გონს მოსულები - კვირის პალიტრა

გონს მოსულები

ტოკიოს "რიოგოკუ კოკუგიკანში" ჩატარებული წლის პირველი სუპერტურნირი გამორჩეული გამოდგა. 27 წლის ესტონელი სუმოისტი კაიდო ჰოოველსონი, რომელიც დოჰიოზე (სუმოს მოედანი. - ავტ.) "ბარუტოს" სახელით გადის, პირველად გახდა "იმპერატორის თასის" მფლობელი.გაჩემპიონების შანსი ესტონელ გოლიათს ("ბარუტოს" სიმაღლე 198 სმ-ია, წონა - 188 კგ) ბოლო წლების უცვლელი ტრიუმფატორის, ჩემპიონთა ჩემპიონის, იოკოძუნა "ჰაკუჰოს" წაფორხილებამ მისცა. თუმცა, ჰოოველსონისა ესტონელებმა იკითხონ, ჩვენ კი ჩვენ სუმოისტებს მივხედოთ, რომლებმაც კატასტროფულად ჩატარებული წინა ტურნირის შემდეგ (ნოემბრის ბაშოზე ჩატარებული 45 ორთაბრძოლიდან ქართველებმა მხოლოდ... 5 მოიგეს. - ავტ.) გონს მოსვლა მოახერხეს. თანამემამულეებს შორის ყველაზე უკეთ "გაგამარუ" (თეიმურაზ ჯუღელი) გაისარჯა, - ტოკიოში ჩატარებული 14 ორთაბრძოლიდან (კვირას ჩატარებული მატჩების შედეგები გათვალისწინებული არ არის) 199-კილოგრამიანმა გოლიათმა მხოლოდ სამი დათმო. არანაკლებ კარგი ბალანსი (9:5) ჰქონდა ბოლო ტურის წინ "ტოჩინოშინს" (ლევან გორგაძე), უარყოფითი ბალანსით (6:8) კი ტურნირი მხოლოდ ერთმა ქართველმა - "კოკაიმ" (ლევან ცაგურია) დაასრულა. ბაშოს შუაწელში ლევანმა მუხლის ტრავმა მიიღო, თუმცა, ტურნირის მიტოვებაზე უარი განაცხადა და დარჩენილი ორთაბრძოლები მტკივანი ფეხით ჩაატარა, რაც დაეტყო კიდეც მის შედეგებს.