2011 წლის მთავარი სპორტული მოვლენები - კვირის პალიტრა

2011 წლის მთავარი სპორტული მოვლენები

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა. მორაგბეებმა მორიგი "მსოფლიო თასი" მოიარეს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, საუკეთესო ჩოგბურთელთა ასეულში ქართველი სპორტსმენი ისევ გამოჩნდა, საფეხბურთო ნაკრებიდან კი კაპიტანი წავიდა... ქართული სპორტის 2011 წლის მთავარ მოვლენებს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი.

ზელანდია და ზელანდიელი

გასულ წელს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მესამედ ითამაშა მსოფლიო თასზე და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი გუნდია. ბორჯღალოსნებმა მსოფლიო პირველივე მატჩის შემდეგ აალაპარაკეს, როცა შოტლანდიის ნაკრებს საოცარი დაცვა დაუხვედრეს და მართალია, 15:6 დამარცხდნენ, მაგრამ მრისხანე მეტოქეს კინკილა ლელოც კი არ გაატანინეს. საქართველოს ნაკრებმა ინგლისთანაც წააგო (41:10), თუმცა, ამ ანგარიშს სამართლიანს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ზელანდიის მსოფლიო თასზე ქართველთა პირველი ლელო (დიმიტრი ბასილაიამ გაიტანა. - ავტ.) ჩვენმა გუნდმა სწორედ ბრიტანელებთან შეხვედრაში მიითვალა და მსოფლიო ჩემპიონებს პირველი ტაიმი მხოლოდ 17:10 დაუთმო, მაგრამ მატჩის ბოლოს ბორჯღალოსნებმა რამდენიმე უპატიებელი შეცდომა დაუშვეს და ისეთი ანგარიშით დამარცხდნენ, მატჩის მიმდინარეობას ნამდვილად არ შეეფერებოდა. იმავეს თქმა შეიძლება არგენტინასთან შეხვედრაზეც, - მატჩის პირველი ნახევარი ჩვენებმა 7:5 მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმში სამი დღით ადრე, რუმინელებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ჯახისთვის შელეული ძალის ნაკლებობა ქართველების თამაშს აშკარად დაეტყო და 25:7 დავმარცხდით. რუმინელებთან მატჩს რაც შეეხება, ქართველებმა აშკარად დაჯაბნეს პრინციპული მეტოქე და ურთიერთდაპირისპირების ისტორიაში სარეკორდო სხვაობით - 25:9 დაამარცხეს! 2011 წლის მსოფლიო თასი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ტურნირების ისტორიაში პირველად, რაგბის მსოფლიო თასს ქართველი სპეცკორესპონდენტი, "პალიტრამედიის" ჟურნალისტი ბესიკ ჯანგავაძეც დაესწრო.

P. S. მსოფლიო თასის მფლობელი მასპინძელი ახალი ზელანდიის ნაკრები გახდა. სხვათა შორის, უახლოესი ორი წლის განმავლობაში ბორჯღალოსნებსაც მაორების ქვეყნის წარმომადგენელი უთავკაცებს: წლის ბოლოს რიჩი დიქსონის ნაცვლად ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად  ზელანდიელი მილტონ ჰეიგი დაინიშნა.

პირველ ევრობასკეტზე და კალათაში

ქართული კალათბურთისთვის 2011 ისტორიული წელი იყო: ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა და 12 საუკეთესო გუნდს  შორის მოხვედრა პირველივე ჯერზე მოახერხა! კონტინენტის პირველობის დებიუტანტმა ტურნირი ბელგიასთან შთამბეჭდავად მოგებული (81:59) მატჩით გახსნა და მეორე დღესაც ტოლ-სწორად შეერკინა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს - რუსეთის ნაკრებს, თუმცა, დაძაბულ ბრძოლაში 65:58 დამარცხდა. ბოლო წუთებზე წააგეს ქართველებმა ქვეჯგუფის კიდევ ერთ ლიდერ სლოვენიასთან, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად უკრაინის დამარცხებაც ეყოთ და მომდევნო რაუნდში გააღწიეს. სამწუხაროდ, ტურნირის მსვლელობისას ტრავმების გამო საქართველოს ნაკრებს ძირითადი ხუთეულის ორი წევრი, მათ შორის - კაპიტანი ზაზა ფაჩულიაც გამოაკლდა, რაც დაეტყო კიდეც გუნდის თამაშს. ამის მიუხედავად, იგორ კოკოშკოვის კრებულმა მეორე ჯგუფურ ეტაპზეც ბოლომდე იბრძოლა და ყველა მატჩი (ფინეთთან 87:73 წაგებული შეხვედრის გარდა. - ავტ.) მცირე სხვაობით წააგო. ტურნირის პარალელურად, ევრობასკეტის მასპინძელ ლიტვაში საქართველოს დღეებიც გაიმართა. ქართველებმა ევროპას კალათბურთის გარდა, საკუთარი კულტურაც გააცნეს და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ორივეთი ერთნაირი წარმატებით მოხიბლეს.

