ლელო სადებიუტო მატჩში - კვირის პალიტრა

ლელო სადებიუტო მატჩში

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების წევრები ლევან ჩილაჩავა და კონსტანტინე მიქაუტაძე საფრანგეთის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ "ტულონშიც" ერთად თამაშობენ და ამ ერთი თვის წინ ძირითად გუნდში სადებიუტო შეხვედრაც ერთად ჩაატარეს.მაშინ "ჩელენჯ ქაფის" მორიგ ტურში ფრანგულმა კლუბმა შინ 53:22 დაამარცხა "პეტრარკა", ჩილაჩავამ კი დებიუტი ლელოთი აღნიშნა. თუმცა, როგორც უკვე ითქვა, ის მატჩი საევროთასო გახლდათ, გასულ კვირას კი ახალგაზრდა ქართველის მორიგი დებიუტი უკვე უმაღლეს დივიზიონ  თოპ-14-ში შედგა. საფრანგეთის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში "ტულონმა" "აჟენს" უმასპინძლა და 34:12 გაიმარჯვა, 20 წლის კონსტანტინე მიქაუტაძე კი მატჩში 63-ე წუთიდან ჩაერთო და ათიოდე წუთში ლელოს გატანაც მოახერხა. ნამატჩევს ახალგაზრდა მეორეხაზელი გამოტყდა, რომ მოედანზე გასვლამდე ძალიან ნერვიულობდა: "ოღონდ, როგორც კი თამაშში ჩავერთე, მაშინვე დავმშვიდდი და საბედნიეროდ, ლელოს გატანაც შევძელი. თოპ-14-ში თამაში ურთულესი ყოფილა, მაგრამ ევროთასებზე მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარა".