მარცხისთვის განწირულნი - კვირის პალიტრა

მარცხისთვის განწირულნი

ამ ბიჭებმა არ იციან, რისთვის გადიან მინდორზე...

უნიკალური საფეხბურთო კრებულია საქართველოს ეროვნული ნაკრები. ბოლო პერიოდში საოცრად "გულჩვილი" გახდა და მამაპაპური ადათების გათვალისწინებით, ისე სტუმართმოყვრულად არიგებს ქულებს, რომ დროა ფიფა-უეფას ნაცვლად რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციაში გაერთიანდეს. ხუმრობა იქით იყოს და კარგა ხანია სათვალავი აგვერია ამ გაუთავებელი მარცხის შემხედვარეებს, თუ ბოლოს როდის გაიმარჯვა ქვეყნის ღირსებისა და პრესტიჟის დამცველმა (უფრო სწორად, დამაქცევარმა!) პირველმა საფეხბურო გუნდმა. აქამდე ვერიდებოდით ამის თქმას, მაგრამ ახლა ყველაფერი ცალსახაა: რაც უნდა მაღალკვალიფიციური სპეციალისტი იყოს ექტორ რაულ კუპერი (რაშიც ეჭვი არ გვეპარება), ამ კაცს არ ძალუძს წარუმატებლობით მოჯადოებული წრიდან საქართველოს ნაკრების გამოყვანა. ეს უკვე ისეთი ვითარებაა, რომელსაც მხოლოდ სახელიანი წარსული და ოდესღაც ევროპაში დაპყრობილი საფეხბურთო მწვერვალები ვეღარ უშველის. საქართველოს ნაკრებს დამარცხებულის მენტალიტეტი სარეველასავით მყარად გაუჯდა სხეულში და მის მოშანთვა-ამოძირკვას ბევრად მტკიცე ნებისყოფის მქონე პროფესიონალი სჭირდება, რომელიც გონიერი მწვრთნელიც უნდა იყოს და ამასთან, პირდაპირ გულის ფიცარი უნდა ეწვოდეს ოდესღაც სახელოვანი ქართული ფეხბურთის დამცრობით.

გასულ შაბათს საქართველოს ნაკრები ჩერნოგორიას ესტურა და მორიგი მარცხით "გაამდიდრა" თავისი ისტორია. და რა ისეთი გუნდია ჩერნოგორია? საშუალოზე საშუალო კრებული ორიოდე მაღალი კლასის მოთამაშით მოძლიერებული. უბრალოდ, ჩვენგან განსხვავებით, მათ იციან, როგორ განეწყონ თუნდაც ერთი კონკრეტული მატჩის მოსაგებად და ამ მიზანს მთელი მონდომებით ემსახურებიან. მატჩამდე ისეთი სიტუაცია შეიქნა ჩვენს შესარჩევ ჯგუფში, რომ ორად ორი გუნდიღაა ისეთი, რომელსაც მოგების გრაფაში ნული ეწერა. ჩერნოგორია დებიუტანტია და მისგან იქნებ არც იყო გასაკვირი ასეთი შედეგი, მაგრამ საქართველო ხომ 1994 წლიდან მონაწილეობს ევროპისა თუ მსოფლიოს შესარჩევ ტურნირებში და რაც უნდა არეული გუნდი გვყოლოდა, აქამდე ჯერაც არ მომხდარა, რომ ციკლი გამარჯვების გარეშე დაგვესრულებინა. ნავსი ვერც ჩერნოგორიაში გავტეხეთ. ახლა ბევრი იხსენებს არგენტინელი მწვრთნელის სიჯიუტეს, რომ მან ნაკრების კარი გადაურაზა ასათიანს, გოგუას, ამისულაშვილს და კიდევ ერთ-ორ ფეხბურთელს. მერე რა! რა შეიცვლებოდა ამით? არც არაფერი! როცა გუნდი წაგებულის მენტალიტეტითაა დაავადებული, მას გამოცდილ დასტაქართა კონსილიუმი, მათი უტყუარი დიაგნოზი და მკურნალობა სჭირდება. უკვე ნათელია, რომ კუპერმა დასტაქრად ვერ ივარგა და კონსილიუმის ფუნქციების შესრულება ფეხბურთის ფედერაციის ახალარჩეულ პრეზიდენტს და მის მიერვე შერჩეულ მკურნალთა კრებულს მოუწევს.

უნდა წაგვეგო ჩერნოგორიასთან? უნდა წაგვეგო და გეტყვით რატომაც: ჩვენს ნაკრებს არა აქვს მიზანი(!). არ ვგულისხმობ იმას, რომ დიდი ხანია დავემშვიდობეთ ფინალურ ეტაპზე თამაშის პერსპექტივას. ბიჭებმა არ იციან, თუ რისთვის გადიან მინდორზე! ეს არის უმთავრესი პრობლემა. გაწყვეტილია სულიერი ჯაჭვი ახლანდელ თაობასა და იმ ლეგენდარულ ქართველ ვარსკვლავებს შორის, რომლებიც ნებისმიერ გრანდს ამარცხებდნენ. ეს იმიტომ, რომ არავის აზრად არ მოსვლია, ამ ბიჭებთან ყოველი მატჩის წინ მიეყვანა ვეტერანები და მათი წარსული დიდების გახსენებით გაეღვივებინა გამოუცდელი ფეხბურთელებისთვის მებრძოლი სული. ნაკრების დღევანელი შემადგენლობიდან რამდენმა იცის, თუ რა მოხდა 1981 წლის 13 მაისს, ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვების დღეს. მატჩის წინ ხომ ლეგენდარულმა ნოდარ ახალკაცმა ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელთან, შოთა გორგოძესთან ერთად, ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ეგებ გადამწყვეტი რამ მოიმოქმედა. სტადიონზე მიმავალ ბიჭებს ავტობუსში ჰამლეტ გონაშვილის ღვთაებრივი ჰანგები აუჟღერა. რამაზ შენგელია მიყვებოდა, - ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მატჩზე მიმავალი, როგორი დაძაბულები ვიქნებოდით, ხომ იოლი წარმოსადგენია და ეს ჰანგები რომ მოვისმინეთ, მხრებში გავიშალეთ, ერთიორად ავმაღლდით და ძალები გაგვიათკეცდაო...

