თბილისის ფილტვები - რატომ უჭირს სუნთქვა დედაქალაქს - კვირის პალიტრა

თბილისის ფილტვები - რატომ უჭირს სუნთქვა დედაქალაქს

რამდენი ხნის განმავლობაში შეუძლია ადამიანს ჟანგბადის გარეშე გაძლება - საშუალოდ ამ შემთხვევაში ორგანიზმის კვდომა 3 წუთში დგება. ის, რომ სუნთქვა აუცილებელია, სულაც არ ნიშნავს, რომ თავად ჰაერი არ კლავს. ეს კი მაშინ ხდება, როცა ჰაერი დაბინძურებულია. მაგრამ რეალურად, რას ნიშნავს ჰაერის დაბინძურება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შევეცადეთ, დარგის ექსპერტებთან ერთად. ვის ვესაუბრეთ?

ბიომრავალფეროვნების სახეობათა კონსერვაციის ცენტრ "ნაკრესის" გამგეობის წევრი, კახა არცივაძე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას შემდეგნაირად განმარტავს: „ჰაერში მოხვედრილი ნივთიერებების კონცენტრაცია ისეთი ხდება, რომ ვიღებთ ჰაერის განსხვავებულ ქიმიურ შემადგენლობას. როდესაც ნორმაში ერთი შემადგენლობა გვაქვს, დაბინძურების შემთხვევაში მეორე შემადგენლობას ვიღებთ. ამ დროს ადამიანის ჯანმრთელობა პირველი რიგის საფრთხეში ხვდება“.

„მსოფლიო მოსახლეობის 91% დღესდღეობით ისეთ ადგილას ცხოვრობს, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი დასაშვებ ნორმას აღემატება. 2016 წლის მონაცემებით, 4 მილიონი ადამიანი სავარაუდოდ იმის გამოა გარდაცვლილი, რომ ჰაერის დაბინძურებულ გარემოში ცხოვრობს“.

პროექტის „ჩემი ქალაქი მკლავს“ მენეჯერი, გიორგი ჯაფარიძე: „მსოფლიოში ჰაერის სისუფთავის ინდექსით საქართველო 119-ე ადგილზეა, არც ისე კარგი მდგომარეობა გვაქვს. ევროპაში, ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მიხედვით, 2019 წლის მონაცემებით, სერბეთის შემდეგ მეორე ადგილს ვიკავებთ“.

დამბინძურებლები და მათი ზეგავლენა ჯანმრთელობაზე

მტვრის მყარი ნაწილაკები - PM2.5, PM10

ჰაერის ყველაზე მნიშვნელოვანი დამბინძურებლები. PM2.5 და PM10 ერთმანეთისგან ზომით განსხვავდება: პირველის სიდიდე 2.5 მიკრომეტრზე ნაკლებია, მეორის კი - 10 მიკრომეტრზე ნაკლები.

რა იწვევს - სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტრო სადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. რას იწვევს - თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამლვა, უარყოფით ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე. ჩიკაგოს უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მეცნიერებების მაგისტრი, გიორგი ცინცაძე: „PM დამბინძურებლები ძირითადად სამშენებლო პროცესებისგან გროვდება, მაგალითად, შეუფუთავი, ღია მშენებლობებისგან. ასევე, დიდი ღუმელებისგან, და კიდევ, ტრანს-სასაზღვრო დაბინძურებისგან - ეს მტვერი შეიძლება სხვაგან დაგროვდეს, თუნდაც უდაბნოებში, და შორიდან წამოვიდეს. მტვრის ნაწილაკები ძალიან მსუბუქია, საკმაოდ მაღლა ადის და ატმოსფერულ ქარებთან ერთად მობილური დამბინძურებელია. PM2.5 უფრო საშიშად ითვლება, რადგან რაც უფრო პატარაა, უფრო უჭირს ორგანიზმს მისი გარეთ გამოტანა და უფრო გროვდება“.

გოგირდის დიოქსიდი - SO2

უფერო აირი, რომელიც ჰაერში არსებულ ნივთიერებებთან ურთიერთქმედებს და მეორად მყარ ნაწილაკებს წარმოქმნის.

