2019 წლის საუკეთესო უცხოური ფოტოები - კვირის პალიტრა

2019 წლის საუკეთესო უცხოური ფოტოები

მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოები წინასაახალწლოდ ტრადიციულად წლის საუკეთესო ფოტოებს აქვეყნებენ. "კვირის პალიტრა" გთავაზობთ "როიტერის", "ასოშიეიტიდ პრესის", "ეპასა" და სხვა ტოპსააგენტოების 2019 წლის საუკეთესო ფოტოებს.

ბოლო ვინ არის?

ალპინისტ ნირმალ პურჯას პროექტი - ექსპედიცია ევერესტის მწვერვალზე, როცა ალპინისტებს რიგში უწევთ დგომა... მას შემდეგ, რაც მწვერვალისკენ მიმავალ ხაზზე მთამსვლელთა მრავალრიცხოვანი ჯგუფები გაიჭედა, ორი ალპინისტი დაიღუპა.

ევერესტი, 22 მაისი (პროექტის ფოტო)

დაღუპულთა სულებისთვის მლოცველნი...

ბიშოფტუს მახლობლად, ეთიოპიის ავიახაზების თვითმფრინავის - Boeing 737 Max 8-ის ჩამოვარდნის ადგილას, ავიაციის ხელმძღვანელები ლოცულობენ. თვითმფრინავმა აფრენისთანავე ავიაკატასტროფა განიცადა და ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი (157 კაცი) დაიღუპა.

ეთიოპია, 12 მარტი

უხილავი მტრის "ცხელი ისარი"

აქცია "ფერთა ჯარის" რეპეტიციაზე, გვარდიელმა სიცხის გამო გონება დაკარგა.

ლონდონი, 1 ივნისი

ქმარს არაფერი დაუნახავს...

ბიარიცში, დიდი შვიდეულის სამიტზე, ამერიკის პირველი ლედი მელანია ტრამპი ამბორით მიესალმება კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს.

საფრანგეთი, 25 აგვისტო

რამადანი ღაზაში

ქალაქ ღაზის მცხოვრებლების რამადანი ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დანგრეულ შენობასთან.

პალესტინა, 18 მაისი

ცივილიზაციის ხაფანგი

ქალაქ ბატანგასის მახლობლად კიბორჩხალა პოლიეთილენის ნარჩენმა "გადასანსლა".

ფილიპინები, 7 მარტი

ტრამპს "სახე ააძვრეს"

ტრამპის ნიღაბი ქალაქ უხანის Face Funkey-ის სტუდიაში. მხატვარმა ასევე დაამზადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ უნის ნიღაბი ლიდერთა ვიეტნამში სამიტის წინ.

ჩინეთი, 20 თებერვალი

სუსტი სქესი პოლიციის ფორმაშიც "იჩაგრება"

პოლიციის თანამშრომელ ქალს მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს, რის შედეგადაც ცეცხლი წაეკიდა და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

ჩილე, სანტიაგო, 4 ნოემბერი

ირანელი ქალები რომ არ "გაგულავდნენ"

თეირანში საფეხბურთო მატჩის გულშემატკივარ ქალებთან შავოსანი პოლიციელი ქალები დგანან. 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ქალების დასწრება სპორტულ ღონისძიებებზე აკრძალულია. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფიფას ხელმძღვანელობის ზეწოლით ირანმა ნება დართო ქალებს დასწრებოდნენ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს ირანსა და კამბოჯას შორის.

ირანი, 10 ოქტომბერი.

გზა დაუთმეთ, ჩინელი მოდის

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯარისკაცები 70 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე.

პეკინი, 1-ლი ოქტომბერი