრება. მუსლიმანურ თემებს შორის დაპირისპირება უკვე აშკარაა. საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდება, ძალისმიერი მეთოდებით გააკონტროლოს სიტუაცია, რაც დიდ აგრესიას გამოიწვევს. მუსლიმანურ სამყაროსთან და საერთოდ, რელიგიასთან ასე შეურაცხმყოფლად მოქცევა არ შეიძლება.

ჩვენ დავუკავშირდით ახალდანიშნულ ახუნდს ვაგიფ აკპეროვს, რომელმაც განაცხადა, რომ ახლა რამადანია და ამ დროს ასეთ თემებზე მიუღებელია საუბარი.

(სპეციალურად საიტისთვის)
dera
29 აგვისტო 2011 10:19
სამწუხაროდ ჯოხი ჩვენს ინგილო ძმებზ ეგადატყდება! ამ მუსლიმთა სამმართველოს შექმნა ვის გონებაში დაიბადა რა საჭირო იყო? აგერ კონტრარგუმენტად შეგიქმნეს ალბამური ეკლესია. საჯდომით ფიქრობს ეს ხალხი ვინც სამმართველო შექმნა თუ ტვინით?
koba
27 აგვისტო 2011 23:43
რა აზრი აქ ამ სტატიების წერას,  ნეტა ჯავახეთს რო წაგვართმევენ კიდე ძმებს დაუძახებთ მაშინაც?გასაგებია რო აზერებიც მაიმუნობენ რაღაცეებს საინგილოში მარა ფაქტია რო ქართველსა და აზებაიჯანელს შორის ბევრად უკეთესი დამოკიდებულებაა ვიდრე ქართველსა და სომეხს შორის
guro
27 აგვისტო 2011 19:51
რა თქმა უნდა ამის უკან სომხური ლობი იმალება... როგორც ყოველტვის ცჰვენი მტავრობაც სომხეტის ინტერესების გამტარებელი არის...... იმის ფონზე რომ ყარაბაგის კიდევ ერტი ომი არ არის გმაორცხული და აზერბაიჯანიც არ უარყოფს,რომ ტუ დასცჰირდა დზალიტ დაიბრუნებს ტერიტორიას.. სომხები დაფრტხნენ..მატ არ სცჰირდებატ საქარტველო და აზერბაიჯანი კარგ ურტიერტობასჰი იყვნენე არა მარტო მტავრობის დონეზე არამედ ხალხს სჰორისაც რაც უფრო დიდ მხარდამცჰერას და დასაყრდენს მოუტანს ხალხსჰი.. და ამტ აზერბაიჯანსა და საქარტველოს სჰორის ყველაზე წმინდა ერიგიური საკიტხის გამოყენება გადაწყვიტეს..

რედაქტორის რჩევით