სარეკორდო ზღვისპირული დერბი - კვირის პალიტრა

სარეკორდო ზღვისპირული დერბი

საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" ირგვლივ ბოლო დროს სულ სკანდალებია. მიუხედავად ამისა, ვაჟა კვარაცხელიას შეგირდები ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებით თამაშს და ერთმანეთისთვის რეკორდების ართმევასაც აგრძელებენ.შეგახსენებთ, რომ "სოხუმი" ჯერ ამერიკელმა ლეგიონერებმა, რამდენიმე დღის წინ კი მთავარმა მწვრთნელმა - აინარს ბაგატსკისმაც დატოვეს, რომლის პოსტიც ისევ ვაჟა კვარაცხელიამ დაიბრუნა. საკალათბურთო სუპერლიგის ბოლო ტურში, "სოხუმი" სატურნირო ცხრილის ფსკერზე მყოფ "ბათუმს" ესტუმრა და 88:64 გაიმარჯვა. ჩემპიონატის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის მიერ აუტსაიდერთან გამარჯვებაში გასაკვირი ბევრი არაფერია, მაგრამ ზღვისპირული დერბი მაინც გამორჩეული გამოდგა, რადგან სოხუმელმა ლევან ფაცაციამ მიმდინარე ჩემპიონატის მორიგი რეკორდი დაამყარა, - 40 წუთი ითამაშა, ამდენივე ქულა მოაგროვა და ორი ქულით გააუმჯობესა თანაგუნდელის - ლაშა ფარღალავას მიერ წინა ტურში დამყარებული რეკორდი. აღსანიშნავია, რომ 40 ქულის გარდა, ლევან ფაცაციამ 16 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრაც მიითვალა.