"სრულწლოვანება" 18-წლამდელებისთვის - კვირის პალიტრა

"სრულწლოვანება" 18-წლამდელებისთვის

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებს მომავალ წელს "სრულწლოვანებაც" ელის და ევროპის სრულფასოვანი ჩემპიონატიც. რაგბის საერთაშორისო საბჭომ წელს პირველად დაუშვა პრეცედენტი და ე.წ. "მეორე ეშელონის" ქვეყნებს შესაძლებლობა მისცა, ორი საუკეთესო გამოევლინათ და გაისად გასამართ ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე ელიტურ ნაკრებებს დამატებოდნენ. გასულ კვირას ბუქარესტში ჩატარებული საკვალიფიკაციო ეტაპი ქართველი ჭაბუკების ტრიუმფით დასრულდა და კონტინენტის მომავალ პირველობაზე პატარა ბორჯღალოსნები "ექვსი ერის" გუნდებთან ერთად იასპარეზებენ. ქართული სარაგბო სამყაროსთვის წლების განმავლობაში ნანატრი უფლების მოსაპოვებელ გზაზე ქართველმა 18-წლამდელებმა ჯერ რუმინული "მუხის" ნორჩი "ფოთლები" დაიფინეს ("მუხები" რუმინელ მორაგბეთა მეტსახელია. - ავტ.) 27:6, მერე კი, მასპინძელთა მსგავსად, ბელგიის ნაკრებსაც ოთხი ლელო გაუტანეს - 27:9.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზური ჩვენს გუნდს უკვე განაღდებული ჰქონდა, ქართველი ჭაბუკები ბოლო მატჩსაც სრული პასუხისმგებლობით მიუდგნენ და პორტუგალიელ თანატოლებს, რომელთაც მათ მსგავსად, წინა ორივე მატჩი მოგებული ჰქონდათ, მხოლოდ კინკილა საჯარიმო გაატანინეს - 24:3! ამგვარად, გაისად გასამართ ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი  B ჯგუფში იასპარეზებს ინგლისთან, უელსსა და იტალიასთან ერთად. შესარჩევი ტურნირის მეორეადგილოსანი პორტუგალია კი ირლანდიის, საფრანგეთისა და შოტლანდიის თანაჯგუფელი იქნება. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ "ექვსი ერის" გუნდებთან თამაშის უფლება ჩვენმა ნაკრებმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში მოიპოვა, როცა ბუქარესტში რუმინეთის, რუსეთისა და უკრაინის ნაკრებებს აჯობა და "შავი ზღვის თასს" დაეუფლა, მაგრამ რაკიღა  IRB-მ თავისივე გადაწყვეტილება რატომღაც შეცვალა "პატარა ბორჯღალოსნებს" ხელმეორედ მოუხდათ იმის დამტკიცება, რომ "მეორე ეშელონში" არც ამ ასაკში გვყავს ტოლ-სწორი მეტოქე და "ბობოლებთან" გაშინაურების დროა.

P.S. რუმინეთის დედაქალაქი ქართველმა 19-წლამდელებმაც წარმატებით მოიარეს. ამ ასაკში შარშან კონტინენტის ჩემპიონები გავხდით, ამჯერად კი ფინალამდე ჯერ შვეიცარიას (50:0), ნახევარფინალში კი მასპინძელ რუმინეთს (24:8) მოვუგეთ და ფინალის საგზურთან ერთად (გადამწყვეტ მატჩში შაბათ საღამოს, რუსებს შევხვდით. - ავტ.) 2012 წლის "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფაზე" მონაწილეობის უფლებაც დავიბევეთ!