ნოვაკ "შეუჩერებელი" - კვირის პალიტრა

ნოვაკ "შეუჩერებელი"

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, მსახიობობაც მოსინჯა და ბულგარეთში ვიზიტის დროს გახმაურებულ ბლოკბასტერ "შეუჩერებლების" მეორე ნაწილის გადაღებებში მიიღო მონაწილეობა. პირველი ფილმის მსგავსად, ამ მძაფრსიუჟეტიანი კინოსურათის გაგრძელების რეჟისორიც სილვესტერ სტალონეა. "ბულგარეთში ყოფნისას "შეუჩერებლები-2"-ში ეპიზოდური როლი შევასრულე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ასეთ სიტუაციაში მოვხვდებოდი. გადაღების პროცესი ძალიან მომეწონა და მოუთმენლად ველი, როდის გამოვა ფილმი კინოეკრანებზე", - ემოციას ვერ მალავდა პლანეტის უძლიერესი ჩოგბურთელი. გადასაღებ მოედანზე ჯოკოვიჩის პარტნიორები ცნობილი მსახიობები - ჯეისონ სტეტჰემი და დოლფ ლუნდგრენი იყვნენ, 24 წლის სერბი სპორტსმენისთვის კი, ბუნებრივია, ეს ეპიზოდური როლი სადებიუტო გახლდათ. "შეუჩერებლები-2" კინოეკრანებზე მომავალი წლის ზაფხულში გამოვა და სწორედ მაშინ გვექნება შესაძლებლობა, "დიდი სლემის" ტურნირების ოთხგზის გამარჯვებულის სამსახიობო მონაცემები შევაფასოთ.

სხვათა შორის, ნოვაკს უკვე აქვს "სამსახიობო" გამოცდილება, მას ხომ არაერთხელ გაუკეთებია თავისი კოლეგების, მათ შორის - მარია შარაპოვას პაროდიაც კი. შეგახსენებთ, რომ "შეუჩერებლების" პირველმა ნაწილმა შემქმნელებს 400 მილიონი დოლარი მოუტანა, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი, ფილმში ხომ ჰოლივუდური ბოევიკების მთავარი გმირების უმრავლესობა მონაწილეობდა. და რა კავშირშია ერთმანეთთან ჰოლივუდი და ჩოგბურთი? თუ "ავ ენებს" დავუჯერებთ, ბოროტმოქმედის ეპიზოდური როლის შესასრულებლად ჯოკოვიჩი არა რეჟისორმა სილვესტერ სტალონემ, არამედ პროდიუსერმა ავი ლერნერმა მიიწვია, რომელიც უკვე დიდი ხანია, ნოვაკის თაყვანისმცემელია.