მეტოქეები

ევრობასკეტზე ნაჩვენები შედეგი ჩვენს გუნდს ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეც წაადგა: წილისყრამდე საქართველოს ნაკრები პირველ კალათაში იყო განთესილი და შედარებით იოლი მეტოქეები ერგო. ბოსნია, ლატვია, ჰოლანდია და რუმინეთი - ევროპის მომდევნო ჩემპიონატზე მოსახვედრად იგორ კოკოშკოვს ამ ნაკრებების დასამარცხებლად მოუწევს გუნდის დარაზმვა. რატომ ისევ კოკოშკოვს? - საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ სერბ მწვრთნელთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა... და რადგან მომავალი მოწინააღმდეგეები ვახსენეთ, საფეხბურთო ნაკრებსაც უნდა "გადავწვდეთ", მით უმეტეს, რომ კალათბურთისგან განსხვავებით, ქეცბაიას გუნდს წილისყრისას ნამდვილად არ გაუმართლა. მაშ, ასე: ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი, ბელორუსია და ფინეთი... "ბრაზილია-2014"-ის საგზურისთვის ჩვენს ნაკრებს ამ გუნდებთან მოუწევს "ჭიდილი". არა მხოლოდ მეტოქეების მხრივ, თემურისა და მისი რაზმისთვის გასული წელი ყველანაირად უიღბლო იყო: კარგად დაწყებული შესარჩევი ციკლი ნაკრებმა "ჩვეულად" დაასრულა, ნაკრების თავკაცს მომდურავები მოუმრავლდნენ, ეროვნული გუნდის ზოგიერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა კი ქეცბაიას სულაც წერილობით მიმართა და მუშაობა დაუწუნა.

100რულებული ოცნება!

საქართველოს პირველი ჩოგნის, ანა ტატიშვილისთვის გასული სეზონი საუკეთესო იყო. სწორედ მისი დამსახურებაა, 16-წლიანი პაუზის შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი ისევ რომ გაერია მსოფლიოს 100 საუკეთესო მეჩოგნეს შორის (მანამდე, ეს მხოლოდ ლეილა მესხმა შეძლო, რომელიც, თავის დროზე, პლანეტის მე-12 ჩოგანიც კი იყო. - ავტ.) 21 წლის ტატიშვილი მიზანმიმართულად მიიწევდა სანუკვარი ასეულისკენ და მიზანს ივლისის დასაწყისში მიაღწია: ერთი მატჩის მოგება "უიმბლდონის" ძირითად ბადეშიც მოასწრო, ჩარლსტონის ტურნირზე კი მიყოლებით დაამარცხა ელენა დოკიჩი, რომელიც ერთ დროს პლანეტის მე-4 ჩოგანი იყო, და რეიტინგის 28-ე საფეხურზე მყოფი მარია კირილენკო. ასეულის კარი კი ანასთვის კუნეოს ტურნირის (საპრიზო ფონდი 100 ათასი აშშ დოლარი. - ავტ.) მოგების შემდეგ გაიღო. მართალია, ამ ტურნირზე ქართველი გოგონა განთესილთა შორის არ ყოფილა, მაგრამ ფავორიტები მაინც ერთიმეორის მიყოლებით დაამარცხა. ფინალურ მატჩში ანამ იოლად მოუგო ჰოლანდიელ არანჩა რუსს და ამხელა საპრიზო ფონდის მქონე ტურნირზე პირველად გაიმარჯვა, თუმცა, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ კუნეოში გამარჯვებით ტატიშვილმა 140 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და... მსოფლიოს 84-ე ჩოგანი გახდა! მირჩევნია, კარგ ფორმაში ვიყო და ტურნირები მოვიგო, ასეული კი თავისთავად მოვაო, - ელიტაში გარევამდე კარგა ხნით ადრე ამბობდა ქართველი ჩოგბურთელი. ძნელია, არ დაეთანხმო, მაგრამ მაინც ძალზე სასიამოვნოა, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, რეიტინგის პირველ ასეულში ჩვენებური ისევ რომ ირიცხება.

