ქართული რაგბის "ოსკაროსანი მეკვლე"
02-01-2012
ქართული რაგბის "ოსკაროსანი მეკვლე"
მამუკა გორგოძე წლის საუკეთესო სპორტსმენია

ორი წელია, საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული საჭიდაო სახეობების წარმომადგენლებს მორაგბეებმა ჩამოართვეს. 2010 წელს ეს პატივი დავით ზირაქაშვილს ხვდა წილად, გასული სეზონის შედეგების მიხედვით კი საუკეთესოდ ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "მონპელიეს" ლიდერი - მამუკა გორგოძე აღიარეს და წლის საუკეთესო მორაგბის ტიტულიც მას დარჩა. ეს გასაკვირი არ არის - 2011 წლის მსოფლიო თასზე "გულივერა" ოთხიდან ორ (მათ შორის, ინგლისთანაც. - ავტ.) შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს,
ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, ორმა ყველაზე ავტორიტეტულმა ფრანგულმა გაზეთმა კი საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელ მორაგბედ აღიარა! საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი მამუკა გორგოძე ქომაგებისთვის წარმატებასა და სიძლიერესთან ასოცირდება და 2012 წლის პირველ სტუმრად მასზე უკეთესს ვის ავარჩევდით. მით უმეტეს, რომ როგორც აღმოჩნდა, საფრანგეთში ყოფნისას, მეკვლეობაც უხდება
ხოლმე:

- მსოფლიო თასზე ოთხიდან ორ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს...

- საქართველოს ნაკრებმა ზელანდიაში თავდაუზოგავად ითამაშა. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მეტის გაკეთებას ვერ შევძლებდით. აღიარებას რაც შეეხება, ჩემთვის დიდი პატივია, უძლიერესი მოთამაშეების გვერდით საუკეთესოდ რომ დამასახელეს. მით უმეტეს, ინგლისთან მატჩში.

- გაზეთმა "ეკიპმა" საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელ მოთამაშედ გაღიარათ, ნოემბრის ბოლოს კი იგივე ტიტული და "ოქროს ოსკარი" "მიდი ოლიმპიკმაც" გადმოგცა...

- თავიდან მეგონა, "ეკიპს" უნდა დავეჯილდოებინე, მაგრამ ყოველდღიური სარაგბო გაზეთ "მიდი ოლიმპიკის" ორგანიზებულ მაღალი დონის საღამოზე მოვხვდი. ღონისძიებაზე მთელი სარაგბო ელიტა იყო თავმოყრილი, ზელანდიის ნაკრების მწვრთნელიც კი ესწრებოდა. გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში გამოავლინეს: "მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე", "მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი", "საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფრანგი მორაგბე" და "საუკეთესო ლეგიონერი". ამ აღიარებით ძალიან ვამაყობ!

- როგორი გრძნობაა, "ოსკარს" რომ გადმოგცემენ?

- საფრანგეთის ჩემპიონატში მსოფლიო მასშტაბის არაერთი ვარსკვლავი თამაშობს, ამიტომაც ასეთ დაფასებას ნამდვილად არ ველოდი. ჩემი გამარჯვება კლუბის კარგი თამაშის დამსახურებაც არის - "მონპელიეს" ხომ ფინალში მანამდე არასდროს უთამაშია.

- რომელი იყო თქვენთვის 2011 წლის ყველაზე ემოციური მომენტი?
- საშობაოდ სამდღიანი "შვებულება" მოგვცეს და დუდუ ქუბრიაშვილი მესტუმრა. ახლაც ჩემ გვერდით არის და მეუბნება, კანში რომ ვიყავით შეკრებაზე, ის გაიხსენეო (იცინიან). სერიოზულად კი... შოტლანდიასთან მატჩის წინ ლევან ვასაძემ და ჩვენმა პატრიარქმა გასამხნევებლად ვიდეომიმართვები გამოგვიგზავნეს. ბატონი ლევანი დიდგორზე იყო ანსამბლ "ბასიანთან" ერთად და იქიდან წაგვიკითხა სვანური ლექსი, უწმინდესმაც მოგვმართა და საქართველოს პრეზიდენტის წერილიც წაგვიკითხეს... უდიდესი მუხტი მივიღეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენებმა პატარა შეცდომა დაუშვეს: რიჩი დიქსონს შეშინებია, ბიჭებმა ეს ყველაფერი ძალიან ემოციურად არ მიიღონო და მატჩის წინა საღამოს გვაყურებინეს. არადა, თამაშის წინ რომ გვენახა, გაცილებით დამუხტული გავიდოდით შოტლანდიელებთან საომრად.

