"მამა, მადლობა, რომ გადამარჩინე" - კვირის პალიტრა

"მამა, მადლობა, რომ გადამარჩინე"

"მამა, მადლობა, რომ გადამარჩინე" - ამბობს 6 წლის ლუკა და მამისკენ აპარებს თვალს, ზურა ყელში გაჩრილ ბურთს ყლაპავს და აცრემლებულ ცოლს მიმართავს, კარგი რა, ქეთი, პირველად ხომ არ ვყვებით ამ ამბავს...

სვანიძის 11

დღეს აქ ცარიელი ადგილია, აღარც ის სახლი დგას, სადაც მუშკუდიანები ცხოვრობდნენ, აღარც მეზობლების... ირგვლივ ყველაფერი მოსუფთავებულია, ნასახლარების კვალიც არსად ეტყობა აქაურობას...

არადა, 2015 წლის 13 ივნისის საღამოს ჯერ კიდევ ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, მცხოვრებლები თბილისურ სიცხეს ეზოში ებრძოდნენ, ბავშვები იქვე თამაშობდნენ... იღრუბლებოდა, ალბათ ზოგიერთი მათგანი წვიმასაც ნატრობდა დასიცხული ქალაქის გასაგრილებლად...

უკვე ბინდდებოდა ძლიერი წვიმა რომ დაიწყო... ქალაქის ქუჩები დაიტბორა, თუმცა შექმნილი ვითარება უცხო არავისთვის იყო, განსაკუთრებული საფრთხის განცდა არავის ჰქონია... წვიმა სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა... და გვიან ღამით ვერეს ხეობაში სიკვდილი მოვარდა...

ხეობაში ერთბაშად რამდენიმე ადგილას ჩამოწვა მეწყერი. ხე-ტყის ნაშალი ჩაიხერგა გვირაბებში და კალაპოტიდან გადმოვარდნილმა ვერემ ირგვლივ ყველაფერი წალეკა. წყლის ნაკადმა გაანადგურა სახლები, მანქანები, ცხოველები და რაც ყველაზე სავალალოა, ადამიანთა სიცოცხლე.

სტიქიამ 21 ადამიანი შეიწირა. საუბედუროდ, ორი ახალგაზრდა - ბექა ბუთურიშვილი და სერგი კაპანაძე დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

სვანიძის 11 ნომერში 4 ადამიანი დაიღუპა - ნინა ფილიშვილი, ჟანა, სვეტლანა და ლიანა ეგიზაროვები.

მუშკუდიანების ოჯახი სწორედ ამ საბედისწერო სახლში ცხოვრობდა...

გზა აფხაზეთიდან აფხაზეთიდან დევნილი ზურა მუშკუდიანი წლებია სამაშველო სამსახურში მუშაობს, 12 წლის იყო, როცა ომს გამოექცა და დედასთან ერთად გაგრიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. დედა-შვილმა ცხოვრება თავიდან დაიწყეს, ბევრი იშრომეს... ბოლოს და ბოლოს მოახერხეს და თბილისში ბინა იყიდეს. ზურამ ცოლი შეირთო, სამი შვილი შეეძინათ...

სტიქიის ღამით სახლში ზურას დედა და მეუღლე, სამ მცირეწლოვანთან ერთად იყვნენ.

4 წლის შემდეგ მუშკუდიანებთან ერთად ტრაგედიის ადგილას - სვანიძის ქუჩაზე ისევ მივედით და ვთხოვეთ გაეხსენებინათ დღე, რომელმაც მათი ცხოვრება შეცვალა.

სვანიძის ქუჩაზე მოსულ ცოლ-ქმარს თან ახლდათ პატარა ლუკა. ის უკვე 6 წლისაა. დედა უხსნიდა, თუ სად იდგა მათი სახლი და როგორ წაიღო ადიდებულმა მდინარემ მათ თვალწინ... 2015 წლის ივნისში ლუკა მუშკუდიანის ფოტოებმა მთელი მსოფლიო მოიარა და ასე გაიცნო ყველამ ცელოფანში გახვეული ბიჭუნა, რომელიც სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან.

ლუკას არ ახსოვს 13 ივნისის კოშმარული ღამის ამბავი, თუმცა კარგად იცის რა ძლიერი დედ-მამა ჰყავს და როგორ იბრძოლეს მისი სიცოცხლისთვის...

ქეთი ბეგიაშვილი, ზურა მუშკუდიანის მეუღლე: - ახლა ვცდილობ არც გავიარო ამ გზაზე. არ შევხედო ამ ადგილს. არადა, ტრაგედიის პირველ წელს ძალიან ხშირად მოვდიოდი აქ და ვიცლებოდი ემოციებისგან. ახლა აქეთკენ გახედვაც აღარ მინდა.

წვიმდა კოკისპირულად, უკვე გვიანი იყო, სახლში ჩემს სამ შვილს ეძინა. მეზობელმა დამიძახა, ეზო წყლით ივსება და დამეხმარე სახლში წყალი არ შემოვარდესო. ეს არ გამკვირვებია, რადგან ხშირად იტბორებოდა აქაურობა წყლით. ვეხმარებოდით ერთმანეთს და ვცდილობდით სახლში წყალი არ შესულიყო. 2 საათი ვებრძოდით ამ წყალს.

