ევროთასებზეც და ირანშიც - კვირის პალიტრა

ევროთასებზეც და ირანშიც

გასული კვირა ქართული კალათბურთისთვის ყოველმხრივ დატვირთული იყო - ჩვენებმა თავი თბილისის სპორტის სასახლეშიც გამოიჩინეს, ევროლიგაზეც და თქვენ წარმოიდგინეთ...ირანშიც კი! ჩვენც თანამიმდევრობით მივყვეთ: საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის "არმიამ" ევროჩელენჯზე მესამე მატჩი ჩაატარა და ჰოლანდიურ "ლეიდენს" დაძაბულ ბრძოლაში 74:71 მოუგო. ამგვარად, კოტე ტუღუშის გუნდს საკუთარ მოედანზე 100%-ანი მაჩვენებელი აქვს - სპორტის სასახლეში ჩატარებულ ორივე მატჩში გაიმარჯვა. შეგახსენებთ, ევროთასზე თავისთვის სადებიუტო შეხვედრაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდმა გერმანული "გოტინგენი" დაამარცხა, მერე კი, თურქეთში, "ბეშიქთაშთან" წააგო. კარგია, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ქართული კლუბი ევროთასს ისევ დაუბრუნდა, ისიც კარგად გვესმის, რომ ძლიერი ლეგიონერების გარეშე თანამედროვე სპორტში წარმატების მიღწევა ძალიან რთულია, მაგრამ "ლეიდენთან" "არმიის" ძირითადი ხუთეულის ყველა წევრი რომ უცხოელი იყო, ამაზე რას იტყვით?!

თურქეთის "გალათასარაის" ხელმძღვანელობას სანანებლად ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს, ზაზა ფაჩულია ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გამოცხადებული ლოკაუტის დასრულებამდე რომ დაიმატა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ტრავმა ბოლომდე მოიშუშა და სტამბოლელთა ერთ-ერთ ლიდერად იქცა. ევროლიგის ბოლო ტურში "გალათასარაიმ" საკუთარ მოედანზე პოლონურ "პროკომს" მოუგო, ქართველმა ცენტრმა კი 19 ქულას, 10 მოხსნას და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. კარგად ითამაშეს ევროლიგაზე მოასპარეზე დანარჩენმა ქართველებმაც: თორნიკე შენგელიას "შარლერუა" მადრიდში ბოლო წუთებამდე ეომა "რეალს", მაგრამ მაინც დამარცხდა - 89:93, 20 წლის ქართველმა კი 11 ქულას 5 მოხსნაც დაუმატა. მინიმალური სხვაობით წააგო სტუმრად "ნანსისთან" იტალიურმა "კანტუმ", რომლის ღირსებასაც მანუჩარ მარკოიშვილი (10ქ, 2მ) და გიორგი შერმადინი (9ქ, 3მ) იცავენ.  ჩინებულად მოერგო ახალ კლუბს ირანულ "მაჰრამში" გადაბარგებული ნიკოლოზ ცქიტიშვილი. "სკიტას" ტემპი არც სადებიუტო შეხვედრაში შესრულებული ორმაგი დუბლის (17ქ, 11მ) შემდეგ დაუგდია და თითქმის ყველა მატჩში თანაგუნდელთა შორის საუკეთესოა. ბოლო წლებში ირანის უცვლელი ჩემპიონი "მაჰრამი" კი შვიდი ტურის შემდეგ ჩემპიონატს კვლავაც დაუმარცხებლად ლიდერობს.