"თაგვი" "პენსიონერების ქალაქიდან" - კვირის პალიტრა

"თაგვი" "პენსიონერების ქალაქიდან"

თარგამაძე პორტუგალიისკენ იყურება

კარგა ხანია, საქართველოს ნაკრებში მისნაირი მკვირცხლი გარემარბი აღარ გამოჩენილა. ამიტომაც, ვისაც დავით თარგამაძის თამაში უნახავს, აღარ უჩნდება კითხვა, რატომ შეარქვეს თავის დროზე მეტსახელად "თაგვი". 22 წლის შემტევი ნახევარმცველი ჩინებული სისწრაფითა და დრიბლინგით გამოირჩევა და უკრაინული "ოლექსანდრიას" ლიდერადაც ლამის კლუბში მისვლისთანავე იქცა. ეგ კი არა, ეროვნული გუნდის ქომაგთა გულიც პირველივე მატჩში მოიგო. საყოველთაო შეფასებით, ნაკრებში ზედიზედ ჩატარებულ ოთხივე მატჩში დათო ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ, საბერძნეთთან შეხვედრაში კი, სანამ ტრავმას მიიღებდა, სადებიუტო გოლის გატანაც მოასწრო. სხვათა შორის, უკრაინული პრესა ირწმუნება, ბერძნებთან 11 ოქტომბრის მატჩს "პორტუს" სკაუტებიც დაესწრნენ და... პორტუგალიის მრავალგზის ჩემპიონის შემადგენლობაში თარგამაძის გადაბარგება მხოლოდ დროის ამბავიაო! ჟოზე მოურინიოს ყოფილი კლუბის გარდა, ახალგაზრდა ქართველის გადაბირებით პრემიერლიგის (როგორც ინგლისის, ისე რუსეთის. - ავტ.) გუნდებიც ყოფილან დაინტერესებული და მისი დაბრუნება თბილისის "დინამოსაც" სურს. რა ხდება რეალურად და თავად საით მიუწევს გული, ამის დასადგენად დავით თარგამაძეს უკრაინაში, კიევის "დინამოსთან" მატჩის წინ შევეხმიანეთ:

- ჩემი გადაბირების სურვილი რამდენიმე კლუბს მართლაც აქვს, მოლაპარაკებებიც გრძელდება, თუმცა, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. უკრაინის ჩემპიონატის პირველი წრე 10 დეკემბერს მთავრდება და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, სად გავაგრძელებ კარიერას. მთავარია, კოჭის ტრავმა მოვირჩინე და ახლა მხოლოდ უკრაინის ჩემპიონატზე ვფიქრობ.

- ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში "ოლექსანდრიას" პრეზიდენტმა ნიკოლაი ლავრენკომ თქვა, არ უარვყოფ, რომ თარგამაძის მიმართ ინტერესს არაერთი კლუბი იჩენს, მაგრამ ის ჩვენთვის "კომერციული პროექტი" არ არის და გვინდა, ჩვენთან დარჩესო.

- აბა, რას იტყვის (იცინის)? ლავრენკოს მართლაც უნდა, რომ "ოლექსანდრიაში" დავრჩე, მაგრამ თუ უკეთესი შემოთავაზება იქნება, რასაკვირველია, წავალ.

- ბოლო დღეებში თქვენი შეძენით დაინტერესებული კლუბების თაობაზე უამრავი ჭორ-მართალი გავრცელდა. იქნებ თავად გაგვარკვიოთ, სინამდვილეში რომელი გუნდები აქტიურობენ ყველაზე მეტად?

- ჯერჯერობით, დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ რაც ჩემი აგენტისგან ვიცი, უკრაინული კლუბების გარდა, ჩემი შეძენა რუსულ გუნდებსაც (ჩვენი ინფორმაციით, ყველაზე მეტად მოსკოვის "დინამო" აქტიურობს. - ავტ.) სურთ, დაინტერესებულია ინგლისური კლუბიც (ლაპარაკი იყო "ბირმინგემზე". - ავტ.). ვნახოთ, რამდენიმე დღეში ყველაფერი გაირკვევა.

- უკრაინულმა "სპორტ-ექსპრესმა" დაწერა, თარგამაძე "პორტუსთან" წინასწარ კონტრაქტს ამ დღეებში გააფორმებს და პორტუგალიურ გრანდს იანვრიდან შეუერთდებაო. ამაზე რას იტყვით?

- ჩემმა მენეჯერმა მითხრა, რომ ინტერესს პორტუგალიური კლუბის წარმომადგენლებიც იჩენენ. თუმცა, რომ დაიწერა, შეთანხმება უკვე მიღწეულიაო, არ არის მართალი, უკვე ხელმოწერილ კონტრაქტებს ასაიდუმლოებენ ხოლმე და რაც არ მომხდარა, იმაზე წინასწარ ლაპარაკი არასწორია. ისე კი, ადრეც ვთქვი, არჩევანის შესაძლებლობა რომ იყოს, "პორტუში" გადასვლაზე რომელი ჭკუათამყოფელი იტყვის უარს? ევროპაში თამაში ძალიან მინდა და ვნახოთ, რა იქნება.

