ბილეთები... იარაღის ნაცვლად?! - კვირის პალიტრა

ბილეთები... იარაღის ნაცვლად?!

როგორც ცნობილია, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ბრაზილია უმასპინძლებს.კრიმინალური შემთხვევების სიმრავლით ეს ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ბოლო წლებში მკვლელობათა რაოდენობა 124%-ით გაიზარდა. მხოლოდ 2004-2007 წლებში ბრაზილიაში თითქმის 194 ათასი მკვლელობა მოხდა! მკვლელობათა დიდი ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხდება, სწორედ ამიტომ ბრაზილიის იუსტიციის სამინისტრო ახალი ინიციატივით გამოდის: ჩაბარებული იარაღის სანაცვლოდ, მოსახლეობას... მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები ბილეთები დაურიგდებათ! თჰე გუარდიან-ი იუწყება, რომ ფიფა უკვე განიხილავს სამხრეთ ამერიკის უდიდესი ქვეყნის ხელისუფლების წინადადებას - ჩაბარებული იარაღის სანაცვლოდ, მოსახლეობას საფეხბურთო მატჩების ბილეთები შეღავათიან ფასად, ან სულაც უფასოდ გადაეცეს. ლაპარაკი იყო მუნდიალის ოფიციალურსიმბოლიკიანი მაისურების გადაცემაზეც, რომელზეც ბრაზილიის ნაკრების მოთამაშეთა ავტოგრაფები იქნებოდა. რაც შეეხება ჩაბარებულ იარაღს, პროექტის თანახმად, მისგან საფეხბურთო კარების დამზადება იგეგმება... "სამხრეთ აფრიკის მუნდიალისას (2010 წელს. - ავტ.) ძირითადი თემა შიდსთან ბრძოლა იყო და გვინდა, 2014 "განიარაღების" წლად ვაქციოთ", - ამბობენ იდეის ავტორები. მართალია, ბრაზილიაში ფეხბურთი ფანატიკურად უყვართ, მაგრამ მაინც ძნელი წარმოსადგენია, ამ აქციამ გაამართლოს. მით უმეტეს, რომ: "ბრაზილიაში იმდენი იარაღია, ვშიშობ, ბილეთები არ გვეყოფა", - აღნიშნა პრესასთან საუბრისას ფიფას გენმდივანმა ჟერომ ვალკემ.