"სამშობლოში აღიარებას არაფერი შეედრება" - კვირის პალიტრა

"სამშობლოში აღიარებას არაფერი შეედრება"

საქართველოს 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენი მამუკა გორგოძე გახდა, მეორე ადგილი კი თითქმის ყველა გამოკითხვაში ვიქტორ სანიკიძემ დაიკავა.ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენთან ინტერვიუ გაზეთის წინა ნომერში შემოგთავაზეთ, ასე რომ, ახლა სანიკიძის ჯერია. მით უმეტეს, რომ გასულ კვირას ბოლონიის "ვირტუსის" ქართველი კალათბურთელი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, - "მონფერატოსთან" მატჩში "ვიკამ" 19 ქულასა და 14 მოხსნას მოუყარა თავი, ბოლო რვა მატჩში კი მეექვსედ შეასრულა ორმაგი დუბლი და თუ ასე გააგრძელა, სერია A-ს "ყველა ვარსკვლავის მატჩზე" გამოძახებას ვერც წელს "გადაურჩება". ამიტომაც არის, რომ იტალიურ პრესაში ლამის ყოველკვირა წაიკითხავთ შეფასებებს: "ეარ ჯორჯია", "სუპერსანიკიძე", "მფრინავი ვიქტორი" და ა.შ. თუ გაინტერესებთ, როგორ შეხვდა ახალ წელს გასული სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი ვიქტორ სანიკიძე და რით დაამახსოვრა თავი 2011-მა წელმა, ეს ინტერვიუ წაიკითხეთ:

- განვლილი წელი ყველაზე წარმატებული იყო ჩემს კარიერაში. მართალია, საკლუბო დონეზე ბევრს ვერაფერს მივაღწიე და "ვირტუსი" მხოლოდ ფლეი-ოფში გასვლას დასჯერდა, მაგრამ სერია  A-ს "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მიმიწვიეს და რაც მთავარია, საქართველოს ნაკრებთან ერთად წარმატებით ვითამაშე ჩვენთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე. პირველივე ჯერზე ევროპის 12 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრა ქართული კალათბურთისთვის დიდ წარმატებად მიმაჩნია.

- 2011 წლის თქვენთვის ყველაზე ემოციური მომენტი გაიხსენეთ...

- ის საღამო, როცა ცნობილი გახდა, რომ ქვეჯგუფიდან გავედით და ბრძოლას ვაგრძელებდით... მაშინ განცდილი სიხარული არასდროს დამავიწყდება. თუმცა, სიხარულსა და სიამაყესთან ერთად იმ წუთებშივე დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რომ შემდგომ ეტაპზე კიდევ უფრო კარგად გვეთამაშა. და რომ არა წამყვანი მოთამაშეების ტრავმები, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნებოდა.

- არადა, ჯერ კიდევ სამიოდე წლის წინ არათუ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა, B  დივიზიონიდან თავის დაღწევაც კი საოცნებოდ გვქონდა.

- "მადა ჭამაში მოდის" და ქომაგის მოლოდინიც იზრდება ხოლმე, მაგრამ საქართველოს ნაკრების იმ გულშემატკივრებმა, რომლებსაც გული დასწყდათ, მეორე ჯგუფური ეტაპი რომ ვერ დავძლიეთ, ალალად თქვან, თუნდაც სამი წლის წინ რომ ეთქვა ვინმეს, ნაკრები 2011 წლის ევრობასკეტზე ითამაშებსო, დაიჯერებდნენ? ასე რომ, ევროპის შარშანდელი ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის ნამდვილად წარმატებული იყო და კალათბურთელებიც გაცილებით თავდაჯერებულები გავხდით.

- ახალი შესარჩევი ციკლის წინ პირველ კალათში ვიყავით განთესილი და შესაბამისად, მეტოქეებიც შედარებით იოლი გვერგო. "ევრო-2013"-ზე მოხვედრის შანსს როგორ შეაფასებთ?

- საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი ნამდვილად არის: ქვეჯგუფში პირველი კალათიდან მოვხვდით, მოწინააღმდეგეებიც უფრო გვაფასებენ, თანაც, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება უკვე გვაქვს და ვიცით, ვის როგორ ვეთამაშოთ. მეტოქეებს რაც შეეხება, ერთი შეხედვით, არ არის რთული ჯგუფი, მაგრამ იოლ მატჩებს არ უნდა ველოდოთ. ბოსნიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სუსტი გუნდები არც დანარჩენებს ჰყავთ, - ბულგარეთთან წაგება კარგად გვახსოვს, ლატვიას სამი წამყვანი მოთამაშე აკლდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე მაინც კარგად ითამაშა, ამხანაგურ მატჩებში ჰოლანდიაც თანაბრად გვებრძოდა და ა.შ.

- მამუკა გორგოძესთან ერთად 2011 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენობის მთავარი პრეტენდენტი თქვენც იყავით. ძალიან დაგწყდათ გული, რომ ვერ გაიმარჯვეთ?

- მამუკას მაშინვე დავურეკე და თქვენი გაზეთის საშუალებით კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ აღიარებას. პირადად ჩემთვის კი ისიც უდიდესი პატივია, ჩემს ქვეყანაში წლის საუკეთესო სპორტსმენებს შორის რომ დამასახელეს. სპორტსმენისთვის იმაზე დიდი სიამაყე და აღიარება რა უნდა იყოს, სამშობლოში რომ დააფასებენ. ყველას დიდი მადლობა ამისთვის.

- იტალიის ჩემპიონატზე გადავიდეთ. საუკეთესო პერიოდი გიდგათ და ორმაგი დუბლის გარეშე მოედანს იშვიათად ტოვებთ.

- "ვირტუსი" იტალიის ერთ-ერთი ტიტულოვანი კლუბია, ორჯერ აქვს მოგებული ევროლიგა და "სკუდეტოების" (იტალიის ჩემპიონის ტიტული. - ავტ.) რაოდენობითაც მხოლოდ "მილანს" ჩამორჩება. თუმცა, 2001 წელს გუნდის მეპატრონე გაკოტრდა, რის შემდეგაც კლუბში კრიზისი დაიწყო, ბოლო წლებში ოთხეულში მოხვედრასაც ვერ ახერხებდა. საბედნიეროდ, წელს ძალიან კარგად ვთამაშობთ, საკუთარ მოედანზე შვიდიდან შვიდი მოგება გვაქვს და მესამე ადგილზე ვართ. არადა, იტალიის ჩემპიონატი წელს არნახულად ძლიერია და ჩემპიონობისთვის უკვე რამდენიმე გუნდი იბრძვის.

- თავმდაბლობა ამშვენებს ადამიანს, მაგრამ კლუბის წარმატებაზე კი არა, თქვენს კარგ თამაშზე გკითხეთ. ბოლო რვა მატჩში ორმაგი დუბლი ექვსჯერ შეასრულეთ.

- თუ კლუბი ვერ იგებს, ცალკეული მოთამაშის გარჯაც ნაკლებად ფასობს, "ვირტუსი" კი ძალიან კარგად თამაშობს და ჩემი სტატისტიკა ამის გამოც მოჩანს ასე შთამბეჭდავად. მართლაც საუკეთესო ფორმაში ვარ, მაგრამ ეს მოწინააღმდეგე გუნდების მცველებმაც კარგად იციან და ჩემს წინააღმდეგ გაორმაგებული მობილიზებით თამაშობენ. ახალ ქვეყანასთან, ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ჩემპიონატთან სწრაფად შეგუება იოლი არ არის. სხვებთან შედარებით ორმაგი მონდომებით უნდა მევარჯიშა და მეთამაშა, შემადგენლობაში ადგილი რომ დამემსახურებინა. მით უმეტეს, თავიდან აქაური მსაჯებიც კი მკაცრად ექცევიან ახალბედებს და უმნიშვნელო დარღვევასაც არ პატიობენ. უკვე მესამე წელია ბოლონიაში ვარ, ყველა ეს პრობლემა გადავლახე და ეს ჩემს თამაშსაც ეტყობა. რაც მთავარია, ახალი მწვრთნელიც მეტად მენდობა.

- სერია  A-ში წელს ბევრი ძლიერი კალათბურთელი თამაშობს და ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება განსაკუთრებით ფასობს.

- ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ, როცა გადახედავ, რა დონის მოთამაშეებზე მაღლა დაგაყენეს, ხვდები, რომ ეს მართლაც დიდი აღიარებაა.

- ქვეყანა ვახსენეთ. რითი მოახდინა იტალიამ თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

- იმით, რომ იტალიის სამხრეთი რეგიონები ძალიან ჰგავს საქართველოს, ბუნებითაც, ხალხითაც, ტემპერამენტითაც. ჩემი ერთ-ერთი თანაგუნდელი - ჯუზეპე პოეტა ნეაპოლელია და ზოგჯერ ისე იქცევა და ლაპარაკობს, ქართველი მგონია ხოლმე. ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ პეპესთან დამეგობრება არ გამჭირვებია. სხვათა შორის, მისი გვარი იტალიურადაც "პოეტს" ნიშნავს, მაგრამ ჯერჯერობით ლექსების წერაზე უკეთ კალათბურთის თამაში გამოსდის (იცინის).

- თქვენ გარდა, იტალიის ჩემპიონატში ქართველები საკმაოდ არიან: მარკოიშვილი, შერმადინი, მეტრეველი... ერთმანეთს ხშირად ეხმიანებით?

- სანამ ნიკა მეტრეველი "რიმინიში" თამაშობდა, ერთმანეთს კვირაში ერთხელ მაინც ვნახულობდით, რადგან რიმინი ბოლონიასთან ახლოს არის. სამწუხაროდ, რაც კლუბი შეიცვალა, სიშორის გამო ნიკას თითქმის ვეღარ ვნახულობ, ისევე, როგორც მანუჩარსა და გიორგის. მაგრამ ტელეფონით, რა თქმა უნდა, ხშირად მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს. კვირაში მხოლოდ ერთი დღე გვაქვს დასვენება და სადმე წასვლას გვირჩევნია, დავისვენოთ.

- პრესაში ხშირად გიწოდებენ "ეარ ჯორჯიას", "სუპერსანიკიძეს" და ა.შ. თანაგუნდელები რას გეძახიან?

- ისევე, როგორც ესპანეთში, იტალიაშიც "სანის" მეძახიან თანაგუნდელები. მეგობრებისთვის კი ისევ "ვიკა" ვარ.

- ახალ წელი როგორ აღნიშნეთ?

- დედა და ძმა მყავდა სტუმრად და ახალ წელს "ქართულად" შევხვდით, მათ შორის - გოზინაყითა და ჩურჩხელებითაც. მერე კი თანაგუნდელებთან ერთად რესტორანში წავედი. ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, კათოლიკური შობა იტალიაში პომპეზურად აღინიშნება, ახალ წელს გაცილებით მოკრძალებულად ხვდებიან, ჩვენსავით ორ კვირას კი არ გადააბამენ ხოლმე  (იცინის).

- "ვირტუსთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაკავშირებთ და თუ გავითვალისწინებთ, რომ თქვენი გადაბირება გაცილებით უფრო ძლიერ კლუბებს სურთ, ალბათ, ბოლონიას მალე დატოვებთ.

- აქაურობას უკვე შევეჩვიე და თუ უკეთეს პირობებს შემომთავაზებენ, სიამოვნებით დავრჩები, მაგრამ თუ უფრო ძლიერი, თანაც, ევროლიგაზე მოთამაშე კლუბი მიმიწვევს, უარს ნამდვილად არ ვიტყვი.

- ნებისმიერი კალათბურთელის ოცნება ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშია და როგორ ფიქრობთ,  NBA-ში სათამაშოდ მზად ხართ?

- ბევრი კალათბურთელი ვიცი, ევროპულ კლუბში 4-5 ქულაზე მეტს ვერ აგდებს, NBA-ში კი საშუალოდ 25-30 ქულას აგროვებდა. ჩემს ამჟამინდელ თანაგუნდელ დაგლასს "მილუოკიში" 30-40 ქულაც ჩაუგდია, იტალიაში კი წლის მთავარ იმედგაცრუებად დაასახელეს. ამერიკაში უფრო გახსნილად თამაშობენ, სწრაფი, კარგი ნახტომის მქონე მოთამაშეებისთვის იქ თამაში უფრო იოლია და მგონია, რომ არ გამიჭირდებოდა. ჩემი მიზანიც ოკეანისგაღმა თამაშია და იმედია, ეს ოცნება ამისრულდება.