"ძველი ანგარიშების გასწორება ახლა მოგვიწევს" - კვირის პალიტრა

"ძველი ანგარიშების გასწორება ახლა მოგვიწევს"

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ახლა თურქეთში, ქალაქ მარდინის გარეუბანშია და მედლებისთვის III გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატზე იბრძვის.ჩვენი გუნდი თურქეთში ამ შემადგენლობით გაემგზავრა: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე, ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია. გუნდის კაპიტანი, როგორც ყოველთვის, ნინო გურიელი გახლავთ, მწვრთნელები - ზურაბ სტურუა და თამაზ გელაშვილი. მათ გარდა, გუნდთან ერთად ნაკრების კონსულტანტი ნანა ალექსანდრია და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელიც არიან. მსოფლიო ჩემპიონატი წრიული სისტემით, 9 ტურად ჩატარდება და 28 დეკემბერს დასრულდება. ეს მსოფლიოს მესამე გუნდური ჩემპიონატია. წინა ორ ტურნირს, შესაბამისად, რუსეთმა და ჩინეთმა უმასპინძლეს, საქართველოს ნაკრები კი ორივეჯერ მეოთხე ადგილზე გავიდა და დროა, პრიზიორებშიც გავერიოთ. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძეს თურქეთში იმ დროს შევეხმიანეთ, როცა დელეგაციის წევრებთან ერთად სასტუმროში ახალი დაბინავებული იყო და მსოფლიო ჩემპიონატის გარდა, სხვა საინტერესო თემებზეც ველაპარაკეთ.

- სპორტსმენებისთვის, განსაკუთრებით კი სპორტის ისეთი ინტელექტუალური სახეობის წარმომადგენლებისთვის, როგორიც ჭადრაკია, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორ იმგზავრეთ, გუნდი პირობებით კმაყოფილია?

- საკმაოდ მომქანცველი გზა გავიარეთ: თბილისიდან სტამბოლში ჩავფრინდით, იქ რამდენიმე საათი დავყავით და სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ დიარბაქირის აეროპორტში გადავფრინდით, იქიდან კი ავტობუსით კიდევ საათ-ნახევარი ვიმგზავრეთ მარდინამდე. სადაც ვცხოვრობთ, ტურნირიც იმავე სასტუმროში იმართება. პირობებს ნამდვილად ვერ დავიწუნებთ, ერთი ეგ არის, სასტუმრო ქალაქგარეთაა და ხუთი კილომეტრის რადიუსში გარშემო არაფერია, ადამიანს გასეირნება რომ მოგინდეს. გარკვეულწილად, ეს კარგიც არის - გუნდის წევრები მხოლოდ ჭადრაკზე იქნებიან კონცენტრირებული.

- როგორც ცნობილია, ტურნირზე ყველა უძლიერესი გუნდია ჩამოსული.

- დიახ, მსოფლიო ჩემპიონატზე სხვაგვარად არც იქნებოდა. თანაც, თითქმის ყველა გუნდში უძლიერესი შემადგენლობაა თავმოყრილი. ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი ჩინეთის ნაკრებია, რომელსაც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ჰოუ იფანი ლიდერობს, მეორე ნომრად კი რუსეთის ნაკრებია განთესილი. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ რუსები ევროპის ჩემპიონები გახდნენ. მესამე რეიტინგი ინდოელებს აქვთ, რომელთა პირველ დაფაზეც, წესით, მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერმა - ჰუმპი კონერუმ უნდა ითამაშოს.

- წესით?

