უეფამ მოლდავეთში "გაგვცვალა"? - კვირის პალიტრა

უეფამ მოლდავეთში "გაგვცვალა"?

დებულება გრიფით - "საიდუმლო"

იოტისოდენა იმედი, რომ უეფა თავის გადაწყვეტილებას შეცვლიდა და საჩვენო ვერდიქტს გამოიტანდა, არ გამართლდა. ყოველ შემთხვევაში, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ამაზე მიანიშნებს და გასულ კვირას, ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე  ბრძოლას არა საქართველოს, არამედ მოლდავეთის ნაკრები გააგრძელებს. როგორც ჩანს, ჩვენი სიხარული ნაადრევი გამოდგა და ქართულმა ფეხბურთმა ვერც დარბაზში გაიხარა. შეგახსენებთ, მეორე ეტაპის საგზური საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რამდენიმე კვირის წინ თბილისის სპორტის სასახლეში მოიპოვა. პირველი შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში ერთმანეთს ქვეჯგუფის ლიდერები - საქართველო და მოლდავეთი დაუპირისპირდნენ, უეფას დელეგატმა კი ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე განაცხადა, რომ შეხვედრის ფრედ დასრულების შემთხვევაში პენალტების სერია დაინიშნებოდა. მატჩი მართლაც ფრედ - 2:2 დასრულდა, მატჩის შემდგომი პენალტები კი მასპინძლებმა მოლდაველებზე უკეთ შეასრულეს და თითქოს მეორე ეტაპის საგზურსაც დაეუფლნენ, თუმცა... ნურას უკაცრავად - მოლდავურმა მხარემ გათამაშების დებულება მოიშველია, შედეგი უეფაში გაასაჩივრა და საწადელსაც მიაღწია!

დებულების მიხედვით, მატჩის არბიტრი მართლაც ვალდებული იყო, 2:2-ის შემდეგ ქვეჯგუფის გამარჯვებულად პირდაპირ, ყოველგვარი პენალტების  გარეშე გამოეცხადებინა უკეთესი რეიტინგის მქონე მოლდავეთის ნაკრები. თუმცა, ცხადია, რომ ქართველები შეცდომაში მატჩის დელეგატმა შეიყვანა - მასპინძლებს რომ სცოდნოდათ, 2:2-ის შემთხვევაში საგზური მოლდავეთისა იყო, პენალტების სერიას აღარ დაელოდებოდნენ, დარჩენილ წუთებს მთლიანად შეტევაში გაატარებდნენ და იქნებ გამარჯვების გოლიც გაეტანათ. მაგრამ არა მგონია, ტურნირის დებულებას გრიფი "საიდუმლო" ედოს - ქართული მხარე მხოლოდ უეფას დელეგატის იმედად რომ არ ყოფილიყო და დებულებას მანამდე თავადაც გასცნობოდა, იქნებ საქმე აქამდე არც მისულიყო. თავის მხრივ, მოლდაველებისაც გამკვირვებია - თუ იცოდნენ, რომ დებულების თანახმად, პენალტები არ ეკუთვნოდათ, რატომღა დაარტყეს? მაგრამ დასაკარგი ბევრიც არაფერი ჰქონდათ - თუ მატჩის შემდგომ "ლატარიაში" არ გაუმართლებდათ, აპელაცია და მისი ჯანი... ასეა თუ ისე, მოსახდენი მოხდა: უეფამ მოლდავეთის აპელაცია განიხილა, დააკმაყოფილა და უკვე საკუთარ ვებგვერდზეც ოფიციალურად მიუჩინა ადგილი - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მე-3 ჯგუფში მოლდავეთი სერბეთთან, სლოვენიასა და ისრაელთან ერთად მოხვდა. თავის მხრივ, აპელაცია ქართველებმაც შეიტანეს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, უეფამ გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეცვალოს...