რვათვიანი "სამუდამო დისკვალიფიკაცია"?! - კვირის პალიტრა

რვათვიანი "სამუდამო დისკვალიფიკაცია"?!

თუ შარშან "საჩუქარი" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გაუკეთეს (2010 წლის 29 დეკემბერს "პრივატბანკმა" სფფ-ის ანგარიში დააყადაღა. - ავტ.), ამჯერად ქართული ფეხბურთის პირველკაცმა ჩამოარიგა საახალწლო საჩუქრები და გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისთვის ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთილ ფეხბურთელებს სასჯელი ერთპიროვნულად მოუხსნა.შეგახსენებთ, რომ 2011 წლის მაისში სამართალდამცავებმა ქართული კლუბების ხუთი ფეხბურთელი: როინ ონიანი, ლევან ვართაგავა (ზუგდიდის "ბაია"), სპარტაკ გოგია, კახაბერ კირთაძე ("სამტრედია") და გიგა ბეჭვაია ("ვიტ ჯორჯია") დააკავეს. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების განცხადებით, მოთამაშეებს ტოტალიზატორის შავი ბიზნესის წარმომადგენელ დავით გაბედავასთან სისტემატური ურთიერთობა ჰქონდათ და სოლიდური თანხის სანაცვლოდ ე. წ. "ცოცხალის" (მატჩში მოწოდებული აუტების, შეცვლების, მიღებული ბურთების რაოდენობა, პენალტი და ა.შ.), მისთვის სასურველი ვარიანტის "დასმას" უზრუნველყოფდნენ. ამ ბრალდებებს შესაბამისი ვიდეომტკიცებულებებიც მოჰყვა, თუმცა, დაკითხვის შემდეგ ხუთივე ფეხბურთელი გაათავისუფლეს. მოგვიანებით კი სფფ-ის აღმასკომმა ზემოჩამოთვლილი ფეხბურთელები სამუდამო დისკვალიფიკაციით დასაჯა.

და აი, გასული კვირის დასაწყისში სფფ-ის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ფეხბურთიდან მოკვეთილ მოთამაშეებს "ამნისტია" შეეხო და მიეცათ მეორე შანსი და უფლება, ფეხბურთს დაუბრუნდნენ. "ამ ფეხბურთელთაგან ზოგიერთმა მთელი შეგნებული ცხოვრება ფეხბურთს შესწირა, ნაწილი კი სწორედ ახლა იწყებდა საფეხბურთო კარიერას და სფფ-ის პრეზიდენტმა სწორედ ამიტომ გამოსცა უპრეცედენტო ამნისტია", - ნათქვამია სფფ-ის წერილში.

ბუნებრივია, არავის დასჯა არ გვიხარია და არც ამნისტირებული ფეხბურთელების საწინააღმდეგო გვაქვს რამე. პირიქით, მაშინვე დავწერეთ, რომ ჯოხის გადატეხა მხოლოდ ამ ხუთ მოთამაშეზე არც სამართლიანი იყო და არც პანაცეად გამოდგებდა. მეორეც, ფეხბურთიდან მათი მოკვეთის დღიდან ჯერ რვა თვეც არ გასულა და დავიჯეროთ, ხუთი ფეხბურთელის გამოაშკარავებამ ისე დააშინა დანარჩენები, რომ საქართველოს ჩემპიონატი მართლაც ასე სწრაფად გადაიქცა "ჭეშმარიტად სპორტულ პრინციპებზე დამყარებულ შეჯიბრებად"?!

p. s. და როცა სამუდამო დისკვალიფიკაციას უსჯიდნენ, მაშინ არ იცოდნენ, რომ "ზოგიერთმა მთელი შეგნებული ცხოვრება ფეხბურთს შესწირა", ნაწილი კი "სწორედ ახლა იწყებდა საფეხბურთო კარიერას"?!