რა იწვევს - მთავარი წყარო - თბოელექტრო სადგურების მიერ წიაღისეული საწვავის (ქვანახშირი, მაზუთი და ა.შ.) წვა. ასევე, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, გოგირდმჟავას წარმოება, გოგირდის შემცველი მადნების დნობა და ლოკომოტივებში, გემებისა და ავტომობილებში მაღალი გოგირდის შემცველობის საწვავის წვა.

რას იწვევს? თვალების გაღიზიანება, ცრემლიანობის მომატება, სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში, სუნთქვის გახშირება, სასუნთქის სისტემის დაზიანება.

კახა არცივაძე: „ჰაერის დაბინძურება შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ - გარე და შიდა. შიდაა, როდესაც შენობების შიდა დაბინძურება გავლენას ახდენს ატმოსფეროზე. მცირე კონცენტრაციებიც კი ამ დახშულ სივრცეში სერიოზულ ნეგატიურ ეფექტს იწვევს. მაგალითად, გოგირდის ნაერთებს თუ ავიღებთ, თუ 24 საათის განმავლობაში 20 მიკროგრამი/კუბურ მეტრზე ადამიანის ორგანიზმისთვის საშიში მაჩვენებელია, დახშულ სივრცეში ეს კონცენტრაცია შეიძლება, 500 მიკროგრამს შეადგენდეს. ამ შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში ადამიანი ისეთ გარემოში რომ იყოს, სადაც 20 მიკროგრამია, არაფერი მოუვა, მაგრამ შენობაში, დახურულ სივრცეში, საწარმოში 500 მიკროგრამის კონცენტრაციის პირობებში 10 წუთი რომ დაჰყოს, ეს სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს მის ჯანმრთელობაზე, შეიძლება, ძალიან ძლიერი დაზიანება და გარდაცვალებაც კი გამოიწვიოს“.

ნახშირჟანგი - CO

უფერო და უსუნო აირი

რა იწვევს - უმთავრესი წყარო - ავტომობილების გამონაბოლქვი, ასევე, შინამეურნეობაში გათბობის, საკვების მომზადებისა და თბილი წყლისთვის შეშისა და ბუნებრივი აირის მოხმარება.

რას იწვევს - თავის ტკივილი, მენტალური ცნობიერების დაქვეითება, გულის შეტევა, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ნაყოფის განვითარების შეფერხება, ხოლო ძალიან მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში სიკვდილი.

გიორგი ცინცაძე: „საავტომობილო გამონაბოლქვთან ასოცირებული ნახშირჟანგი თბილისში მუდმივად არ სცილდება ხოლმე ზღვრულ დასაშვებ ნორმას, თუმცა, თუ ინტენსიური საავტომობილო მოძრაობაა, ასევე, თუ მშრალი ამინდია და არ ხდება განიავება, შეიძლება, ნახშირჟანგმა ძალიან მოიმატოს. მთავარი რისკებია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, შეიძლება, იყოს კოგნიტური დაქვეითება, თავის ტკივილები, გულსისხლძარღვთა დაავადებები“.

აზოტის დიოქსიდი - NO2

მოწითალო-ყავისფერი, მაღალი რეაქციის უნარის მქონე აირი

რა იწვევს - აზოტის ორჟანგი საწვავის წვის შედეგად წარმოიქნება. უმთავრესი წყარო - ავტომობილების გამონაბოლქვი. ასევე, მრეწველობის სექტორი და შინამეურნეობებში მოხმარებული საწვავი.

რას იწვევს - რესპირატორული ინფექციებისადმი მაღალი მგრძნობელობა, სასუნთქი სისტემის გაღიზიანება და რესპირატორული სიმპტომები (მაგ. ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება).

გიორგი ცინცაძე: „აზოტის დიოქსიდი განსაკუთრებით სახიფათოა ქალებისთვის, იწვევს ჰორმონალურ დარღვევას, ზრდის კიბოს და უნაყოფობის რისკს. თბილისშიც სადგურებში მინახავს, რომ ხშირად მომატებულია, ზღვრული მაჩვენებელი 200 მიკროგრამია კუბურ მეტრზე, ხშირად სწორედ ამ მაჩვენებელს უახლოვდება ხოლმე“.

ტყვია - Pb

რბილი და ძლიერი პლასტიკური მძიმე ლითონი, დედამიწის ქერქში მცირე რაოდენობით ბუნებრივად არსებული ელემენტი

რა იწვევს - მთავარი წყარო - წიაღისეული საწვავის გამოყენება, წარსულში ტყვიაშემცველი ბენზინის გამოყენება, ზოგიერთი სახის სამრეწველო ობიექტები, ტყვიაშემცველი საღებავების გამოყენება. ტყვია და ტყვიის ნაერთები გვხვდება: საღებავებში, კერამიკაში, მილებსა და სანტექნიკის მასალებში, სარჩილებში, ბენზინში, ელემენტებში, საბრძოლო მასალასა და კოსმეტიკაში.

რას იწვევს - დამაზიანებელია თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემისთვის. სისხლში ტყვიის დაბალმა შემცველობამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში: ქცევის და სწავლის პრობლემები; დაბალი IQ და ჰიპერაქტიურობა; ზრდის შეფერხება; სმენის პრობლემები; ანემია. საშიშია ორსულებისთვს, ტყვია შეიძლება, ნაყოფზეც გადავიდეს და ბავშვი დაიბადოს ნაადრევად ან ძალიან მცირე წონის.

გიორგი ცინცაძე: „ტყვიას შეიცავს ბენზინი, განსაკუთრებით, ცუდი ხარისხის. თუ ის ერთხელ მოხვდა ორგანიზმში, ორგანიზმი მას ვეღარ გამოჰყოფს. როგორც წესი, ტყვიის შემცველობაზე ერთჯერადად აკეთებენ ხოლმე კვლევებს, ბავშვს შეიძლება, პირდაპირ ანალიზი აუღო და ნახო, არის თუ არა ტყვია მის ორგანიზმში“.

კახა არცივაძე: „პირადად ჩემი მოსაზრებით, და როგორც მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, ტყვიით დაბინძურების ძირითადი ფაქტორი ტყვიისშემცველი საწვავი, ბენზინია, რომელიც ტყვიით იყო გამდიდრებული და რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა ჩვენს ქვეყანაში. სხვა ქვეყნების სტატისტიკით, სისხლში ტყვიის კონცენტრაციის ნორმაზე დაბრუნებას 15-დან 25 წლამდე სჭირდება, მას შემდგომ, რაც ბენზინში ტყვიის გამოყენება მთლიანად შეზღუდული იქნება და სხვა წყაროებიდანაც არ მოხდება ტყვიის გამოფრქვევა ატმოსფეროში. რაც შეეხება სხვა წყაროებს, ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით ასეთი დამბინძურებლები შეიძლება კიდევ იყოს, მაგალითად, ძველი საღებავები, სადაც გამოიყენებოდა ტყვია, იყო სამშენებლო მასალები და კვების პროდუქტები, სადაც ტყვიის შემცველობა მაღალია“.

ბენზოლი - C6h6

უფერო, ტკბილი სუნის მქონე, აქროლადი და ადვილად აალებადი სითხე

რა იწვევს - ბენზოლი ჰაერში გამოიყოფა ქვანახშირის და ნავთობპროდუქტების წვის, ავტოგასამართი სადგურებისა და საავტომობილო გამონაბოლქვის შედეგად.

რას იწვევს - ადამიანებში ბენზოლის მწვავე (მოკლევადიანმა) შესუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევები, თავის ტკივილები, თვალის, კანის და რესპირატორული ტრაქტის გაღიზიანება, მაღალი კონცენტრაციით შესუნთქვამ - გონების დაკარგვა. ქრონიკულმა (გრძელვადიანმა) შესუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში სხვადასხვა დარღვევა, მათ შორის სისხლის წითელი უჯრედების - ერითროციტების შემცირება და აპლასტიკური ანემია.

გიორგი ცინცაძე: „ბევრი ბენზოლის შესუნთქვამ შეიძლება, ადამიანის მოწამვლა ძალიან სწრაფად გამოიწვიოს; გრძელვადიან შემთხვევაში, გვხვდება გულსისხლძარღვთა დაავადებები, ანემია და სხვა სერიოზული პრობლემები“.

ჰაერის დაბინძურება თბილისში

გვკლავს თუ არა ჩვენი ქალაქი? გიორგი ჯაფარიძის თქმით, ამ კითხვაზე პასუხს სტატისტიკური მონაცემები იძლევა.

