მაინცდამაინც "მილანთან" - კვირის პალიტრა

მაინცდამაინც "მილანთან"

კალაძის შავი დღე და წითელი ბარათი შავ-წითლებთან

იტალიის "ჯენოას" მცველი კახა კალაძე მაინცდამაინც იმ მატჩში გააძევეს მოედნიდან, რომელშიც ყველაზე მეტად სურდა თავის გამოჩენა. სერია  A-ს მე-14 ტურში კალაძის "ჯენოამ" "მილანს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა, საქართველოს ნაკრების კაპიტანს კი მოედანი 55-ე წუთზე დაატოვებინეს. არადა, ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ "როსონერიში" გაატარა ქართველმა მცველმა კარიერის საუკეთესო წლები.

"მილანში" 9 წელი ვითამაშე, მასთან ერთად ყველაფერი მოვიგე, რისი მოგებაც შეიძლებოდა და ამ კლუბთან მხოლოდ კარგი მოგონება მაკავშირებს. თუმცა, ახლა "ჯენოაში" ვარ, გენუაში თავს ბედნიერად ვგრძნობ და მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები ფავორიტები არიან, მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ", - ამბობდა მატჩამდე მასპინძელთა ცენტრალური მცველი. ბოლო წლების სტატისტიკა "ჯენოას" ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად აძლევდა, მაგრამ სტატისტიკა და იმედი ერთია და რეალობა მეორე - "მილანს" დღეს გენუელებზე უკეთესი გუნდი ჰყავს. გარდა ამისა, მასპინძლებს საუკეთესო ბომბარდირი - პალასიო აკლდათ და რაც მთავარია, ჩვენდა სამწუხაროდ, ყოფილ კლუბს კალაძეც გვარიანად დაეხმარა. მეორე ტაიმის დაწყებიდან ათი წუთიც არ იყო გასული, 33 წლის მცველმა ორი ყვითელი ბარათის მიღება რომ მოასწრო: ჯერ ბოატენგთან ითამაშა უხეშად, 55-ე წუთზე კი საკუთარ საჯარიმოში იბრაჰიმოვიჩიც მოცელა და პენალტთან ერთად წითელი ბარათიც დაიმსახურა. თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულმა შეასრულა და ბოლო რვა შეხვედრაში მეშვიდე გოლი გაიტანა! რიცხობრივი უპირატესობის მქონე "მილანს" ანგარიშის შენარჩუნება არ გასჭირვებია, 79-ე წუთზე კი ნოჩერინომ მეორე ბურთიც გაიტანა და "მილანი" სატურნირო ცხრილში მინიმუმ ერთი დღით გაალიდერა.