მოვზიდოთ მშვილდი, დავაბრუნოთ უცხოეთში გადახვეწილები - კვირის პალიტრა

მოვზიდოთ მშვილდი, დავაბრუნოთ უცხოეთში გადახვეწილები

სპორტის სამინისტრომ 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენად მორაგბე მამუკა გორგოძე რომ დაასახელა, გასულ კვირას მოგახსენეთ. ამას მოჰყვა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვა, რომელშიც ასევე პირველი მამუკა გორგოძე იყო.მეორე ადგილი ერგო კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძეს, ხოლო მესამე - მშვილდოსან ქრისტინე ესებუას. სპორტის ამ სახეობის წარმომადგენელი ბოლო წლებში პირველად ავიდა ასეთ სიმაღლეზე. დამაინც, რით დაიმსახურა ქრისტინემ ჟურნალისტების აღიარება?

ქრისტინემ 2011 წლის ზაფხულში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა, რაც ქართული მშვილდოსნობის ისტორიული მიღწევა აღმოჩნდა. აქამდე, მსოფლიოს პირველობებზე ქართველ მშვილდოსნებს სხვადასხვა სინჯის მედლები არაერთხელ მოუგიათ, მათ შორის ოქროც, მაგრამ ეს გუნდურ ჩათვლაში. ინდივიდუალურად კი მსოფლიოზე პირველი მედალი სწორედ 2011 წელს ქრისტინე ესებუამ მოიპოვა. ვიდრე მასზე ლაპარაკს განვაგრძობდეთ, გეტყვით, რომ 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე საბჭოთა ნაკრებთან ერთად ოქროს მედალს დაეუფლა ქეთევან ლოსაბერიძე, ხოლო 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიადაზე დსთ-ს გუნდთან ერთად მესამე ადგილი დაიკავა ხათუნა ქვრივიშვილმა. სხვათა შორის, ქალბატონი ქეთევანი ერთადერთი ქალი ევროპელია, ვისაც ოლიმპიადაზე პირად ჩათვლაში ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. ამ სახეობაში აზიელები, კერძოდ კორეელი და ჩინელი მშვილდოსნები დომინირებენ. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატებს, ქრისტინე ესებუას ამ ზაფხულს პირველობა რომ მოეგო, 70-იანი წლების შემდეგ მეორე ევროპელი მსოფლიოს ჩემპიონი იქნებოდა. პირველია მოლდოველი ნატალია ვალეევა, რომელიც იტალიის სახელით გამოდის.

დავუბრუნდეთ ქრისტინე ესებუას. იგი საერთაშორისო სარბიელზე გამოჩენისთანავე მეტად პერსპექტიულ სპორტსმენად ითვლებოდა, ახალგაზრდულ ასაკში (1985 წელსაა დაბადებული) არაერთი ჯილდო მოუგია, თუმცა მედლები საქართველოს ყულაბაში არ მოქცეულა - ქრისტინე უკრაინის სახელით გამოდიოდა და იქაური ნაკრების შემადგენლობაში აღწევდა წარმატებებს. ზრდასრული ასაკის უკრაინის ნაკრებში დიდი კონკურენცია იყო, ამას დაერთო ესებუას საქართველოში დაბრუნების სურვილი და ჩვენს ქვეყანას ერთი ნიჭიერი სპორტსმენი დაუბრუნდა. დაბრკოლება არც მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციას შეუქმნია. იგი ჩვენი ქვეყნის სახელით 90-იანი წლების ბოლოდან გამოდის.

რადგან ქართულ-უკრაინულ მიმოსვლაზე ვლაპარაკობთ, აქვე იულია ლობჟანიძეც უნდა ვახსენოთ. ისიც პერსპექტიული მშვილდოსანია და უკრაინის სახელით გამოდიოდა. ბოლო ორი წელია, მას იქაურ ნაკრებში არ უასპარეზია და საერთაშორისო ორგანიზაციიდან მწვანე შუქია ანთებული, მაგრამ ლობჟანიძის საქართველოს ნაკრებში გადმოყვანა ჯერაც ვერ მოხერხდა. ისიც საკითხავია, პრობლემის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ექნება თუ არა სალიცენზიო ტურნირებში მონაწილეობის უფლება.

სხვა ქვეყნის სახელით კიდევ ერთი ქართველი მშვილდოსანი გამოდის, გაცილებით გამოცდილი ხათუნა ქვრივიშვილი (ლორიგი). იგი სწორედ იმ გუნდის წევრი იყო, რომელმაც 1992 წლის ოლიმპიადაზე ბრინჯაო მოიპოვა. ხათუნა ამჟამად ამერიკის ნაკრების ღირსებას იცავს, სტაბილურობით გამოირჩევა, ნაკრებში მეორე ნომერია, თუმცა პირველს არაფრით ჩამორჩება. მისი დამატება საქართველოს ეროვნულ გუნდსაც საგრძნობლად გააძლიერებდა. ეს ჩვენზე კარგად საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელობასაც ესმის, ამიტომაც სცადა ქვრივიშვილის სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ არაფერი გამოვიდა - ამერიკელებმა პირობები გაუუმჯობესეს და ხელფასიც გაუოთხმაგეს.

ვიდრე საზღვარგარეთ მოასპარეზეები სამშობლოში დაბრუნდებოდნენ და საქართველოში აღზრდილები საერთაშორისო სარბიელზე გაიბრწყინებდნენ, არსებული რესურსით უნდა ვეცადოთ კარსმომდგარი ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება. ზაფხულში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოცდილი ქართველი მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე მერვედფინალში გავიდა, რაც ოლიმპიადის ლიცენზიის გარანტია უნდა ყოფილიყო, მაგრამ საერთაშორისო წესებით მსოფლიოზე თითო ქვეყანას მხოლოდ ერთი ლიცენზიის აღების უფლება ჰქონდა. ამიტომ, რადგან ესებუამ მესამე ადგილი დაიკავა, ლონდონის საგზურიც მას ერგო. ხათუნა ნარიმანიძეს კი გაზაფხულზე, ამერიკაში დაგეგმილ სალიცენზიო ტურნირში მოუწევს ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლების მოპოვება. მის გარდა კიდევ არაერთი ახალგაზრდა სპორტსმენია, თუმცა ლიცენზიას, პირველ რიგში, ნარიმანიძისგან ველით.

საქართველოს ნაკრებს ლონდონის ოლიმპიადაზე გუნდურ ჩათვლაში მონაწილეობისთვისაც სალიცენზიო ტურნირებში მოუწევს ბრძოლა. ეს შეჯიბრებები მაისში დასრულდება. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ფედერაციებს ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიების გათამაშებისთვის 2.5 წელი მისცა. ვადა სწორედ მაისში იწურება. ასე რომ, ზაფხულის პირველ რიცხვებში ოლიმპიადის ყველა ლიცენზიანტის ვინაობა გვეცოდინება.

ვაჟა სიმონიშვილი