გიორგი ჯაფარიძე: „საქსტატის“ 2015-2019 წლის ოფიციალური მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებით ბოლო 5 წელიწადში საქართველოში 14 000-მდე ადამიანი დაიღუპა, სიმსივნით 36 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა, სასუნთქი სისტემის დაავადებით კი - 101 000 ადამიანი. 14 000 ადამიანის დაღუპვა პირდაპირ კავშირშია ჰაერის დაბინძურებასთან. რა თქმა უნდა, სიმსივნის ყველა გამომწვევ მიზეზს ვერ დავაბრალებთ ჰაერს, მაგრამ მისი ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ჰაერი, PM მყარი ნაწილაკებით დაბინძურებაა. პლუს, ბავშვებში სიმსივნის მიმართვიანობა 6-ჯერ გაიზარდა წინა წლებთან შედარებით - ეს მონაცემები ყოველწლიურად მზარდია“.

რამდენადაა საქართველოს დედაქალაქის ატმოსფერული ჰაერი დაბინძურებული და კონკრეტულად, რა იწვევს ამას? ექსპერტები kvirispalitra.ge-ს პასუხობენ, რომ დაბინძურება სხვადასხვა ქუჩაზე და სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარია. და მაინც, იმ ქუჩების სია, რომელიც ყველაზე ხშირადაა დაბინძურებული, უმთავრეს მიზეზზე - საავტომობილო გამონაბოლქვზე მიგვითითებს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დიდი ქარხნები არ ფუნქციონირებს, ამას ემატება მცირე საწარმოების გამონაბოლქვი, მშენებლობების მტვერი, ძველი თაობის ღუმელები და წერტილოვანი დაბინძურებები. თუმცა, ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს თბილისის გეოგრაფიული მახასიათებლები, რაც ჰაერის დაბინძურებას ხელს უწყობს.

თბილისის ძირითად დამბინძურებლებად, უპირველეს ყოვლისა, მტვრის მყარი ნაწილაკები (PM) ითვლება, რომელთა კონცენტრაციაც ხშირად სცილდება ზღვრულ დასაშვებ ნორმას. დაბინძურებული ტერიტორიები, როგორც სპეციალისტები მიუთითებენ, არის, მაგალითად: გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია, წერეთლის გამზირი, დიდუბე, აღმაშენებლის გამზირი, და ა.შ. გარეუბნებში, სადაც ავტომმობილების რაოდენობა ნაკლებია, შესაბამისად, დაბინძურების პრობლემაც ნაკლებად დგას.

ნოე მეგრელიშვილი: „PM10-ს მაჩვენებელი უმსხვილეს ქალაქებში, მათ შორის თბილისში პრობლემურია. წერეთლის გამზირზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც ლოგიკურია, რადგან სადგურთან ახლოს ე.წ. ელიავას ბაზრობა მდებარეობს, სადაც საშენი მასალების დასაწყობება, მიღება, დამუშავება პრაქტიკულად უკონტროლოდ ხდება. აზოტის ორჟანგი წვის პროდუქტია და უმსხვილეს ქალაქებშია პრობლემური, პირდაპირ კავშირშია ავტოტრანსპორტის რაოდენობასთან და ავტოპარკის ხარისხთან. ამ კუთხით რუსთაველის გამზირი ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულია, ასევე, მელიქიშვილის გამზირი, ქეთევან წამებულის გამზირი, წერეთლის გამზირი, პეკინი, ცოტნე დადიანის გამზირი, მაღალი მაჩვენებლებია ნაძალადავშიც და აბაშიძის ქუჩაზე“.

ურბანული პროცესები

საავტომობილო გამონაბოლქვი

საავტომობილო გამონაბოლქვის შემთხვევაში ძირითადად გამოიყოფა ორგანული ნივთიერებები და არასრული წვის პროდუქტები, რომლითაც ტრანსპორტი ჰაერს აბინძურებს. თუ სატრანსპორტო საშუალება გაუმართავია, ეს ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.

გიორგი ჯაფარიძე: “2016 წელს თბილისში 180 000 ავტომობილი დადიოდა, 2020 წელს, ანუ დღეს მათი რაოდენობა 600 000-მდე გაიზარდა. ჩვენს ქალაქში ჰაერის დაბინძურების პრობლემა ძირითადად გაუმართავი ავტომობილებისგან მოდის, იმ მანქანების 90%, რაც საქართველოში მოძრაობს, 10 წელზე ან უფრო ძველია. უმეტეს ავტომობილებს კატალიზატორი არ უყენიათ, და ეს ყველაფერი მოქმედებს იმაზე, რა შედეგსაც ვხედავთ“.

