ევროლიგაზეც შენგელიან - კვირის პალიტრა

ევროლიგაზეც შენგელიან

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდის - თორნიკე შენგელიასთვის 2011 შესანიშნავი წელიწადია. ვეტერანი ქართველი ცენტრის - კახა შენგელიას ვაჟმა ზაფხულში ახალგაზრდულ ნაკრებში გაიბრწყინა, მერე ეროვნულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ისახელა თავი და "ტემპი" არც "შარლერუას" შემადგენლობაში დაუგდია. 20 წლის კალათბურთელი ბელგიური კლუბის ძირითადი ხუთეულის წევრად გუნდში დაბრუნებისთანავე (გასულ სეზონში "პეპინსტერში" იყო განათხოვრებული. - ავტ.) იქცა და ევროლიგასაც გაუსინჯა გემო. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეორე ტურში "შარლერუამ" ყველასათვის მოულოდნელად სტუმრად მოუგო სტამბოლის "ეფესს", რამდენიმე დღის წინ კი ბელგრადის "პარტიზანთან" მხოლოდ ბოლო წუთებზე გატყდა - 91:81. თუმცა, ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ ამ შეხვედრაში თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში თავისთვის სარეკორდო - 16 ქულა ჩააგდო.

- დაძაბული შეხვედრა იყო, თავიდანვე ქულა-ქულაში მიდიოდა თამაში. სამწუხაროდ, ბოლო მეოთხედში შეცდომები დავუშვით, რამდენჯერმე ბურთიც დავკარგეთ და სერბებმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მოახერხეს.

- ვლადიმერ ბოისამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ბელგრადის "პარტიზანის" ფანები ისე მხურვალედ და ხმაურიანად ქომაგობენ თავიანთ გუნდს, მათ დარბაზში გამარჯვების მოპოვება სტუმარი გუნდებისთვის ურთულესი საქმეაო. ბელგრადში მართლა ასეთი ატმოსფეროა?

- "პარტიზანის" ფანებმა მართლაც განსაკუთრებული მხარდაჭერა იციან, მთელი მატჩის განმავლობაში სიმღერითა და შეძახილებით ამხნევებენ საყვარელ გუნდს. ზოგჯერ რაღაცებსაც კი ისვრიან მოედანზე. სტუმარი გუნდისთვის, რა თქმა უნდა, რთულია ასეთ წნეხში თამაში. მოთამაშის ხასიათსაც გააჩნია, - როგორ მიიღებს და გადაიტანს ამ ყველაფერს. თუმცა, საქართველოს ნაკრების საშინაო მატჩების დროს სპორტის სასახლის ტრიბუნებზეც ასეთი მხურვალე ქომაგობაა ხოლმე და ჩემთვის ეს სიახლე არ ყოფილა.

- მოთამაშესაც გააჩნიაო, თქვით. თავად როგორ რეაგირებთ ხოლმე, როცა გასვლითი მატჩისას ტრიბუნებზე ყურისწამღები ხმაურია?

- სტუმრად თამაშისას, ვცდილობ, არ მივაქციო ყურადღება მოწინააღმდეგის ქომაგებს და მთლიანად თამაშზე ვიყო კონცენტრირებული. რაც შეეხება საშინაო მატჩებს, საკუთარი გულშემატკივრების მხარდაჭერა დიდ სტიმულს მაძლევს.

- სერბებთან მატჩში 21 წუთი ითამაშეთ და 16 ქულა ჩააგდეთ, რაც ევროლიგის მატჩებში თქვენი საუკეთესო მაჩვენებელია.

- მეტის მოგროვებაც შემეძლო, მაგრამ გუნდურ თამაშს მეტ ყურადღებას ვუთმობდი. თანაც, რამდენიმე ეპიზოდში თითქმის ჩავარდნილი ბურთი ამოვარდა კალათიდან.

- ევროლიგის მატჩების დაწყებამდე ამბობდით, "შარლერუა" ყველა მატჩში მოსაგებად იბრძოლებსო, მაგრამ, ალბათ, "ეფესთან" სტამბოლში გამარჯვებას თავადაც არ ელოდით.

- შესაძლოა, ბევრისთვის მართლაც მოულოდნელი იყო, მაგრამ ჩვენ ყველა მატჩში მოსაგებად გავდივართ მოედანზე და ამჯერადაც ბოლომდე ვიბრძოლეთ. თურქეთში თამაში ყოველთვის რთულია, თუმცა, საბედნიეროდ, თავიდანვე დიდი ანგარიშით შევძელით დაწინაურება. სწორედ ეს დაგვეხმარა იმ წუთებში, როცა ჩავარდნა გვქონდა და მასპინძლები უპირატესობის მოპოვებას ახერხებდნენ. დაცვაშიც და თავდასხმაშიც გუნდური თამაში ვაჩვენეთ და სწორედ ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ.

