კაპელო მახაჩყალისთვის ემზადება? - კვირის პალიტრა

კაპელო მახაჩყალისთვის ემზადება?

გასულ პარასკევს ჟურნალისტებმა მოსკოვში... ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი  ფაბიო კაპელო "აღმოაჩინეს". "აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ დიდ თეატრს ვესტუმრო.მომიწვიეს და უარს ვერ ვიტყოდი," - მოკლე კომენტარით შემოიფარგლა სახელგანთქმული მწვრთნელი, თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, დონ ფაბიო მოსკოვში მხოლოდ თეატრის სიყვარულს ჩაეყვანა. ოფიციალური ვერსიით, იტალიელი სპეციალისტი რუსეთის დედაქალაქში მწვრთნელთა საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ჩავიდა, მაგრამ აპენინური მასმედია აზუსტებს, რომ ამ ვიზიტის ინიციატორი მილიარდერი სულეიმან ქერიმოვია. როგორც ცნობილია, მახაჩყალის "ანჟის" მეპატრონემ დაღესტნურ კლუბში უკვე ჩაიყვანა სიბერეშეპარული, მაგრამ ჯერაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები - რობერტო კარლოსი და სამუელ ეტოო, ახლა კი ფაბიო კაპელოსაც "ეკურკურება". მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის გადაბირება ქერიმოვს, დიდი ხანია, გულში ამოუჭრია და როგორც ჩანს, საწადლის მიღწევას "საკუთარ მოედანზე" აპირებს. იტალიისა და ესპანეთის მრავალგზის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და უეფას სუპერთასის მფლობელი - ასეთია დონ ფაბიოს ტიტულების ჩამონათვალი, თუმცა 65 წლის კაპელოს არაერთხელ უთქვამს, რომ ინგლისის ნაკრებთან ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, სავარაუდოდ, მწვრთნელობას თავს დაანებებს... მაგრამ თუ სულეიმან ქერიმოვის გულუხვობასთან ერთად იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ინგლისელებთან ფაბიოს კონტრაქტი "ევრო-2012"-ის დასრულების შემდეგ იწურება, დიდია ალბათობა, მომავალი წლის ივლისიდან კაპელო მართლაც გადაბარგდეს დაღესტანში.

P.შ. მეუღლე ლაურასთან ერთად ფაბიო კაპელო მოსკოვის დიდ თეატრს ესტუმრა და სეზონის პრემიერას - ბალეტ "მძინარე მზეთუნახავს" დაესწრო, იმას კი, რამდენად ნაყოფიერად ჩაიარა "მეორე განყოფილებამ" სულეიმან ქერიმოვისთვის, დრო გვიჩვენებს...