12 საათი ხდებოდა წვიმამ საგრძნობლად რომ იმატა, მეზობლის სახლში უკვე დიდი ნაკადი შევარდა. დედამთილმა საფრთხე იგრძნო და მითხრა, როგორმე ბავშვები აქედან გავიყვანოთო. საძინებელში შევედი, ბავშვები რომ გამეღვიძებინა...

წყალი ელვისუსწრაფესად იმატებდა.

დედამთილმა ჩემი გოგონა ჩაიხუტა და შევარდა წყალში - ეზოდან ბავშვის გაყვანა სცადა... მე ხელში ჩემი ბიჭები მეჭირა, რომელთაგან უფროსი ბიჭი მეზობელმა გამომართვა, - მე გავიყვანო, ამ დროს წყლის დიდი ნაკადი შემოვარდა, გაივსო იქაურობა წყლით, შემეშინდა გარეთ გასვლის, რადგან ცურვა არ ვიცოდი... მეგონა, სახლში უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდი და ჩემს 2 წლის პატარასთან ერთად ისევ სახლში შევბრუნდი.

ზურა სამსახურში იყო. მეორე სართულზე ვცხოვრობდით და იმედი მქონდა, მეორე სართულამდე წყალი ვერ ამოაღწევდა. კარი და ფანჯრები ჩავკეტე, არ გასულა 15 წუთი წყალი მეორე სართულამდეც ამოვიდა.

მაშინ დავურეკე მეუღლეს - მე და ლუკა ვიხრჩობით და გვიშველე-მეთქი. არც შუქები იყო, ბავშვი გულში მყავდა ჩახუტებული, რომ არ შეშინებოდა ტელეფონის ფანრით ვანათებდი იქაურობას...

არ ვიცოდი, როგორ დამეხსნა თავი ამ უბედურებისგან.

ზურა: - ერთი ჩვეულებრივი დღე იყო... კუს ტბის სამაშველო სამსახურში ცვლაში ვმუშაობდი, როცა მეუღლემ დამირეკა და მითხრა, წყალში ვიხრჩობით და გვიშველეო, ვერ მივხვდი როგორ იხრჩობოდნენ, ვიცოდი სახლში იყვნენ ყველანი. სასწრაფოდ წამოვედი მეგობრის მანქანით, რომ ჩამოვედი სვანიძის ქუჩაზე, საშინელი სურათი დამხვდა...

ქეთი: - მე და ჩემი შვილი ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე ავედით. ალბათ 15-20 წუთი ვიყავით ასე და ერთადერთი იმაზე ვფიქრობდი, როგორმე ზურას სახლამდე მოეღწია და ბავშვისთვის ეშველა. წყალმა საწოლი ზემოთ აიტანა...

მე და ლუკას უკვე ჭერზე გვქონდა თავი მიდებული...

ზურა: - ქუჩაზე მდინარე მოედინებოდა. 100 მეტრის მანძილზე ამ წყალში გაცურვა მომიწია და მოვაღწიე სახლამდე. როგორ მოვედი მართლა არ მახსოვს, მხოლოდ იმას ვფიქრობდი ოჯახის წევრები მეპოვა.

სახლის კარები და ფანჯარა დაკეტილი დამხვდა, არ ვიცი, რა ძალა მომეცა, ფანჯრიდან შევაღწიე და რას ვხედავ, ჩემი მეუღლე ასულია ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე, ბავშვი უჭირავს ხელში და ორივეს თავი ჭერზე აქვთ მიბჯენილი.

ქეთი უნდა დამეხმარო, რომ აქედან ერთად გავიდეთ - მეთქი!

ქეთი ტირილით მეხვეწებოდა, - სამივე ვერ გადავრჩებით, ლუკა გაიყვანე და მე დავრჩებიო.

დღესაც ძნელია ჩემთვის მოსაყოლად იმ დღის გახსენება, ამას როგორ დავუშვებდი, იქ დამეტოვებინა...

ვთხოვე, გვერდში უნდა დამიდგე-მეთქი, ძალა მოვიკრიბეთ, სხვენამდე მივაღწიეთ, სხვენი გავხსენი და ჯერ ლუკა შევსვი, ბავშვი ტიროდა...

მერე ქეთის სხვენში აყვანაც მოვახერხე... იქიდან უნდა ავსულიყავით სახურავზე, ჭერში ასასვლელი კარი სულ ღია იყო ხოლმე, მაგრამ მაშინ დაკეტილი დამხვდა, გასასვლელი აღარსად იყო, არ ვიცოდი, რა მექნა...

ჩემდა ბედად, ჩემი მეზობლები აფარებდნენ თურმე სახურავს თავს, ისინი დაგვეხმარნენ და როგორც იქნა ავედით სახურავზე...

ქეთი: - სახურავზე ცელოფანი ვნახე, არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვს ის ცელოფანი შემოვახვიე, რატომღაც ვიფიქრე, რომ თუ ამას შემოვახვევდი, შევძლებდი მის გათბობას. გულზე მიხუტებული მყავდა...

წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, თვითონაც სკვდილს ვუყურებდი თვალებში, თან ისიც არ ვიცოდი, სად და როგორ იყვნენ ჩემი ორი შვილი და დედამთილი... მათაც არ იცოდნენ ჩვენ ცოცხლები ვიყავით თუ არა, ისიც კი არ იცოდნენ, რომ ზურა შინ იყო...

არავის ეგონა რომ გადავრჩებოდით... გამოგვიტირეს.

ზურა: - ღმერთმა არ გამწირა და არ ვარ დღეს უბედური მამა, თორემ შეიძლებოდა ისე მომხდარიყო, რომ ჩემი სამი შვილი, დედაჩემი და ჩემი მეუღლე დამხრჩვალიყვნენ ამ უბედურ დღეს, არ გაგვწირა ღმერთმა. მადლობა ამისთვის...

სახურავზე ვიდექით ყველანი და ვხვდებოდით, რომ წყალი მალე იქამდეც ამოაღწევდა. ამ დროს შევნიშნე 500-ლიტრიანი კასრი ტივტივებდა წყალში. რაღაც მაგიდაც ვნახეთ. სახურავზე, ერთმანეთზე დავდგით და წვალებით გადავედით გვერდით, მეზობლის სახლის სახურავზე. ის სახლი სამსართულიანი იყო. ეს იყო ჩვენი საშველი, თორემ წყალი ყოველ წუთს მატულობდა.

იმ სახურავზე 7 ადამიანი მოვგროვდით, ქვემოდან ისმოდა მეზობლის ყვირილი, შველას ითხოვდა, საშინლად განვიცდი, რომ ვერ შევძელი დახმარება...

ქეთი: - სასოწარკვეთილები შველას ვითხოვდით. რამდენიმე წუთში ჩვენი სახლი ჩვენსავე თვალწინ საერთოდ ჩამოიშალა და წყალმა წაიღო...

წამებში მოხდა, ყველაფერი, ცოტა ხანიც რომ დავრჩენილიყავით, დავიღუპებოდით...

ზურა:

- ამ დროს შევნიშნე ჩვენი მაშველი ბიჭები, ჩემი მეგობრები, გვერდით სახლში იყვნენ უკვე, ხალხი გამოჰყავდათ, მალე მოვიდნენ ჩვენთანაც, ნავში ჩავსვი ცოლ-შვილი, ჩემს მეგობარ მაშველებს მივანდე ისინი, მე კი იქ დავრჩი სხვების დასახმარებლად.

ჩვენს ეზოში 4 ადამიანი გარდაიცვალა, ამას ძალიან განვიცდი და ვწუხვარ.

ქეთი: - მეორე დილით ნახეს ჩვენი მეზობლების ცხედრები. ისინიც იბრძოდნენ თავის გადასარჩენად... მაგრამ, სამწუხაროდ, იმდენად სწრაფად შემოვარდა წყალი, ვერ მოასწრეს გასვლა სახლიდან....

ორი და მეორე სართულზე ნახეს, ალბათ ვერ გააცნობიერეს, რომ მეორეზეც შემოვარდებოდა წყალი, ვერ მოასწრეს გამოსვლა. 4 წელი გავიდა იმ ამბიდან და 4 დღე არ გასულა გარდაცვლილებზე რომ არ გვეფიქრა, ერთ ოჯახად ვცხოვრობდით, ერთი ეზო გვქონდა, ჩვენი შვილები ერთად იზრდებოდნენ, ერთმანეთს ვეხმარებოდით... მათი სიკვდილი ძალიან გვტკივა.

ზურა: - დიდხანს არ ვიცოდი დედაჩემის და ჩემი ორი შვილის ამბავი, თურმე გორაზე ასულან, დღემდე ვერ ვხდები იქ როგორ ავიდნენ, ეკალ-ბარდებია სულ.

ქეთი: - დილის 5 საათზე ვნახე ჩემი შვილები და დედამთილი. ძალიან შეშინებული იყო ჩემი გოგონა, ქვედა ყბა უკანკალებდა. ვერ აჩერებდა და სულ ჩემთან ყოფნას ითხოვდა. ერთი და იგივეს მეუბნებოდა, ჩვენი მეზობელები გადარჩნენო?! მეზობელ ქალებს კითხულობდა, რომელსაც ჩემი შვილების გაზრდაში წვლილი ჰქონდათ.

ლუკა
ლუკა

ნელ-ნელა გადაუარათ სტრესმა ბავშვებს და შეძლეს მდგომარეობიდან გამოსვლა. 13 ივნისს მე და ჩემი ლუკა მეორედ დავიბადეთ.

ბედნიერი ვარ, რადგან ისევ ვეფერები ჩემს ოჯახს და ჩემს სამ ანგელოზს და კიდევ იმით ვარ ამაყი, რომ ძალიან მაგარი ზურა მყავს.

სპეცპროექტზე მუშაობდნენ: ეკა გადახაბაძე, თეა ხურცილავა, ნათია დოლიძე, გიორგი ფაილოძე, ლევან ტაბატაძე