- კონერუ ჯერ არ ჩამოსულა (ინტერვიუ პარასკევს, ღამით არის ჩაწერილი. - ავტ.). ცოტა არ იყოს, უცნაური ადამიანია და გუნდში თამაშსაც ხშირად არიდებს ხოლმე თავს, მაგრამ სიაში არის და სავარაუდოდ, ითამაშებს კიდეც. თუ კონერუ ჩამოვიდა, მაშინ ინდოეთს ჩვენზე ერთი პუნქტით მეტი რეიტინგი ექნება და ამ მაჩვენებლით მესამე პოზიციას დაიკავებს. რეიტინგში შემდეგი საქართველოს ნაკრებია, მერე კი თანამიმდევრობით მოდიან უკრაინა, სომხეთი, ვიეტნამი, საბერძნეთი, სამხრეთ აფრიკა და მასპინძელი თურქეთი. როგორც უკვე ვთქვით, ძალზე წარმომადგენლობითი შემადგენლობაა და საინტერესო ჩემპიონატი გველის.

- მკითხველს ყველაზე მეტად ის აინტერესებს, საქართველოს ნაკრები როგორ ფორმაშია.

- ნაკრების პირველი ნომერი - ნანა ძაგნიძე ჯერ არ ჩამოსულა, მოგვიანებით შემოგვიერთდება. ნანა პეკინში იყო და მსოფლიოს ინტელექტუალური თამაშების ეგიდით გამართულ რამდენიმე ტურნირში მონაწილეობდა. სწრაფ ჭადრაკში მესამე ადგილზე გავიდა, ბლიცსა და ზეპირ თამაშში კი მეხუთე მაჩვენებელი ჰქონდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთში მსოფლიოს ყველა უძლიერესმა მოჭადრაკემ მოიყარა თავი, ძაგნიძის შედეგი ნამდვილად დამაკმაყოფილებელია. მსოფლიო ჩემპიონატი კვირას იწყება, ნანა კი პეკინიდან შაბათს, ღამით ჩამოდის და თუ ძალიან ძლიერი მეტოქე არ შეგვხვდა, პირველ ტურში დასვენების შესაძლებლობას მივცემთ.

- ნაკრების დანარჩენ წევრებზე რას იტყვით?

- ძაგნიძის გარდა, გუნდში არიან ლელა ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე  და ბელა ხოტენაშვილი, სათადარიგო მოთამაშე კი სალომე მელია გახლავთ. თუმცა, "სათადარიგო" პირობითი ცნებაა - ნაკრების ყველა წევრი ნებისმიერ წუთს უნდა იყოს მზად თამაშში ჩასართველად. სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეკრების მოწყობა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ თურქეთში წამოსვლამდე გოგონები ჭადრაკის სასახლეში ყოველდღიურად მეცადინეობდნენ ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზურაბ სტურუასა და დამხმარე მწვრთნელის, თამაზ გელაშვილის ხელმძღვანელობით. ბატონ ზურაბზე ახალი რა უნდა ვთქვა, თამაზს კი ნაკრებთან მუშაობა ახალი დაწყებული აქვს და იმედია, მომავალშიც ასევე კარგად გაართმევს თავს დაკისრებულ ამოცანას. ისევე, როგორც გასულ წლებში, ნაკრების კაპიტანი ნინო გურიელია, კონსულტანტი კი ნანა ალექსანდრია გახლავთ. მართალია, ეს გუნდური ჩემპიონატია, მაგრამ საკუთარ დაფაზე ყველას ინდივიდუალური "ომი" აქვს, მოწინააღმდეგისთვის უხერხული მეტოქის შერჩევა კი ჭადრაკში ბევრს ნიშნავს. ამიტომაც ისეთი გამოცდილების მქონე სპეციალისტის დახმარება, როგორიც ქალბატონი ნანაა, ძალზე მნიშვნელოვანია. როგორც იცით, თავის დროზე, იმ "ოქროს გუნდის" კაპიტანი იყო, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო საჭადრაკო ოლიმპიადა.

- წინა მსოფლიო ჩემპიონატებზე ორივეჯერ მეოთხე ადგილი დავიკავეთ. ამჯერად როგორია თქვენი მოლოდინი?

