საქართველო - მოლდოვააააა - კვირის პალიტრა

საქართველო - მოლდოვააააა

ნაკრებმა მოგების გემო გაიხსენა

"საგოლე მომენტების რეალიზება და ემოციების გაკონტროლება კვლავაც გვიჭირს"

სათაურმა არ დაგაბნიოთ - განსაკუთრებულად არც სტუმრებს გავუოცებივართ და არც საქართველოს ნაკრებს, მაგრამ გასულ პარასკევს გამართული მატჩისას რამდენიმე აღსანიშნავი ფაქტი ნამდვილად მოხდა. ჯერ ერთი, ბოლო მატჩების, შედეგებისა და დებიუტანტების სიმრავლის ფონზე, ქეცბაიას გუნდი ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა - ქართველ ფეხბურთელებს უპირატესობაც ჰქონდათ, არც სისწრაფე და მონდომება დაეწუნებოდათ და ოთხწლიანი პაუზის შემდგომ (ამჟამინდელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველად. - ავტ.) ისევ მოახერხეს ორბურთიანი სხვაობით გამარჯვება. მეტიც, მოედანზე ახალშესულ გრიგალაშვილს მატჩის მიწურულს პენალტი უფრო ყურადღებით რომ დაერტყა, სულაც 3:0 გავიმარჯვებდით. და კიდევ, შარშანდელივით წლის პირველი და ბოლო მატჩი თემურ ქეცბაიას კრებულმა წელსაც მოგებით დაასრულა.

ზედიზედ მეორე შეხვედრაა, საქართველოს ნაკრები მატჩის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მოთამაშეს თამაშის მსვლელობისას რომ კარგავს. თუ ბერძნებთან შეხვედრის დროს, დავით თარგამაძე ტრავმის გამო გამოგვაკლდა, ამჯერად, კაცნაკლული სანდრო კობახიძის ემოციურობის გამო დავრჩით: ახალგაზრდა ფეხბურთელმა წაქცეული თანაგუნდელის გამოსასარჩლებლად მისული მეტოქისგან ხელის კვრა ვერ აიტანა, თავადაც იმავეთი უპასუხა და მსაჯს წითელი ბარათი გამოსტყუა. მასთან ერთად, აზერბაიჯანელმა არბიტრმა ჩხუბის წამომწყები არმაშიც გააძევა და რიცხობრივი უპირატესობა არც ერთ გუნდს არ დარჩენია, მაგრამ თავისთავად ის, რომ წითელი ბარათი ჩვენი და მოლდაველების შეხვედრების უცვლელ "ატრიბუტად" იქცა, სასიამოვნო ნამდვილად არ არის. სამწუხაროდ, ისეთი მოთამაშეებიც ბევრი გვინახავს, მთელი მატჩის განმავლობაში რომ "სძინავთ" და მხოლოდ მაშინ გამოცოცხლდებიან ხოლმე, მოწინააღმდეგესთან ჩხუბის ან მსაჯთან კამათის შესაძლებლობა თუ მიეცათ. მაგრამ კობახიძეზე იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით, - სანამ გააძევებდნენ, თამაშისასაც ისეთივე აქტიური იყო, როგორიც არმაშთან გაწევ-გამოწევისას.

მარცხენა ფლანგზე გამწესებულმა კობახიძემ რამდენიმე არაზუსტი გადაცემითაც დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ საერთო ჯამში, ბევრი იშრომა და ანგარიშიც სწორედ მან გახსნა: 36-ე წუთზე ნიკოლოზ გელაშვილის (რომელიც, გურამ კაშიასთან ერთად, ასევე ძალიან აქტიური იყო. - ავტ.) მიერ საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი თერთმეტმეტრიანი ნიშნულის სიახლოვეს მყოფმა დაუხვედრა და გაიდუკევიჩს აუღებელი დაურტყა. სანდრო კობახიძისთვის ეს პირველი სანაკრებო გოლი გახლდათ, ოღონდ, სანამ ახალგაზრდა მოთამაშე თავს დატეხილ ბედნიერებას გაიაზრებდა, სტუმართა კარში მეორე ბურთიც გავიდა. ამაში "დამნაშავე" ვლადიმერ დვალიშვილი აღმოჩნდა, რომელიც ქეცბაიასთვის ჩვეული სტრატეგიის შესაბამისად, ამჯერადაც ერთადერთი ნომინალური ფორვარდი იყო. დიდი ხანია, ლადოს ნაკრებში ბურთი აღარ გაუტანია, სამაგიეროდ, პენალტი სწორედ საჯარიმოში მის წაქცევას მოჰყვა და ჯანო ანანიძემ ანგარიშის სხვაობა ორამდე გაზარდა.

