"ეროვნული ზარალის ასოციაცია" - კვირის პალიტრა

"ეროვნული ზარალის ასოციაცია"

ახალი ლოგო  NBA-სთვის?

დიდია ალბათობა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი წელს აღარ დაიწყოს. ყოველ შემთხვევაში, ის მატჩები, რომლებიც  NBA-ს კალენდრის მიხედვით 15 დეკემბრამდე უნდა ჩატარებულიყო, უკვე ოფიციალურადაა გადადებული. დაპირისპირებული მხარეები რამდენიმე დღეშიც რომ მორიგდნენ, ჩემპიონატის დაწყებამდე მინიმუმ ერთი თვე მაინც გავა. ამასობაში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეებმა ლიგის ხელმძღვანელობას კალიფორნიის სასამართლოში უჩივლეს და NBA-ს კლუბებისთვის ნებისმიერი საკალათბურთო ოპერაციების აკრძალვას ითხოვენ. კალიფორნიის სასამართლოში ასეთი საქმეების სწრაფად "მოკვარახჭინების" ოსტატები არიან, მაგრამ თუ პროცესი გაჭიანურდა, შეიძლება, 2011-12 წლების სეზონი საერთოდ ჩაიშალოს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პერსპექტივა არავის ხიბლავს, კლუბების მეპატრონეთა ნახევარზე მეტი მზადაა ასეთი ნაბიჯიც კი გადადგას, რათა საბოლოოდ მომგებიან ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი. რაც უფრო დიდი ხნით გადაიდება სეზონის სტარტი, მით მეტი იქნება ზარალიც. ამ დროისთვის  NBA-ს ერთ-ერთმა კაშკაშა ვარსკვლავმა კობი ბრაიანტმა უკვე იზარალა მილიონ დოლარზე მეტი, დირკ ნოვიცკიმ თითქმის 800 ათასი დაკარგა, ლებრონ ჯეიმსმა კი 670 ათასი. ამერიკელმა ეკონომისტებმა ისიც გამოითვალეს, რამხელა ზარალს ნახავენ აშშ-ის ის ქალაქები, რომელთა კლუბებიც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშობენ. მაგალითად, ლოკაუტის გამო მაიამი 200 მილიონამდე ზარალს ნახავს, სან-ანტონიო 90 მლნ-ს დაკარგავს, ოკლაჰომა და პორტლენდი 60 მლნ-ს და ა.შ.

P.S. მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში ახლა ისეთი ვითარებაა, NBA-ს ლამის "ეროვნული ზარალის ასოციაცია" შეარქვან. თუმცა, სანამ ლიგას სახელს გამოუცვლიდნენ, ერთ-ერთმა ვებგვერდმა ასოციაციის ლოგოს თავისებური, ერთობ აქტუალური ვარიანტი გამოაქვეყნა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.