- ქართველი მოჭადრაკეები ყოველთვის მედლებისთვის იბრძვიან და ასეა ამჯერადაც. ნაკრების წევრებმაც კარგად იციან, რომ სხვა შედეგი ჩემთვის არადამაკმაყოფილებელი იქნება. საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა საქართველოს ნაკრებს ნამდვილად შეუძლია, მაგრამ იქნება თუ არა მედალი და რა სინჯის, ეს იღბალზეც არის დამოკიდებული.

- მსოფლიო ჩემპიონატზე სუსტი გუნდები არ არიან, მაგრამ მედლებისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტებად ვინ მიგაჩნიათ?

- ჩინეთი, რუსეთი, უკრაინა, ინდოეთი - საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაში ჩვენი ძირითადი კონკურენტები ეს ნაკრებები იქნებიან. არც სხვა გუნდების "ჩამოწერა" შეიძლება: ალბათ, გახსოვთ, წინა ჩემპიონატზე, როცა ყველა ძირითადი კონკურენტი ჩამოვიტოვეთ და თავი სამეულში დავიგულეთ, მედალი სომხეთის ნაკრებმა დაგვაკარგვინა. ასე რომ, ძველი ანგარიშის გასწორება ახლა მოგვიწევს.

- უკვე გადაწყვეტილია, რომ ორი თვის შემდეგ თბილისი სწრაფ ჭადრაკში ქალთა სუპერტურნირს უმასპინძლებს.

- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტს პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციასთან იმის თაობაზე, რომ 17-21 თებერვალს თბილისის "შერატონი" სწრაფ ჭადრაკში ვარსკვლავთა სუპერტურნირს უმასპინძლებს. ტურნირში პლანეტის ყველა უძლიერესი მოჭადრაკე ქალი, მათ შორის ორი ქართველი მოთამაშეც მიიღებს მონაწილეობას.

- ტურნირის საპრიზო ფონდიც ძალიან მაღალია.

- დიახ, სწრაფ ჭადრაკში ჩატარებული ტურნირებისთვის სარეკორდო - 40-ათასდოლარიანი საპრიზო ფონდი გვექნება, საიდანაც გამარჯვებულს 10 ათასი შეხვდება. სხვათა შორის, პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციამ გვთხოვა, ამ ტურნირსაც ისეთივე მაღალ დონეზე ვუმასპინძლოთ, როგორც წლევანდელ ქალთა ინდივიდუალურ ევროპის ჩემპიონატს.

- სწორედ იმ ჩემპიონატისა და მანამდე მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის დაიმსახურა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ასეთი ნდობა.

- მართალი ხართ და ამიტომაც, გვინდა თებერვალში გასამართი ტურნირი კიდევ უკეთ ჩავატაროთ. საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად მუშაობა უკვე დავიწყეთ, სპორტის სამინისტრომ და თბილისის მერიამ ყოველგვარი ხელშეწყობა აღგვითქვეს და დარწმუნებული ვარ დაუვიწყარ საჭადრაკო ზეიმს მოვაწყობთ.

- არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ მერი არაბიძის წარმატება, რომელმაც ბრაზილიაში 18-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ამ ასაკში ხომ კარგა ხანია ასეთი წარმატება აღარ გვქონია.

- მერი ძალიან ნიჭიერი და რაც მთავარია, შრომისმოყვარე მოჭადრაკეა. ჭადრაკი მისი ცხოვრებაა და დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთხელ გაგვახარებს. მერი არაბიძის სახით ქართულ ჭადრაკს ძალიან პერსპექტიული მოთამაშე ეზრდება.

- დასასრულ, ვაჟთა შორის საქართველოს პირველ ნომერზე - ბაადურ ჯობავაზეც ვთქვათ, რომელმაც ჩავარდნის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ, მილანის ტურნირი დიდი უპირატესობით მოიგო.

- ბაადურმა განვლილი სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ მერე ჩავარდნა ჰქონდა და ეს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა. ის მამაკაცთა ჭადრაკის უდავო ლიდერია ჩვენთან და თავის სიტყვას კიდევ არაერთხელ იტყვის.