ბექჰემი "მოდის დედაქალაქში" - კვირის პალიტრა

ბექჰემი "მოდის დედაქალაქში"

ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის", მადრიდის "რეალისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი იანვრიდან პარიზში გადაბარგდება და ადგილობრივი "პარი სენ ჟერმენის" ღირსებას დაიცავს.ინგლისელმა სუპერვარსკვლავმა მადრიდი 2007 წელს მიატოვა, "ლოს-ანჯელეს გელაქსისთან" ხუთწლიან კონტრაქტს (წელიწადში 50-მილიონიანი გასამრჯელოს სანაცვლოდ. - ავტ.) მოაწერა ხელი და ხელშეკრულების ბოლო წელს მკერდი ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLშ) ჩემპიონის ოქროს მედლითაც დაიმშვენა. 2009-2010 წლებში ბექზი ორჯერ იყო "მილანში" განათხოვრებული, ის და მისი მეუღლე ვიქტორია მოდის სამყაროს სიყვარულით ისედაც ცნობილი არიან და... როგორც ჩანს, ახალ ნავსაყუდლად "მოდის დედაქალაქის" - პარიზის არჩევაც ამას უკავშირდება. ხუმრობა იქით იყოს და პსჟ ირწმუნება, რომ 36 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის საკითხების 95% უკვე მოგვარებულია და ვეტერან ინგლისელს პარიზში იანვრიდან ელიან. კლუბის წარმომადგენელთა ინფორმაციით, წელიწადნახევრიანი ხელშეკრულების სანაცვლოდ, ბექჰემი 12 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს. რაც შეეხება ამ ამბის მთავარ გმირს, მას საჩემპიონო სეზონის შემდეგ ოჯახთან ერთად დასვენება სურს, ახალ კლუბთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას კი შობის შემდეგ მიიღებს.