ცქიტიშვილი შირაზის "ვარდებში" - კვირის პალიტრა

ცქიტიშვილი შირაზის "ვარდებში"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი ნიკოლოზ ცქიტიშვილი კარიერას ირანის მოქმედი ჩემპიონის - თეირანის "მაჰრამის" შემადგენლობაში გააგრძელებს.უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში 212 სანტიმეტრი სიმაღლის კალათბურთელი სწორედ ირანულ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, კვირის მიწურულს კი მისი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ბოლო წლებია, "მაჰრამი" ქვეყნის ჩემპიონობას არავის უთმობს, მიმდინარე სეზონშიც დაუმარცხებლად ასპარეზობს და ირანის ჩემპიონატის გარდა, აზიის ჩემპიონთა თასზეც გამოდის. აღსანიშნავია, რომ 28 წლის ცქიტიშვილისთვის "მაჰრამი" კარიერაში... მე-13 კლუბი იქნება! სხვადასხვა წელს ცქიტოს სოხუმის "კოლხაში", სლოვენიის "სლოვანში", იტალიის "ბენეტონსა" და "ტერამოში", ესპანეთის "კახა სან ფერნანდოში", "ფუენლაბრადაში" და "ლაგუნ აროში", ბერძნულ "პანიონიოსში" და  NBA-ს ოთხ კლუბში - "დენვერში", "გოლდენ სტეიტში", "მინესოტასა" და "ფინიქსში" უთამაშია. ირანის ჩემპიონატში ქართველი კალათბურთელები აქამდეც გვინახავს, მათ შორის - საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე და საკალათბურთო კლუბ "არმიის" მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუშიც. როგორც ჩანს, ირანულ კლუბში გადასვლა ცქიტიშვილს ფინანსურმა მხარემ გადააწყვეტინა, თორემ, სანამ რომელიმე ევროპულ კლუბს დააინტერესებდა, საქართველოს ჩემპიონატში თამაში არ ერჩივნა? "მაჰრამში" ნიკას დებიუტი კი "შირაზთან" მატჩში იყო დაგეგმილი.