2011 წელი ანანიძისთვის წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა. ტრავმების გამო ეროვნული გუნდის მატჩებიც გამოტოვა და რუსეთის ჩემპიონატის წლის ერთ-ერთ უმთავრეს იმედგაცრუებადაც დაასახელეს. ამ ყველაფრის შემდგომ, კარგია, რომ ჯანომ ფორმა სეზონის მიწურულს მაინც დაიბრუნა, - რამდენიმე დღის წინ "სპარტაკის" დუბლშემადგენლობაშიც გაიტანა და ნაკრებში დაბრუნებაც გოლით აღნიშნა.

ზემოთ გადახალისებული შემადგენლობა ვახსენეთ. თემურ ქეცბაიამ მოლდავეთთან მატჩში 17 ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, აქედან სამი სულაც დებიუტანტი, თანაც სამივე ეროვნული ჩემპიონატის კლუბების წარმომადგენელი იყო! ირაკლი მაისურაძე მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში ათამაშა, თორნიკე გორგიაშვილი და გიორგი ჯანელიძე კი მეორე ტაიმში შეუშვა მოედანზე. აღსანიშნავია, რომ მეორე თერთმეტმეტრიანი (პირველი ეპიზოდისგან განსხვავებით, ამჯერად წესების დარღვევა აშკარა იყო. - ავტ.) სწორედ დებიუტანტმა მოინაგრა - გიორგი ჯანელიძე თამაშში ერთი წუთის ჩართული იყო, როცა საჯარიმოში მოცელეს. პენალტის დარტყმა საკუთარ თავზე შეცვლაზე ჯანელიძესთან ერთად შესულმა შოთა გრიგალაშვილმა აიღო, თუმცა, მეტისმეტი მოინდომა და გაიდუკევიჩი მის მიერ დარტყმულ ბურთს იოლად დაეუფლა.

პენალტი გრიგალაშვილზე გაცილებით გამოცდილ და სახელიან მოთამაშეებსაც ვერ გაუტანიათ, მაგრამ გასაკვირი უფრო ის არის, თუ თერთმეტმეტრიანი დარტყმა მაინცდამაინც მოედანზე ორიოდ წუთით ადრე გასულ მოთამაშეს უნდა შეესრულებინა, საქმეს სერიოზულად მაინც რატომ არ მიუდგა? თუმცა, მთავარია, წარუმატებელი სერია, რომელიც მიმდინარე წლის 26 მარტის შემდეგ გრძელდებოდა, დასრულებულია და მოგების გემო ჩვენმა ნაკრებმაც გაიხსენა. მიუხედავად იმისა, რომ მოლდაველთა სახით ძლიერი მეტოქე ნამდვილად არ გვყოლია, გამარჯვება უპირველესად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო აუცილებელი. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ მოლდავეთის ნაკრებთან შეხვედრებში უარყოფითი ბალანსი გვაქვს. ქართველმა ფეხბურთელებმა ამჯერადაც ბევრი შეცდომა დაუშვეს, საგოლე მომენტების რეალიზება და ემოციების გაკონტროლება კვლავაც გვიჭირს, მაგრამ 11 ნოემბრის მატჩი ეროვნულ გუნდს მაინც აქტივში უნდა ჩავუწეროთ. და იქნებ ნაკრებზე გულაცრუებული ქომაგი (მოლდავეთთან მატჩს 5 ათასი მაყურებელიც კი არ დაესწრო. - ავტ.) ეროვნული გუნდისკენ ისევ მიბრუნდეს.

P. S. კალენდარზე ერთიანების სიმრავლის (11.11.2011. - ავტ.) მიუხედავად, გასულ პარასკევს ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებმა ტრადიცია დაარღვია და ერთის ნაცვლად, ორბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა. "კარის გაჯახუნებაში" საქართველოს ნაკრები ყოველთვის მაგარი იყო, მაგრამ გული მიგრძნობს, წლის ბოლო მატჩში გამარჯვებას ამჯერად გაცილებით დიდი ფასი დაედება, - ახალ შესარჩევ ციკლში ხომ ისეთი მეტოქეები გვყავს, დიდი შანსია, ორბურთიანი კი არა, ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება გაგვიხდეს სანატრელი.