ოთხი ცალკარა და ორი ფინალისტი - კვირის პალიტრა

ოთხი ცალკარა და ორი ფინალისტი

გასულ კვირას ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის მატჩებიც ჩატარდა უკრაინა-პოლონეთის საგზურისთვის ბრძოლაში და ფავორიტებიც გამოიკვეთნენ.ოთხიდან სამ მატჩში ერთი გუნდის მეორეზე უპირატესობა აშკარა გახლდათ და უგოლოდ მხოლოდ ბოსნია და პორტუგალია გაეყარნენ ერთმანეთს. მართალია, ბურთის გატანა ვერ შეძლეს, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუ და კომპანია ბოსნიელებს აშკარად სჯობდნენ და ამის დასტურად კარში დარტყმების სტატისტიკაც გამოდგება, - 12:4 პორტუგალიელთა სასარგებლოდ. განმეორებით მატჩში მასპინძლები სწორედ პირენეელები იქნებიან და სავარაუდოდ, კონტინენტის პირველობის ნანატრ საგზურსაც ჩაიჯიბავენ.

ამ მატჩის სტატისტიკის მოშველიება იმიტომ დაგვჭირდა, რომ დანარჩენი სამი შეხვედრის მსვლელობაზე ანგარიშებიც კარგად მეტყველებს. ყველაზე მოულოდნელი შედეგით დასრულდა სტამბოლში გამართული მატჩი, სადაც საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეტოქე ხორვატიამ თურქეთს 3:0 მოუგო. ასევე სტუმრად, ოღონდ უფრო დიდი ანგარიშით, გაიმარჯვა ირლანდიამ, რომელმაც ესტონეთი 4:0 გაანადგურა და ხორვატების მსგავსად, "ევრო-2012"-ის ბილეთიც განმეორებითი მატჩის დასრულებამდე დაჯავშნა. ერთადერთი საშინაო გამარჯვების ავტორად კი ჩეხეთის ნაკრები მოგვევლინა, - მან პრაღაში ჩერნოგორიას მოუგო 2:0. განმეორებითი მატჩები 15 ნოემბერს ჩატარდება.

ბოსნია-პორტუგალია 0:0

თურქეთი-ხორვატია 0:3

ჩეხეთი-ჩერნოგორია 2:0

ესტონეთი-ირლანდია 0:4