- ჩოხა პირველად ზელანდიაში ჩაიცვით?
- დიახ. ჩოხები ბატონმა ლევან ვასაძემ შეაკერვინა და მთელ გუნდს გვისახსოვრა, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას. რა უნდა ეჩუქებინა ვინმეს, ასე რომ გამხარებოდა! ჩემი აზრით, მორაგბეს ჩოხა ძალიან უხდება, ერთად მართლაც კარგი სანახავი ვიყავით და მასტერტონელები თვალებგაფართოებული გვიყურებდნენ. ამაყი ვიყავი, ეროვნული სამოსი რომ მეცვა და ყველა ჩვენ გვიყურებდა! ცოტა ხნით თითქოს ძველ დროში აღმოვჩნდი.

- ცნობილია, რომ ქართული დელეგაციის წევრები ზელანდიელებმა სანადიროდ დაგპატიჟეს. თქვენც მოინადირეთ რამე?
- როგორ არა, რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად სანადიროდ მეც ვიყავი და მოვკალით კიდეც 18 კურდღელი. ზელანდიელები კურდღლის ხორცს არ ჭამენ და, ალბათ, ამის გამოა, რომ ზელანდიაში უამრავი კურდღელია, სავსე იყო იქაურობა.

- როგორც ჩანს, ნადირობა გიყვართ.
- ძალიან მიყვარს. საქართველოში ხშირად დავდიოდი სანადიროდ და სათევზაოდ. ძირითადად, კახეთის შემოგარენში ვნადირობდით მწყერზე, კაკაბზე, კურდღელზე. რაც საფრანგეთში გადმოვბარგდი, ვეღარ ვახერხებ, მაგრამ მალე აქაც ავიღებ ნადირობის ნებართვას, სანადირო თოფის ტარების ლიცენზიას და...

- მსოფლიო თასის მიმდინარეობისას გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე აღბეჭდილია, როგორ ესალმებით ერთმანეთს ცხვირებმიდებული თქვენ და ხანდაზმული ზელანდიელი.
- ეგ ჩვენს პატივსაცემად გამართული ერთერთი საღამოა. ეს იქაური უხუცესია და ფოტო მაშინ არის გადაღებული, როცა მე ვესალმებოდი, თორემ ცხვირი ყველამ მივადეთ (იცინის). ზელანდიელები თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია, ცდილობენ, პატივი გცენ, მაგრამ ქვეყანა არც ისეთი ლამაზია, როგორსაც ველოდი. მხოლოდ კვინზთაუნი მომეწონა - უზარმაზარი, ულამაზესი ტბის გარშემო ისეთივე მთებია, როგორიც ყაზბეგში.

- ზელანდიის თემა ამოვწუროთ - რაგბის გარდა, პირველად რა გახსენდებათ ხოლმე ამ ქვეყნის ხსენებაზე?
- მაორების საბრძოლო ცეკვა ჰაკა! სადაც უნდა მივსულიყავით, ყველაფერი ამით იწყებოდა. ერთი-ორჯერ რომ ნახავ, კარგია, მაგრამ დღეში რამდენჯერმე მეტისმეტია (იცინის).

- წლებია, საფრანგეთში ცხოვრობთ და ბუნებრივია, ცხოვრების იქაურ სტილსაც აუღეთ ალღო. არის ისეთი რაღაცები, რასაც ვერ მიეჩვიეთ?

- ძალიან ბევრი რამ. მათი კულტურა, ურთიერთობა და ქცევაც ქართულისგან რადიკალურად განსხვავდება. ეს გასაკვირი არც არის, ცხოვრების წესი ყველას თავისებური აქვს, მაგრამ პირადად მე, ღმერთმა დამიფაროს, ისეთი გავხდე, როგორიც აქაურების უმრავლესობაა.

- ქუბრიაშვილია ჩემთან სტუმრადო, ახსენეთ. საფრანგეთში მოთამაშე ქართველი მორაგბეები ერთმანეთის ნახვას ხშირად ახერხებთ?
- ისე დატვირთული ვართ, რომ ერთმანეთთან მისვლა-მოსვლას იშვიათად ვახერხებთ. წეღანაც გითხარით, შობის დღესასწაულზე კლუბებმა სამი დღით გაგვათავისუფლეს და რადგან ცოლ-შვილი საახალწლოდ საქართველოში გამოვუშვი, დუდუ მესტუმრა, მარტომ რომ არ მოვიწყინო (იცინის).