- ცოტა ხნის წინ ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2013 წლამდე გაახანგრძლივეთ და ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია, რომ თქვენი შეძენის მსურველს "ოლექსანდრიისთვის" მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. არადა, როგორც ცნობილია, უკრაინელებმა "ფრაიბურგს" ამ თანხაზე ბევრად ნაკლები გადაუხადეს.

- თუ არ ვცდები, კომპენსაციად "ფრაიბურგმა" მაშინ 200 ათას ევრომდე მიიღო. რაც შეეხება "ოლექსანდრიასთან" კონტრაქტს, ეს ახლა ჩაიწერა გამოსასყიდ თანხად მილიონი ევრო, თორემ წინა კონტრაქტის მიხედვით ორი მილიონი იყო.

- როდესაც თქვენი ოსტატური თამაშის "საიდუმლოზე" გკითხეს, ქართულ ტექნიკასთან, ტემპერამენტსა და გერმანულ პრაგმატიზმთან ერთად, უკრაინული ფეხბურთიც ახსენეთ. მაინც, რა მოგცათ "ოლექსანდრიაში" გატარებულმა პერიოდმა?

- ძალიან დიდი გამოცდილება. და რაც მთავარია, როცა ძალიან მჭირდებოდა, ყველანაირად დამიდგნენ გვერდში. ამას არასდროს დავივიწყებ. "ოლექსანდრია" კარგი, მეგობრული გუნდია. საფეხბურთო თვალსაზრისით ახლა ცუდი პერიოდი გვაქვს, მაგრამ იმედია, ყველაფერი გამოსწორდება.

- უკრაინაში როგორ მოხვდით?

- მანამდე თბილისის "დინამოსა" და "ფრაიბურგში" მაქვს ნათამაშები. გერმანულ კლუბთან კონტრაქტი რომ დამიმთავრდა, საქართველოში დავბრუნდი და სანამ მენეჯერი ჩემთვის ახალ კლუბს ეძებდა, ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. რამდენიმე კლუბი კი იყო დაინტერესებული, მაგრამ რეალურ წინადადებამდე საქმე არ მისულა, არც საქართველოს ჩემპიონატში მინდოდა დარჩენა, ამასობაში აგვისტოს ბოლო და შესაბამისად, სატრანსფერო ფანჯრის დახურვაც მოახლოვდა. უფლის წყალობით ბოლო მომენტში გამოჩნდა "ოლექსანდრიას" ვარიანტი და არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. უთამაშებელ ფეხბურთელს კარგ გუნდში არავინ აიყვანს. ასე რომ, იმჯერად უკრაინული კლუბი ყველაზე მისაღები ვარიანტი იყო. მართალია, "ფრაიბურგის" მერე ასეთ გუნდში გადასვლა ბევრმა უკან გადადგმულ ნაბიჯად ჩამითვალა, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან უპირველესად ჩემთვის სათამაშო პრაქტიკა და ფორმის აღდგენა იყო მთავარი. უკრაინაში რომ არ წამოვსულიყავი, ალბათ, ვერც ნაკრებში ვითამაშებდი.

- ეროვნულ გუნდში კი მართლაც შთამბეჭდავი დებიუტი გამოგივიდათ.

- პირველად თემურ ქეცბაიამ პოლონეთთან ამხანაგურ მატჩში მომცა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი, მაგრამ მგონი, ცუდად არ მითამაშია. ყველაზე მეტად კი ბერძნებთან მატჩზე დამწყდა გული: შეხვედრის დაწყებამდე წინათგრძნობა მქონდა, რომ კარგად უნდა გვეთამაშა და ასეც მოხდა, ვიგებდით კიდეც, მაგრამ ათ წუთში ორი დასანანი ბურთი გავუშვით და წავაგეთ.

- ოლექსანდრია პატარა, პროვინციული ქალაქია. ერთი მხრივ, ეს კარგიც არის - ერთმანეთს ყველა იცნობს და კლუბსაც ერთგული ქომაგები ჰყავს, მაგრამ დროის გასაყვანად არც ისე დიდი არჩევანი იქნება. თავისუფალ დროს რითი ერთობით?

- სასიამოვნოა, როცა ქუჩაში გცნობენ, სითბოს გამოხატავენ და შენი ეიმედებათ, მაგრამ გართობას რაც შეეხება, ამ მხრივ აქ მართლაც მძიმედ არის საქმე (იცინის). ოლექსანდრიას "პენსიონერების ქალაქსაც" კი ეძახიან, რადგან ახალგაზრდებისთვის გასართობის პოვნა რთული საქმეა. თავისუფალ დროს დნეპროპეტროვსკში, კიევში ან რომელიმე სხვა დიდ ქალაქში თუ ჩახვალ.

- მეტსახელზეც მოგვიყევით...

- "თაგვი" წლების წინ შემარქვა 35-ე სკოლის მწვრთნელმა კახა კიკალიშვილმა და მეგობრები დღემდე ასე მეძახიან.

- მცველებს შორის თაგვივით ახლაც ხშირად გაძვრებით ხოლმე და სათამაშო სტილიდან გამომდინარე, არც ის არის რთული გამოსაცნობი, როგორი ფეხბურთელები მოგწონთ.

- ძალიან მიყვარს მარადონა და ლიონელ მესი, მაგრამ პირველ ადგილზე დიეგოს ვაყენებ.