"გაგრამ" გაილაღა და გაინაღდა - კვირის პალიტრა

"გაგრამ" გაილაღა და გაინაღდა

დერბი ზესტაფონში გაგრძელდება

იმერული დერბი ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ ქუთაისის "ტორპედოსა" და "ზესტაფონის" შეხვედრები მეტ ინტერესს მას შემდეგ იწვევს, რაც ზესტაფონელთა კვალად, ქუთაისურ კლუბშიც სერიოზული ინვესტიცია ჩაიდო, სულ ცოტა ხნის წინ კი  დერბიმ დამატებითი ინტრიგაც შეიძინა - გია გეგუჩაძე ყოფილი კლუბის წინააღმდეგ! ამჯერად ეს ორი გუნდი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალში გადაეყარა ერთმანეთს და "ტორპედოს" სტადიონზე შეკრებილმა 5 ათასამდე მაყურებელმა თვალსასეირო სანახაობაც იხილა; მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ თასის შარშანდელი გათამაშებისგან განსხვავებით, ამჯერად იმერულმა დერბიმ ექსცესების გარეშე ჩაიარა. პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში გაილია, მაგრამ ანგარიში მაინც მასპინძლებმა გახსნეს - 34-ე წუთზე "ტორპედო" დავით გამეზარდაშვილმა დააწინაურა. მეორე ტაიმში სტუმრები უფრო აქტიურად უტევდნენ და ქუთათურთა მეკარის საოცარი რეაქცია რომ არა, დიდი ანგარიშით გამარჯვებაც შეეძლოთ. თუმცა, მიგინეიშვილის კარის დალაშქვრა "ზესტაფონმა" მხოლოდ ერთხელ, ისიც მატჩის მიწურულს შეძლო - 84-ე წუთზე ჯაბა დვალმა ულამაზესი გოლი გაიტანა და განმეორებითი მატჩის წინ საკუთარი გუნდი წყვილის ფავორიტად აქცია.

არანაკლებ საინტერესო გამოდგა მეოთხედფინალის დანარჩენი მატჩებიც: რუსთავის "მეტალურგმა" 1:0 მოუგო "ვიტ ჯორჯიას", "ბაია" და გორის "დილა" კი ზუგდიდში 2:2 დაზავდნენ. თუმცა, თუ უკვე ნახსენებ წყვილებს შორის გამარჯვებულის გამოცნობა რთული საქმეა, "გაგრა"-"მერანის" დუელზე იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით - კალანდაძის, შარიქაძის, ჯერემიას (მეგრელი არ გეგონოთ, "გაგრას" ნიგერიელი თავდამსხმელია. - ავტ.) და ტყეშელაშვილის გოლებით მასპინძლებმა მარტვილელ სტუმრებს 4:0 მოუგეს და ფაქტობრივად, გაინაღდეს ნახევარფინალის საგზური. ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში "მერანი" ზვიად ჯელაძის გუნდზე უკეთ გამოიყურება და ასეთ ანგარიშს ნამდვილად არავინ ელოდა. მასპინძელთაგან კი საუკეთესო შარიქაძე გახლდათ, რომელმაც ერთი გოლი თავად გაიტანა, ორი კი თანაგუნდელებს გაატანინა...