- რამდენიმე დღის წინ "შარლერუამ" ბელგიის ჩემპიონატში "პეპინსტერს" მოუგო, - გუნდს, სადაც გასულ სეზონში იყავით განათხოვრებული. ყოფილ თანაგუნდელებთან როგორი განწყობით ითამაშეთ?

- ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდე ვიხარჯები, მაგრამ, როცა ყოფილ კლუბთან გიწევს თამაში, მოედანზე სხვა განწყობით გადიხარ. მინდოდა, "პეპინსტერთან" განსაკუთრებულად კარგად მეთამაშა და, ალბათ, სწორედ ზედმეტი მონდომების ბრალი იყო, ეს არც ისე კარგად რომ გამომივიდა.

- ბელგიის ჩემპიონატიც დავახასიათოთ. რა დონის პირველობაა და აქცენტს როგორ თამაშზე აკეთებენ?

- გასულ სეზონთან შედარებით, ბელგიის ჩემპიონატის დონემ ბევრად მოიმატა. შარშან სიძლიერით მხოლოდ ორიოდე გუნდი გამოირჩეოდა, ახლა კი ჩემპიონობისთვის ბრძოლა 5-6 კლუბს შეუძლია და წინასწარ ვერავინ იტყვის, ვინ გაიმარჯვებს. განსაკუთრებულ ყურადღებას კარგ ფიზმომზადებასა და სწრაფ თამაშს აქცევენ,  ბელგიურ კლუბებში ძალიან ბევრი ამერიკელი ლეგიონერია.

- "შარლერუას" როგორ შეეწყვეთ?

- წლებია "შარლერუას" კალათბურთელთა ნახევარზე მეტი, ერთად თამაშობს და მოედანზეც და მის გარეთაც კარგად უგებენ ერთმანეთს, მაგრამ ახალწვეულებიც ძალიან თბილად მიგვიღეს და გუნდში მალე გაგვაშინაურეს. რაც მთავარია, მწვრთნელი მენდობა და რაც აქ ვარ, ყველა მატჩი სასტარტო ხუთეულში დავიწყე. ეს დიდი სტიმულია ჩემთვის.

- 5 ოქტომბერს 20 წლის გახდით. დაბადების დღე როგორ აღნიშნეთ?

- ხუთშიც და მეორე დღესაც, ორჯერადი ვარჯიშები გვქონდა, ამიტომაც ქეიფს ვერ დავიწყებდით (იცინის). დარბაზში მივიტანე ტორტი და ტკბილეულობა და ვარჯიშის შემდეგ ჩემი იუბილე "მსუბუქად" აღვნიშნეთ. ისე კი, როცა დრო გვაქვს, თანაგუნდელები ერთადაც ხშირად დავდივართ სავახშმოდ, ფილმის საყურებლად და ა.შ.

- ისეთი დატვირთული გრაფიკი გქონიათ, თავისუფალი დროით განებივრებული არ იქნებით. განტვირთვას როგორ ახერხებთ?

- რაც აქ ჩამოვედი, ზედიზედ ორი დღეც კი არ მქონია დასვენება: თუ საწვრთნელი პროცესი არ გვქონდა, ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. თავისუფალ დროს კი ძალიან მიყვარს კინოფილმების ყურება, ხან კომპიუტერში ვუყურებ, ხან კინოთეატრში მივდივართ. საერთოდაც, მეგობრებთან ერთად ყოფნა მიყვარს. აქაც თანატოლები სულ ერთად ვართ ხოლმე და შეძლებისდაგვარად ვერთობით. სხვათა შორის, საქართველოზე ისეთ რაღაცებს ვუყვები, ძალიან დაინტერესდნენ ჩვენი ქვეყნით და, ალბათ, ჩემი რამდენიმე თანაგუნდელი გვეწვევა კიდეც.

- ბოლო დროს ხშირად ასე მოგიხსენიებენ ხოლმე, "ახალგაზრდა ევროვარსკვლავი". როგორ გგონიათ, მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა დათვურ სამსახურს ხომ არ გაგიწევთ? ბევრი ახალგაზრდა სპორტსმენი ვიცით, წარმატება თავში რომ უვარდებათ და ვარჯიშს მოუკლებენ ხოლმე.

- როცა ვხედავ, რომ ჩემს შრომასა და მონდომებას შედეგი მოაქვს, ორმაგად მოტივირებული ვარ. რას ჰქვია, ვარჯიშს მოვუკლო? ასეთი რამისგან ღმერთმა დამიფაროს.