ჩაკვეტაძე ყველაზე სექსუალურია - კვირის პალიტრა

ჩაკვეტაძე ყველაზე სექსუალურია

ქართული წარმოშობის რუსი ჩოგბურთელი ანა ჩაკვეტაძე რუსული პოლიტიკური სპექტრის ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარეს. შეგახსენებთ, რომ 4 დეკემბერს ჩატარებულ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში 24 წლის სპორტსმენი დეპუტატად "პრავოე დელოს" პარტიული სიით იყრიდა კენჭს. სოციალური ქსელებისა და პოლიტიკური ფორუმების მომხმარებლებმა წინასწარი გამოკითხვის შედეგად რუსულ პოლიტიკაში მოღვაწე ყველაზე სექსუალური ქალები გამოავლინეს, ცხრა ფინალისტს შორის კი, ყველაზე მეტი ხმა სწორედ პოლიტარენის დებიუტანტმა - ანა ჩაკვეტაძემ მიიღო. მას რამდენიმე ათეული ხმით ჩამორჩა და მეორე ადგილზე გავიდა ყოფილი ტანმოვარჯიშე და ვლადიმირ პუტინთან "დაახლოებული პირი" - ალინა კაბაევა, რეიტინგის მესამე პოზიცია კი ჯაშუშური სკანდალის მთავარ გმირს - ანა ჩაპმანს ერგო. ბუნებრივია, მოსკოვში დაბადებულ-გაზრდილი ჩაკვეტაძე ჩოგანს ყოველთვის რუსეთის სახელით იქნევდა, მაგრამ თავის ქართულ წარმომავლობასაც ხშირად ახსენებდა. 2007 წლის სექტემბერში ის მსოფლიოს მეხუთე ჩოგანიც კი იყო, თუმცა, უკვე კარგა ხანია, ტრავმის გამო იძულებითი შვებულება აქვს გამოწერილი. რუსმა ჩოგბურთელმა წელს რამდენჯერმე დაკარგა გონება კორტზე და ავადმყოფობის გამო კარიერის დასრულებაც კი გადაწყვიტა. მართალია, მაშინ საყვარელ თამაშს მაინც ვერ შეელია, მაგრამ თუ გადეპუტატდება, ჩოგნის დაშალითება, სავარაუდოდ, მაინც მოუწევს. თუ სახელმწიფო სათათბიროში მოხვდა, ანა ჩაკვეტაძე არა მხოლოდ "ყველაზე სექსუალური", ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატიც იქნება.