ვარჯიშზე... დაჯილდოების ნაცვლად - კვირის პალიტრა

ვარჯიშზე... დაჯილდოების ნაცვლად

10 ნოემბერს მადრიდში ის ესპანელი ფეხბურთელები დააჯილდოეს, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში 100 და მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული.სხვებთან ერთად, ჯილდო უნდა მიეღო ესპანური ფეხბურთის მოქმედ ლეგენდას - რაულ გონსალეს ბლანკოსაც, რომელსაც ნაკრების მაისური 102 შეხვედრაში მოურგია, თუმცა, ვეტერანი თავდამსხმელი სამშობლოში ჩატარებულ დაჯილდოების ცერემონიალს იმიტომ ვერ დაესწრო, რომ "შალკეში"... ვარჯიში ჰქონდა! "შალკეს" მწვრთნელს ჰუუბ სტევენსს იმ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ვარჯიში ჰქონია დაგეგმილი. "რიგითი ვარჯიში რომ ყოფილიყო, რაულს აუცილებლად გავუშვებდით, მაგრამ ეს ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რაული პროფესიონალი ფეხბურთელია და ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება არ გაუპროტესტებია", - განაცხადა "შალკეს" მენეჯერმა.

პ. ს. საინტერესოა, ისეთი რა უნდა ესწავლებინა სტევენსს 34 წლის ვეტერანისთვის, რაც რაულმა "რეალში" გატარებული 17 წლის განმავლობაში ვერ ისწავლა?