გიორგი ცინცაძე: „ჰაერის დაბინძურების სადგურების გრაფიკზეც ძალიან ადვილი დასანახია, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო საავტომობილო გამონაბოლქვია, რადგან მონაცემები დღის განმავლობაში ავტომობილების მოძრაობის ინტენსივობის გრაფიკთანაა ასოცირებული - დაბინძურება იმ მომენტებში იმატებს, როცა პიკის საათებია, უქმე დღეებში კი იკლებს“.

სამშენებლო პროცესები

PM დამბინძურებლების დაგროვება თბილისში შეიძლება დიდწილად სამშენებლო პროცესებსაც უკავშირდებოდეს. მაგალითად, პრობლემაა, როდესაც ღია მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც შეფუთული არ არის. კახა არცივაძე: „მშენებლობისას მნიშვნელოვან დამბინძურებელ ფაქტორს წარმოადგენს მშრალი ქვის, რკინის, ბეტონის მშრალი დამუშავების დროს გამოყოფილი ნაწილაკები, როდესაც ხდება მაგალითად, მათი გახერხვა, გაბურღვა და ა.შ.“

წერტილოვანი დაბინძურება

გარკვეულწილად, შეიძლება, ქალაქის დაბინძურებას ხელს წერტილოვანი დაბინძურებაც უქმნიდეს. ასეთი ადგილების იდენტიფიცირებისთვის გამოკვლევაა საჭირო. გიორგი ჯაფარიძე იმ შემთხვევებს იხსენებს, როცა წერტილოვან დაბინძურებას წააწყდა. გიორგი ჯაფარიძე: „ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში გვეყენა ჰაერის საზომი აპარატი და PM2.5, რომლის მაქსიმუმი დასაშვები ნორმა ადამიანისთვის 25 მიკროგრამია კუბურ მეტრში, 750 მიკროგრამი დაფიქსირდა, PM10 კი, რომლის მაქსიმალური დასაშვები ნორმა 50-ია, 3200 მიკროგრამი დაფიქსირდა. ეს საკმაოდ დიდი ციფრებია. მეორეა გლდანის ნაგავსაყრელი, რომლის შესახებაც ადგილობრივმა მოსახლეობამ შემატყობინა და სადაც ღამე მივედი. თურმე, იქ ჩუმ-ჩუმად ნარჩენებს წვავენ, PM ნაწილაკების დაბინძურება არა, მაგრამ სავარაუდოდ, საღებავს წვავდნენ და ქიმიური ნაერთების დაბინძურება იყო. 5 წუთზე მეტ ხანს ვერც გავჩერდი იმ ჩახუთულობაში და მერე 2-3 საათი თავი მტკიოდა. თან, ამ სუნს პატიმრები სუნთქავენ - გლდანის ციხემდეც მიდის და მოსახლეობამდეც. ასეთი წერტილოვანი დაბინძურებები შეიძლება, სხვა ადგილებშიც იყოს, რასაც გამოკვლევა და ინფორმაციის გავრცელება სჭირდება“. თბილისის გეოგრაფიული თავისებურებები

მთავარი გეოგრაფიული მახასიათებელი, რაც ჰაერის განიავებას ხელს უშლის, ისაა, რომ თბილისი ჩავარდნილ ადგილას მდებარეობს - საქართველოს დედაქალაქი ქვაბულია.

კახა არცივაძე: „განსაკუთრებით შემოდგომასა და გაზაფხულზეა ხშირი, რომ ატმოსფეროში თბილი ჰაერი ქვემოდან ზემოთ ადის, ცივი ჰაერი კი - ზემოდან ქვემოთ. ჩვენთან ძირითადად, როცა ცივი დღეები, ეს პროცესი ტრიალდება და იქმნება ერთგვარი სახურავის ეფექტი - ქვაბს სახურავი რომ დაახურო, ასეთივე პროცესს აქვს ადგილი, ცივი ჰაერი არ აძლევს თბილ ჰაერს საშუალებას, ზევით ავიდეს. ეს ჰაერის შემადგენლობის გასუფთავებას ხელს უშლის“.

