გოლოვინა მეთერთმეტე "ლონდონელია" - კვირის პალიტრა

გოლოვინა მეთერთმეტე "ლონდონელია"

სათაურმა არ დაგაბნიოთ - საქართველოს ნაკრების ლიდერი, ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა მეთერთმეტე სპორტსმენია, რომელმაც ქართულ ოლიმპიურ დელეგაციას 2012 წლის ლონდონის ოლიამპიადის ლიცენზია მოუტანა. ოლიმპიური თამაშების საგზური გოლოვინამ სწორედ ლონდონში ჩატარებულ საკვალიფიკაციო ტურნირზე მოიპოვა. ბრძოლაში სულ 17 სპორტსმენი მონაწილეობდა, სანუკვარ ლიცენზიას კი მხოლოდ საწყის რვა ადგილზე გასულები იღებდნენ და ჩვენებურმა ზედიზედ მეორე ოლიმპიადის საგზური სწორედ მერვე ადგილზე გასვლით გაინაღდა. მისი მიღწევა კიდევ უფრო დასაფასებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო კვირებში გოლოვინას, რომელმაც პეკინის ოლიმპიადაზე მეექვსე ადგილი დაიკავა, წელი სტკიოდა და საასპარეზოდაც გამაყუჩებლის გაკეთების შემდეგ გავიდა. მანამდე 2012 წლის ოლიმპიადის საგზურები უკვე ჰქონდათ მოპოვებული ნინო სალუქვაძეს (ტყვიის სროლა), ქრისტინე ესებუას (მშვილდოსნობა), მანუჩარ ცხადაიას (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), დავით ხუციშვილს, მალხაზ ზარქუას, დავით მარსაგიშვილს, დავით მოძმანაშვილს (ყველა  თავისუფალი ჭიდაობა), გია მაჭავარიანს, დავით გოგიას და ლაშა ტალახაძეს (ყველა ძალოსნობა).