ნოდარ ახალკაცი ბაზაზე ცეკას მდივნებს არ აჭაჭანებდა, მაგრამ შეკრებაზე აუცილებლად იწვევდა გულმხურვალე მამულიშვილებს. აბა, წარმოიდგინეთ, ლევან სანიკიძე რომ დიდგორსა და ბასიანზე მოუთხრობდა გადამწყვეტი მატჩის წინ ფეხბურთელებს, რა შემართებით გავიდოდნენ ისინი მინდორზე საბრძოლველად. ვეძახოთ ახლა იმ პერიოდს კომუნისტური ეპოქა! კი, ბატონო, მაგრამ დღეს, ამ თავისუფალი დემოკრატიის პირობებში დიდგორი და ბასიანი რომ აღარ გვახსოვს, რისი იმედით ვაპირებთ გამარჯვებას? ნებისმიერი ფეხბურთელი მოედანზე შესვლისას მართალია, პირჯვარს იწერს  (სამწუხაროდ, ეს უფრო ჩვევას ჰგავს), მაგრამ რა ბედენაა, მუდამ წაგებულნი ტოვებენ სარბიელს.

ერთ წამს დავანებოთ თავი ოსტატობას, კლასს, გამოცდილებას... ბრძოლასა და თავდადებას წინ რა უდგას. რატომ უნდა გაპამპულოს ბავშვივით შენსავით "ორფეხა" და "ორხელა" ჩერნოგორიელმა?! თუ კლასი არ გყოფნის, ჯანი და ჯიგარი ხომ გაქვს? ებრძოლე, შეაკვდი, ეომე და ის მაინც დამანახვე, რომ არაფერი დაგიზოგავს გამარჯვებისთვის. ბორის პაიჭაძემ იცით, რა უთხრა ერთხელ "დინამოს" კარის დარაჯს, ვალტერ სანაიას? - გახსოვდეს, შენ საფეხბურთო გუნდის კი არა, დარიალის კარს იცავო! მსგავსი შეგონების მერე სასწაულებს ახდენდა, დაფრინავდა კაცი!..

მითხრას მაინც ვინმემ, ჩერნოგორიაში ვინ ახლდა საქართველოს ნაკრებს? დეიდაშვილ-მამიდაშვილები და ყვავი-ჩხიკვის მამიდები რომ დაჰყვებიან საზღვარგარეთულ ტურნირებზე ქართველ ფეხბურთელებს და ჩივაძე, ხურცილავა და კოტრიკაძე საშინაო მატჩებშიც კი სადღაც კუთხურ ალამთან ჰყავთ გამწესებული, ის გუნდი თამაშს ვერ მოიგებს! წარსული არ გინდა და მომავალს როგორ შექმნი?!

ვერასოდეს მოიცილებს წაგებულის მენტალიტეტს ქვეყანა, ვიდრე სახელოვანი ისტორია მასხარაობა ჰგონია და ნებისმიერ საქმეს (მათ შორის ფეხბურთს!) მუშტრის თვალით ზომავს. მათთვის ჩემს სიტყვებს, რა თქმა უნდა, ფასი არა აქვს, მაგრამ წაიკითხავს ამ წერილს რომელიმე ნორჩი ფეხბურთელი და თუ ჩასწვდა პაიჭაძისა და ახალკაცის სიბრძნეს, რამდენიმე წლის მერე ეგებ აღარც წავაგოთ ჩერნოგორიასთან (მალტაზე აღარაფერს ვამბობ)...

არადა, მართლა დავიღალეთ ამ გაუთავებელ მარცხზე წერითა და კითხვით. არ დაწერო, არც ეს გამოდს. იმედია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი თავკაცი მიგვიხვდება "სადიდგორე" მინიშნებას. ქართული ფეხბურთი, ამ ქვეყნის ღირსება და მისი მომავალი ხომ ჩვენი საერთო ტკივილია.

ჩვენს მოსაგებს ვერც კუპერი მოიგებს და ვერც ფერგიუსონი, რადგან ისინი ვერ გვასწავლიან უმთავრესს - სამშობლოს ჭირისუფლობას. უამისოდ კი რა გინდა, რატომ გაგყავს მინდორზე ეს ბიჭები? ჯერ ფესვები გაუცოცხლე, გაცივებული ჯიგარი გაუთბე, საფეხბურთო "დიდგორი" დაანახვე და მერე მოსთხოვე. იმასაც ნახავთ, მთებს თუ არ "გადადგამენ" ნებისმიერი რანგის მეტოქესთან ბრძოლაში...

თუთაშხიასი არ იყოს, "მიზანიც არის ნათქვამი და მიზეზიც"...

დანარჩენს გაცოცხლებული ფესვების მადლი გააკეთებს!..