ეროვნული ჩემპიონატი ფორმა(ტ)ს იცვლის - კვირის პალიტრა

ეროვნული ჩემპიონატი ფორმა(ტ)ს იცვლის

საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას არაერთხელ უთქვამს, რომ მომდევნო ოთხწლიანი ციკლი ქართული რაგბისთვის უმნიშვნელოვანესია. გარდა იმისა, რომ ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს ელით ახალი გამოწვევები, ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერებაა. საამისოდ რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადაიდგა, გასული კვირის მიწურულს კი რაგბის კავშირმა იმ ცვლილებების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება: უქმდება საქართველოს თასის გათამაშება; საქართველოს 2012-13 წლების პირველობა შემოდგომა-გაზაფხულის პრინციპით გაიმართება, საამისოდ კი მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდება. კერძოდ, უმაღლეს ლიგაში რვის ნაცვლად ათი გუნდი ითამაშებს. გუნდები, ტრადიციულად, ორ წრედ, შინ და გარეთ ითამაშებენ და გამარჯვებულის ვინაობას ფლეი-ოფის სისტემით გამოავლენენ; მეორე ლიგა გაუქმდება, იქ მოთამაშე და ახალშექმნილი გუნდები კი აღმოსავლეთ და დასავლეთ დივიზიონებად დაყოფილ პირველ ლიგაში გაერთიანდებიან. ამ ლიგაში 16 გუნდი იასპარეზებს, - დასავლეთ დივიზიონში ითამაშებენ ქუთაისის "ბაგრატი", ფოთის "რაინდები", ოზურგეთის "არწივები", საჩხერის "ჯრუჭი", ბათუმის "დელფინები" და სენაკის "ნოქალაქევი". აღმოსავლეთში კი, პატარძეულის "ვეფხვების" გარდა, ყველა გუნდი თბილისისაა - "ხულიგანა", "დევები", "თიბისი", "დინამო", "ტორნადო", "ბარბაროსები", "მგლები", "სტუ" და "ივერია". გათამაშება ორ წრედ ჩატარდება, დივიზიონებში ორ-ორ საუკეთესო ოთხგუნდიან ჯგუფს შექმნის, რომელშიც ასევე ორწრიანი ტურნირი ჩატარდება. ორი საუკეთესო კი უმაღლესი ლიგის ორ უარეს კლუბთან გადათამაშებაში შეეცდება რანგით მაღალი ლიგის საგზურის მოპოვებას.

შემოდგომა-გაზაფხულის სისტემა სექტემბრიდან ამოქმედდება და 2013 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მანამდე, მიმდინარე წლის 18 თებერვალს, ე. წ. "გაზაფხულის გარდამავალი ტურნირი" აიღებს სტარტს, რომლის საწყის ეტაპზეც პირველი ლიგის გუნდები იასპარეზებენ. აღმოსავლეთისა და დასავლეთის დივიზიონების გამარჯვებულები უმაღლეს ლიგას დაემატებიან. 31 მარტიდან "გაზაფხულის გარდამავალ ტურნირში" უმაღლესი ლიგის გუნდები ჩაერთვებიან და ორჯგუფიანი, თორმეტგუნდიანი ტურნირი, სავარაუდოდ, 26 ან 27 მაისს დასრულდება. პირველ ჯგუფში ითამაშებენ: "არმია", "ლელო", "არმაზი", "ყოჩები", "ბათუმი XV" და დასავლეთ დივიზიონის გამარჯვებული, მეორე ჯგუფში - "აია", "ლოკომოტივი", "ხარები", "აკადემია", "ჯიქები" და აღმოსავლეთ დივიზიონის გამარჯვებული. წლეულსვე, შეიცვლება ქულათა დარიცხვის სისტემაც: მოგებული გუნდი 4 ქულას მიიღებს, ამასთან, თუ მეტოქეს მინიმუმ სამით მეტ ლელოს გაუტანს, ერთი პრემიალური ქულაც ერგება. პრემიალური ქულის მოპოვება წაგებულ გუნდსაც შეუძლია - თუ შვიდი ან ნაკლები ქულით დამარცხდება. ფრე 2 ქულაა.