ქართველმა ცხენოსანმა კიდევ ერთი გრან-პრი მოიპოვა - კვირის პალიტრა

ქართველმა ცხენოსანმა კიდევ ერთი გრან-პრი მოიპოვა

4 ოქტომბერს თბილისში გამართულ საერთაშორისო საცხენოსნო ტურნირის გამარჯვებული ქართველი ცხენოსანი გახდა. საქართველოს საცხენოსნო

ფედერაციის თასის ამჟამინდელმა ჩემპიონმა, 22 წლის შალვა გაჩეჩილაძემ 7 წლის გერმანულ იაბო "სატურნთან" ერთად კავკასიის ლიგის მსოფლიო თასის შესარჩევ მეორე ეტაპზე გრან-პრი მოიპოვა. ქართველი მხედრებისთვის ეს უკვე მეორე გრან-პრია, რითაც საქართველოს საცხენოსნო ფედერაცია კავკასიის ლიგაში მნიშვნელოვნად დაწინაურდა.

რამდენიმე თვის წინ ბაქოში გამართულ ტურნირზე პირველი გრან-პრის მფლობელი გახდა ივანე ნორაკიძე. ახლა საქართველოს საცხენოსნო ფედერაციას ფაქტობრივად ერთადერთი ნახტომი დარჩა მსოფლიო თასის ბოლო ეტაპზე გასასვლელად, სადაც ფინალში მოხვედრის შანსი კიდევ უფრო იზრდება.

შალვა გაჩეჩილაძემ ჩემპიონის ტიტული საცხენოსნო სახეობა კონკურში 145 სმ-იანი (აღნიშნული სიმაღლის ბარიერები დაუბრკოლებლად უნდა გადაელახათ ცხენსა და მხედარს) მარშრუტის წარმატებით გავლის შედეგად მოიპოვა. მიუხედავად 8 საჯარიმო ქულისა, მაინც მოახერხა გაესწრო აზერბაიჯანელი მონაწილისა და თანაგუნდელ ივანე ნორაკიძისათვის.

ჩემპიონი იმედოვნებს, რომ "სატურნი" კარგად დაწყებულ "კარიერას" ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულით დააგვირგვინებს.

შალვა გაჩეჩილაძე: "სატურნისთვის" 7 წელი შესანიშნავი ასაკია, რათა ამის შემდეგ კიდევ ბევრი გამარჯვება მოიპოვოს. ჩვენ ერთად გავხდით ჩემპიონები საქართველოსა და კავკასიაში. ჩემი ოცნება ოლიმპიური ჩემპიონობაა. "სატურნის" ბაბუა საბჭოთა კავშირის სახელით ოლიმპიური ჩემპიონი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ცხენოსნობის უზარმაზარი ისტორია გვაქვს, საქართველოს მხოლოდ ბოლო ხანს მიეცა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება. სტარტი კარგად ავიღეთ და ძალიან მიხარია. ვერ ვიტყვი, რომ საბოლოო გამარჯვებამდე იოლი გზა გველის, მაგრამ ვიმედოვნებ, თავს გავართმევთ.

- წარმატება მხოლოდ ცხენისა და მხედრის ურთიერთობაზეა დამოკიდებული?

- წარმატება დამოკიდებულია უზარმაზარ შრომაზე. გარდა ამისა, ცხენოსნობა სპორტის ისეთი სახეობაა, ფულის გარეშე არაფერი გამოდის. ცხენს სერიოზული ყურადღება სჭირდება იმისათვის, რომ მუდამ საბრძოლო ფორმაში იყოს. ასეთი ყურადღება კი დიდ დაფინანსებას მოითხოვს.

- შეგეძლო ეს ტურნირი საჯარიმო ქულების გარეშე მოგეგო?

- შემეძლო, მეტი სიფრთხილე რომ გამომეჩინა და ტექნიკური შეცდომა არ დამეშვა. ცხენის ბარიერთან ტემპით მიყვანა იოლი არ არის, მაგრამ თუ თავს სრულიად ფლობ, ამას შეძლებ. საკმარისია მხედარი ანერვიულდეს, მყისვე ცხენს გადაედება მისი განცდა. ბოლო ბარიერი რომ გადავლახე, მთელი ნერვიულობა უცებ გაქრა. ეს მართლა ბედნიერება იყო.