ვერცხლამდე ცოტა დაგვაკლდა - კვირის პალიტრა

ვერცხლამდე ცოტა დაგვაკლდა

ევროპის გუნდური ჩემპიონატი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მესამე ადგილზე დაასრულა.ბერძნულ პორტო-კარასში ჩატარებულ ევროპირველობის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა (ნანა ძაგნიძე, სალომე მელია, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე) რუმინეთის გუნდს 2,5:1,5 მოუგო და პოლონეთის ნაკრების მსგავსად, 14 ქულა დააგროვა. თუმცა ამ უკანასკნელებს დამატებითი მაჩვენებლით ჩამორჩა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. კარგი სტარტის შემდეგ ჩვენებურებმა მეხუთე-მეექვსე ტურებში ზედიზედ ორი მარცხი იწვნიეს რუსეთსა და უკრაინასთან და მართალია, მერე დარჩენილი სამივე ტური სათავისოდ დაასრულეს, მესამე ადგილზე ზემოთ მაინც ვერ აინაცვლეს. ყველაზე დასანანი კი ის არის, რომ გადამწყვეტ, ბოლო ტურში დამარცხდა მანამდე შესანიშნავად მოთამაშე ნინო ხურციძე. არადა, შვიდი ტურის შემდეგ ნინოს 6,5 ქულა ჰქონდა და მაინცდამაინც რუმინელ ირინა ბულმაგასთან რომ არ დამარცხებულიყო, ვერცხლის მედლის მოპოვებაც შეგვეძლო. კიდევ უფრო დასანანი ის არის, რომ მეორე ადგილი პოლონეთმა წაგვართვა, გუნდმა, რომელსაც ქართველებმა მეორე ტურში 2,5:1,5 მოუგეს.

რაც შეეხება ქართველ ვაჟთა ნაკრებს, ჩვენმა გუნდმა (ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი და დავით ზარქუა) 38 ნაკრებს შორის მე-13 ადგილი დაიკავა.