- ოჯახის წევრები გაგვაცანით.
- 3 წლის ნიკოლოზი, 7 წლის ლიზი და 23 წლის მეუღლე ციცი. ახლა არ მკითხოთ, რომელი უფრო გიყვარსო (იცინის). ბავშვები საფრანგეთს ადვილად მიეჩვივნენ, ენაც მალე აითვისეს, მაგრამ მე სულ ვარჯიშებსა და თამაშებზე ვარ, 31 დეკემბერსაც კი თამაში გვაქვს და ახალ წელს მარტო რომ არ ყოფილიყვნენ, ცოლ-შვილი ორი კვირით საქართველოში გავისტუმრე.

- როცა მთელი ოჯახი ერთად ხართ საფრანგეთში, ახალ წელს როგორ ხვდებით?
- ჩვეულებრივად, ოჯახურ გარემოში. სამწუხაროდ, ქართული ტელეარხები არა გვაქვს, მაგრამ დღესასწაულებს კი ქართულად აღვნიშნავთ. ზოგჯერ თანამემამულეები შევიკრიბებით, ცოტას ვილაპარაკებთ სუფრასთან, ცოტას დავლევთ და ეგაა.

- ყველაზე კარგად რომელი ახალი წელი გახსენდებათ?
- სამშობლოში აღნიშნული ყველა ახალი წელი! მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში ულამაზესად არის მორთული ყველაფერი და ირგვლივაც საზეიმო განწყობაა, მაინც ვერაფერი შეედრება საქართველოში გატარებულ სადღესასწაულო დღეებს. ჩვენი ოჯახის მეკვლე ყოველთვის მამაჩემია, აქ კი ამ საქმეს მე ვკისრულობ, ოჯახის ტრადიციას ვაგრძელებ.

- 2012 წელს გაცილებით "დაღვინებულიც" ხვდებით. ყველა ხედავს, რომ მეტოქეებისთვის ჭკუის სასწავლებლად ისე ხშირად აღარ იქნევთ მუშტებს.
- ჰო, მაგის თქმა განსაკუთრებით ბოლო მატჩის შემდეგ შეიძლება. "ტულუზასთან" მატჩში ორ მეტოქეს ვეჩხუბე და 10 წუთით გამაძევეს (იცინის). ისე კი, მართალი ხართ, აღარ ვჩხუბობ ხოლმე, აღარ იმსახურებენ ჩემი მეტოქეები.

- უფრო სხვა მიზეზი მგონია. უკვე ყველამ იცის, რომ "გორგოძილასთან" ჩხუბს ხეირი არ მოჰყვება და...
"გულივერა", "გორგოძილა" - მეტსახელებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- არც ერთი არ მომწონს და არც არავინ მეძახის, სახელით მომმართავენ ხოლმე. ისე, "გორგოძილა" რომც დამიძახონ, არ მეწყინება. ჩემი მეტსახელები "აქტიურ მოხმარებაში" არ არის, ძირითადად, მხოლოდ ჟურნალისტები იყენებენ ხოლმე პუბლიკაციებში.

- გასულ წელს ქუბრიაშვილმა, შველიძემ და კაჭარავამ "ბარბაროსებში" ითამაშეს, მანამდე, ზირაქამ გაუგო გემო მსოფლიო ნაკრებს, გორგოძე ლამის ყველა ტურში და ტურნირზე საუკეთესოთა შორის არის - ქართველი მორაგბეები არა მხოლოდ ნაკრებში ხართ გამორჩეული.
- ძალიან კარგია, რომ ქართველი მოთამაშეებიც დაფასდნენ, ეს კი უპირველესად იმის დამსახურებაა, რომ ნაკრებმა დაიმსახურა პატივისცემა და ხელწამოსაკრავი მეტოქე გრანდებისთვისაც აღარა ვართ. თუმცა, ცუდი ის არის, რომ ჯერჯერობით, მოთხოვნა ისევ მხოლოდ ქართველ პირველხაზელებზეა.

- "წლის ადამიანი", "წლის სპორტსმენი", "წლის მორაგბე"... - ამ ნომინაციებზე მხოლოდ წარდგენაც კი დიდი პატივია.
- გადამეტებულია-მეთქი, როგორ ვთქვა, როცა ხალხი დაგასახელებს, როგორ არ უნდა მიიღო, მაგრამ მაინც უხერხულად ვგრძნობ თავს. სამშობლოში აღიარება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. იმაზე მეტი რა უნდა ინატრო კაცმა, რომ ერთ წელიწადს მაინც იყო შენი ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენი? მით უმეტეს, როდესაც გუნდური სპორტის წარმომადგენელი ხარ. მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით მადლობა ვუთხრა ყველას, ვისაც ჩემი წარმატება უხარია, ვინც მხარი დამიჭირა. მთელ საქართველოს ვულოცავ შობა-ახალ წელს, მშვიდობასა და ბედნიერებას ვუსურვებ!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით