"სამხრეთ ამერიკას რომ ფინტებით გააკვირვებ, როგორი საქმეა?" - კვირის პალიტრა

"სამხრეთ ამერიკას რომ ფინტებით გააკვირვებ, როგორი საქმეა?"

გასულ კვირას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიხეილ მესხის ძეგლის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა. 12 იანვარს ლეგენდარული ფეხბურთელის დაბადებიდან 75 წელი შესრულდა და კონკურსის გამოცხადება სფფ-ში ამ თარიღს დაამთხვიეს. სადაც სამართალია, ქართული ფეხბურთის ლეგენდისთვის ძეგლი აქამდეც უნდა დაგვედგა, მაგრამ...ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და ფეხბურთის ფედერაციას ეს ინიციატივა ნამდვილად უნდა მოვუწონოთ. იქნებ ამის შემდეგ მაინც მივხვდეთ ქართველები, რომ "კვერცხებიანი შლოპანცისა" თუ "დაჭმუჭნილი ბოთლის" "უკვდავყოფაზე" უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს. და ეს გულისტკივილი მხოლოდ მესხს არ ეკუთვნის, - მიუხედავად იმისა, რომ "მესხი იგივეა ქართული ფეხბურთისთვის, რაც "ვეფხისტყაოსანი" ქართული ლიტერატურისთვის", რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ძეგლით ან თუნდაც ბიუსტით მაინც, ვერც ქართული ფეხბურთის სხვა ლეგენდები დაიკვეხნიან... როდესაც პატივს არ მივაგებთ იმ ხალხს, ვინც მთელ მსოფლიოს გააცნო ქართული ფეხბურთი და დღემდე მის სავიზიტო ბარათად რჩება, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რატომ ვერ იმართება წელში ჩვენი ფეხბურთი.

..."ტექნიკის თვალსაზრისით მიხეილ მესხის ბადალი ოსტატი მსოფლიოში არ მინახავს", "მისი ფინტები ფურორს იწვევდა ყველგან - სამხრეთ ამერიკაშიც კი, სადაც ასე განვითარებულია ეს ფილიგრანული ხელოვნება", "მესხი ერთი თავით მაღლა დგას საფეხბურთო სამყაროს ყველა გარემარბზე"... - ასეთი შეფასება უამრავია და თითოეული მათგანი განსაკუთრებულად მძაფრად დღეს ისმის, როდესაც ქართველი ფეხბურთელისგან ზედიზედ ორი კაცის მოტყუებაც კი სანატრელი გაგვხდომია. წლეულს მიხეილ მესხი 75 წლის გახდებოდა, არადა, უკვე ოც წელიწადზე მეტია, ქართულმა ფეხბურთმა ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი დაკარგა. "ფეხბურთის აკადემიკოსის", ლეგენდარული მიშა მესხის გახსენება მის ყოფილ თანაგუნდელს, სახელგანთქმული "ოქროს ბიჭების" თაობის ერთ-ერთ უკანასკნელ მოჰიკანს ილია დათუნაშვილს ვთხოვეთ:

- ბატონო ილია, როგორ ფიქრობთ, საქართველოს სირცხვილი არ არის, მიშა მესხს ძეგლი აქამდე რომ ვერ დავუდგით?

- რა თქმა უნდა, ჩვენი სირცხვილია... შეიძლება, არ გვახსოვდეს და არ დავაფასოთ პაიჭაძე, ღოღობერიძე, ბერძენიშვილი, ჭკუასელი, მათი და შემდგომი თაობების სხვა ლეგენდარული მოთამაშეები? შენს წინაპარს თვითონ თუ არ სცემ პატივს, სხვა დააფასებს?  მიშა მესხი კი... ის მოვლენა იყო ქართულ და მსოფლიო ფეხბურთში. 1963 წელს, ინგლისური ფეხბურთის 100 წლის იუბილეზე, ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ნაკრებს შეხვდა და სწორედ მსოფლიო ნაკრებში იყო მიწვეული მესხიც, მაგრამ რუსებმა არ გაუშვეს. მაშინ ბესკოვი იყო სსრკ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და როგორც "უყვარდა" ქართველები, ყველას კარგად მოეხსენება. მიუხედავად იმისა, რომ მიშა შესანიშნავ ფორმაში იყო, ფიფაში წერილი აფრინეს, მესხი ავად არისო და მის ნაცვლად, იაშინი გაგზავნეს.

- მესხის მხარდამხარ თამაშის ბედნიერება რამდენიმე წლის განმავლობაში გქონდათ...

- ანდრო ჟორდანიამ ქუთაისიდან თბილისის "დინამოში" რომ წამიყვანა 1958 წლის ბოლოს, მას შემდეგ, ათი წლის განმავლობაში მე და მიშა ერთად ვთამაშობდით. არ უყვარდა, როცა უხეშად ეთამაშებოდნენ, ან მაისურით დაიჭერდნენ.

- ასეთი რამ არავის მოსწონს, მაგრამ მცველებსაც უნდა "გავუგოთ", სხვაგვარად ხომ მისი შეჩერება შეუძლებელი იყო.

- ერთხელ მოწინააღმდეგის მცველმა ახალთახალი მაისური შემოახია და მერე თავს იმართლებდა, რა მექნა, სხვაგვარად ვერაფერი მოვუხერხეო... უდიდესი ფეხბურთელი იყო, საოცარი ტექნიკის პატრონი. სამხრეთ ამერიკას რომ ფინტებით გააკვირვებ, როგორი საქმეა? ურუგვაისთან მატჩში ისე ითამაშა მიშამ, შეხვედრის დამთავრების შემდეგ, სტადიონი ლამის დაინგრა აპლოდისმენტებისგან. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმა, რობერტ კენედიც ესწრებოდა იმ მატჩს. ისე მოიხიბლა მესხის თამაშით, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ გასახდელში ჩავიდა და მიშასთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო. მთელი მსოფლიოს გაზეთების პირველი გვერდები მოიარა ფოტომ, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ აქვს მხარზე ხელი გადახვეული აშშ-ის პრეზიდენტის ძმას საბჭოეთის ნაკრების წითელ მაისურში გამოწყობილი მესხისთვის. სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ ეს უნიკალური ფოტოსურათი რომელიღაც ჟურნალისტმა "ინათხოვრა" მიშას მეუღლისგან და უკან აღარ დააბრუნა.

- დასანანია, რომ კარიერის მსგავსად სიცოცხლეც ხანმოკლე ჰქონდა.

- ძალიან ახალგაზრდა, 54 წლისა წავიდა ამ ქვეყნიდან. ხომ საოცარი ფეხბურთელი იყო, მაგრამ როგორც პიროვნება, კიდევ უფრო კარგი - უზომოდ პატიოსანი, კეთილი, თბილი, ყურადღებიანი. ვისაც უნდა ეთხოვა დახმარება, დაუზარებლად წაჰყვებოდა და აუცილებლად მოუგვარებდა საქმეს.

- კიდევ დაიბადებიან საქართველოში მიშა მესხისდარი ვარსკვლავები?

- კაცი იმედით ცოცხლობს, აუცილებლად დაიბადებიან! მაგრამ სანამ კიდევ გვეყოლება ასეთი დონის ფეხბურთელები, ძველები არ უნდა დავივიწყოთ. ხშირად მეკითხებიან, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს დაასახელეო. საკითხის ასე დაყენება არასწორად მიმაჩნია. ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ ერთ რომელიმე ფეხბურთელს თუ დავასახელებთ, ეს ხომ შეურაცხყოფა იქნება სხვა თაობებისთვის? საუკეთესო მოთამაშეები ყველა დროს ჰყავდა.