ამასთანავე, თბილისი ე.წ. სემიარიდულ ზონაში, ანუ ნახევრად მშრალ ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც მტვრისადმი ბუნებრივადააა მიდრეკილი...

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქალაქის განიავებაა. ამ პროცესის გაძნელება თბილისში მხოლოდ გეოგრაფიულ თავისებურებებს არ უკავშირდება, არამედ, ამასთან მჭიდრო კავშირში ქალაქის დაგეგმარება - განაშენიანებაა.

გიორგი ჯაფარიძე: „როცა თბილისი განაშენიანდა, სივრცეები დატოვებული იყო, მაგრამ შემდეგ 2006-2007 წლიდან, როდესაც მასიური მშენებლობები დაიწყო, ვისაც სად უნდოდა, კორპუსს იქ აშენებდა. სივრცეები, რომლითაც ჩვენი ქალაქი უნდა ნიავდებოდეს, კორპუსებმა ამოგვიშენა და ფიზიკურად ვეღარ ნიავდება, რადგან ქალაქს მათი სახით შეფერხებები აქვს, დაბინძურებული ჰაერი კი აქვე რჩება“.

ნოე მეგრელიშვილი: „თავისი ტოპოგრაფიით ჩვენი დედაქალაქი ისედაც ქვაბულია, ჩავარდნილია, ამიტომ განიავება ზოგადად პრობლემაა. თუმცა, განიავება ძალიან მნიშვენლოვანია, განსაკუთრებით, მტვრის მყარი ნაწილაკების (PM) კუთხით, თუმცა ბოლო პერიოდში, შეიძლება ითქვას, ქალაქი ქაოტურად განვითარდა. ბოლო პერიოდში თბილისის მერიის მიერ მაღალ შენობებზე შეზღუდვების დაწესება გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად დარეგულირდება“.

როგორ იზომება თბილისში ჰაერის დაბინძურება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ქ. თბილისში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ხუთი ავტომატური სადგურის საშუალებით ხორციელდება შემდეგ მისამართებზე:

• წერეთლის გამზირი N105;

• ყაზბეგის გამზირი, წითელ ბაღთან;

• ვარკეთილის 3, I მკრ-ნის მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე;

• დავით აღმაშენებლის 73ა (ილიას ბაღი);

• მარშალ გელოვანის გამზ. N6;

წერეთლის გამზირი N105
წერეთლის გამზირი N105

ყაზბეგის გამზირი, წითელ ბაღთან

	ვარკეთილის 3, I მკრ-ნის მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე
ყაზბეგის გამზირი, წითელ ბაღთან

აღმაშენებლის 73ა
ვარკეთილის 3, I მკრ-ნის მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე

(28 სექტემბრის მდგომარეობით)

არის კი ამდენი სტაციონალური სადგური საკმარისი იმისთვის, რომ დედაქალაქის მცხოვრებლებს საერთო, დეტალური სურათი ჰქონდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჰაერს სუნთქავენ ისინი და მათი გარშემომყოფნი? ამაზე „ჩემი ქალაქი მკლავს“ მენეჯერს, გიორგი ჯაფარიძესა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელს, ნოე მეგრელიშვილს განსხვავებული პასუხები აქვთ.

გიორგი ჯაფარიძე: „თბილისში 5 ჰაერის საზომი აპარატი იდგა, ერთი აღარ დგას, გაქრა. როცა ეს აპარატები ჩართულია, ნათლად შეგვიძლია დავინახოთ, თუ რამდენი პროცენტითაა ჰაერი დაბინძურებული. თბილისში მთავრობის ოფიციალური მონაცემებით ჰაერის დაბინძურება საშუალოდ 60%-ზე დაბალია. მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ აპარატები გარკვეული პერიოდი გამორთულია, შეიძლება, უფრო მაღალიც იყოს, თუმცა ეს სწორედ იმიტომ არ ვიცით, რომ ხშირ შემთხვევაში აპარატები გამორთულია ხოლმე“.

ნოე მეგრელიშვილი: „ჩვენი ზომის ქალაქისთვის, ევროდირექტივებს თუ ჩავხედავთ, რომელიც ადგენს რაოდენობას, რამდენი სადგურია საჭირო მოსახლეობისა და ჰაერის ხარისხის მიხედვით, ეს ოთხი სადგური სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნას. ანუ, ყველაზე მდიდარ ქვეყნებსაც კი არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ ყველა კუთხეში და ყველა ქუჩაზე დააყენონ ეს ძვირადღირებული სიამოვნება. 4-5 წერტილის გარდა 20-ზე მეტ წერტილში ხდება ძირითად დამბინძურებლებზე ინდიკატორული დაკვირვება“.