წავიდა

წლის ყველაზე ხმაურიანი "გადადგომის" ავტორად საქართველოს ნაკრების კაპიტანი - კახა კალაძე მოგვევლინა. განცხადება იმის შესახებ, რომ ეროვნული გუნდის მაისურს აღარასდროს მოირგებს, იტალიური "ჯენოას" მცველმა ფილარმონიაში, "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. სწორედ ამიტომ ბევრმა ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ ნაბიჯად ჩაუთვალა, თავად ფეხბურთელი კი ამბობს, რომ ამით კიდევ ერთხელ გამოხატა პროტესტი უკანონოდ დაკავებული მისი მეგობრისა და ყოფილი თანაგუნდელის - გიორგი დემეტრაძის პატიმრობის გამო. "ნაკრებიდან წასვლა ჩემთვის უმძიმესი გადაწყვეტილება იყო. მადლობა ყველას, ვინც მხარს გვიჭერდა გამარჯვებებისას და წუხდა ჩვენი მარცხის გამო. 15 წლის განმავლობაში ეროვნულ გუნდში 83 მატჩი ჩავატარე. აქედან ყველაზე დასანანი იყო ერთი შეხვედრა, რომელმაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. მართალია, წლების წინ ის ავტოგოლები შემთხვევით მოხდა, მაგრამ ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს. კარგი იქნება, თუ ისინიც მოიხდიან ბოდიშს, რომლებმაც არა ერთი თამაშით, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ავტოგოლები მოუტანეს ჩვენს ქვეყანას", - თქვა ნაკრების ახლა უკვე ექსკაპიტანმა.

საქართველოს ნაკრებში კალაძემ ბოლოს 11 ოქტომბერს, საბერძნეთთან მატჩში ითამაშა, სულ კი ეროვნული გუნდის მაისური 83-ჯერ (აქედან 50-ჯერ კაპიტნის რანგში. - ავტ.) მოურგია. არის საქართველოს (თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში. - ავტ.), უკრაინისა (კიევის "დინამო") და იტალიის ("მილანი") მრავალგზის ჩემპიონი. პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, ვისაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული. არის "მილანის" შემადგენლობაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული და უეფას სუპერთასის ორგზის მფლობელი.

სკანდალი

ქართულ სპორტს სკანდალები არასდროს აკლდა, მაგრამ გასული წლის გაზაფხულზე "გამსკდარი" საქმე მაინც ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და რაც მთავარია, "დოკუმენტური მასალით" უხვად "ილუსტრირებული" გახლდათ. სამართალდამცავებმა ეროვნული ჩემპიონატის კლუბების ხუთი ფეხბურთელი - როინ ონიანი, ლევან ვართაგავა (ზუგდიდის "ბაია"), სპარტაკ გოგია, კახაბერ კირთაძე ("სამტრედია") და გიგა ბეჭვაია ("ვიტ ჯორჯია") დააკავეს. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების განცხადებით, მოთამაშეებს ტოტალიზატორის შავი ბიზნესის წარმომადგენელთან, დავით გაბედავასთან სისტემატური ურთიერთობა ჰქონდათ და სოლიდური თანხის სანაცვლოდ ე.წ. "ცოცხალის" (მატჩის დროს მოწოდებული აუტების, შეცვლების, მიღებული ბარათების რაოდენობა, პენალტი და ა.შ.) მისთვის სასურველი ვარიანტის "დასმას" უზრუნველყოფდნენ. მართალია, ამ ბრალდებებს ვიდეომტკიცებულებებიც მოჰყვა, თუმცა, დაკითხვის შემდეგ ხუთივე მოთამაშე გაათავისუფლეს(?!). თამაშების "ჩაწყობაში" ბრალდებული საკუთარი მოთამაშეები თავად კლუბებმა მოკვეთეს, საქმეში კი უეფაც ჩაერია და სფფ-ს კიდევ სამი საეჭვო მატჩის გამოძიება დაავალა.

რჩეულები

გასულ სეზონში ქართველ სპორტსმენებს მხოლოდ სანაკრებო დონეზე არ გამოუჩენიათ თავი. გარდა იმისა, რომ მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გორგოძე მსოფლიო თასის ორ შეხვედრაში დაასახელეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, კიდევ უფრო დიდი აღიარება მას საკლუბო დონეზე ხვდა წილად. "გორგოძილა", როგორც მას ფრანგები უწოდებენ, 2010-11 წლების სეზონის საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერად დაასახელეს! ევროპის უძლიერეს ჩემპიონატში უამრავი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ასპარეზობს და ამიტომაც ქართველი გოლიათის გამარჯვება კიდევ უფრო სასიხარულოა. "გულივერას" (გორგოძის კიდევ ერთი მეტსახელია. - ავტ.) გარდა, 2011-ში სხვა ქართველი მორაგბეებიც დააფასეს: დავით ქუბრიაშვილი, დავით კაჭარავა და გოდერძი შველიძე სახელგანთქმული გუნდის - "ბარბაროსების" შემადგენლობაში მიიწვიეს. იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის "ყველა ვარსკვლავის მატჩში" უნდა ეთამაშა ბოლონიის "ვირტუსის" ქართველ ვარსკვლავ ვიქტორ სანიკიძეს, მაგრამ ამაში ბოლო წუთს მიღებულმა ტრავმამ შეუშალა ხელი. თუმცა, ქართველი კალათბურთელი მიმდინარე სეზონს კიდევ უფრო მაღალ დონეზე ატარებს და იტალიის "ოლ სტარს" ამჯერად ნამდვილად ვეღარ "გადაურჩება"...