რა უნდა გაკეთდეს ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის?

ექსპერტები მიუთითებენ, რომ ქალაქში ჰაერის დაბინძურების კონტროლისთვის პირველ რიგში, კერძო ტრანსპორტის რაოდენობის შემცირებაა აუცილებელი. კახა არცივაძის თქმით, ამისთვის კომპლექსური მიდგომაა საჭირო - ერთი მხრივ, უნდა განვითარდეს საგზაო ინფრასტრუქტურა და ელექტროტრანსპორტი, მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ველოსიპედებით გადაადგილების წახალისება; მეორე მხრივ კი, ხელი უნდა შეეწყოს იმას, რომ მოქალაქეებს ნაკლებად ჰქონდეთ ქალაქის ცენტრში ცხოვრების ინტერესი, რათა თბილისი შედარებით, განიტვირთოს. ცხადია, ეს საკმაოდ რთული და გრძელვადიანი ამოცანაა. გიორგი ჯაფარიძის მოსაზრებით, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ტექინსპექტირების გაკონტროლებას, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ქალაქის დაქსელვა ჰაერის დაბინძურების საზომი აპარატებით, უნდა შეიქმნას მარტივი აპლიკაცია, სადაც ყველას შეეძლება ინფორმაციის მოძიება, მეტად უნდა ვიფიქროთ გამწვანებაზე და გარდა ამისა, ქუჩაში უნდა მოხდეს ხილული კვამლის დაჯარიმება.

რა კეთდება ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის?

ნოე მეგრელიშვილი: „2021 წლისთვის იგეგმება, რომ გამონაბოლქვის - როგორც ხილვადი, ისე უხილავი კვამლის გზაზე კონტროლის სისტემა, პირველ ეტაპზე, თბილისში დაინერგოს. იქნება სპეციალური ავტომობილი, რომელშიც დამონტაჟებული იქნება გამზომი საშუალება, სწორედ ამით შეამოწმებენ ავტომობილებს. სანქცია საკმაოდ მაღალი იქნება. 40-პუნქტიანი გეგმა ეხება ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, გაახალგაზრდავებას და გაჯანსაღებას, საწვავის ხარისხისა და კონტროლის გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას, ფეხით და ველოსიპედით გადაადგილების ხელშეწყობას, სამშენებლო სექტორიდან გაფრქვევების შემცირებას, საზოგადოების ცნობიერების გაუმჯობესებასა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებას."

ასეა თუ ისე, მაინც ძნელია იმის განსაზღვრა ზუსტად, თუ რა გავლენას ახდენს თბილისის ჰაერი, რომელსაც დედაქალაქის მკვიდრნი ყოველდღიურად სუნთქავენ. გიორგი ცინცაძე ამას კვლევების ნაკლებობას უკავშირებს.

გიორგი ცინცაძე: „მიზეზ-შედეგობრივი კავშირი რომ დადგეს გამონაბოლქვსა და ჯანმრთელობის დაზიანებას შორის, ამას ძალიან სერიოზული ეპიდემიოლოგიური კვლევები სჭირდება. ჩვენთან ასეთი არა თუ არაა ჩატარებული, არამედ რომც მოგვინდეს, ვერ ჩავატარებთ, რადგან ცოტა ხნის წინ დაიდგა სადგურები და არც ჰაერის დაბინძურების მონაცემები გვაქვს გრძელვადიანად, და არც ჯანმრთელობის მონაცემებია საკმაოდ დეტალური, სანდო და იმგვარად შეგროვებული, რომ ამაზე კვლევა ადვილად განხორციელდეს. ამიტომ, სავარაუდოდ, ძალიან დიდი ხანი ვიქნებით ბრმად იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფასურს ვიხდით ჰაერის დაბინძურების გამო ჯანმრთელობის კუთხით“.

(სპეციალურად საიტისთვის)

ავტორები:

ეკა აბაშიძე

ლევან ტაბატაძე

გიორგი ლორია

დამბინძურებლები და მათი ზეგავლენა ჯანმრთელობაზე