ზელანდიური დუეტი თბილისშია - კვირის პალიტრა

ზელანდიური დუეტი თბილისშია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი რომ აღარ იქნებოდა, ჯერ კიდევ 2011 წლის მსოფლიო თასამდე იყო ცნობილი, გასული წლის მიწურულს კი ბორჯღალოსანთა ახალი თავკაცის ვინაობაც გამჟღავნდა, - რამდენიმეთვიანი ძიების შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირმა არჩევანი ახალზელანდიელ მილტონ ჰეიგზე შეაჩერა.სხვადასხვა დროს ჰეიგს შოტლანდიურ და ზელანდიურ კლუბებთან უმუშავია და ახალი ზელანდიის ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. საქართველოს რაგბის კავშირს მისი კანდიდატურა რამდენიმე ავტორიტეტულმა სპეციალისტმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ურჩია.

და აი, მილტონ ჰეიგი და მისი თანამემამულე კრის გიბსი უკვე თბილისში არიან. გასულ შაბათს, ზელანდიელები რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასა და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდნენ. გადაწყვეტილია, რომ ჰეიგი საქართველოს რაგბის კავშირთან კონტრაქტს 2+2 სისტემით გააფორმებს, ოჯახთან ერთად საქართველოში იცხოვრებს, მისი ხელფასი კი თვეში 9 ათასი ევრო იქნება. მთავარი მწვრთნელის ასისტენტი კრის გიბსი, ძირითადად, შერკინების მოთამაშეებთან იმუშავებს. მის გარდა, ჰეიგის თანაშემწეები ილია ზედგენიძე და ილია მაისურაძეც იქნებიან. ეროვნული გუნდის გარდა, ახალზელანდიელი მწვრთნელები სარაგბო აკადემიაშიც იმუშავებენ და კონსულტაციას ქართველ მწვრთნელებსაც გაუწევენ.

"საქართველოსთანა კარგი, საინტერესო გუნდის მწვრთნელობა ჩემთვის დიდი პატივი და გამოწვევაა. თქვენმა გუნდმა 2011 წლის მსოფლიო თასზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალზე პერსპექტიული, მზარდი გუნდია. ქართულ რაგბის ჰყავს ნიჭიერი მოთამაშეები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, კიდევ უფრო მაღალ დონეზე ითამაშონ. ჩვენი მიზანიც ეს არის - თქვენი რაგბი ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ. რაგბის კავშირმა ნდობა გამოგვიცხადა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნდობა გავამართლოთ", - განაცხადა ჰეიგმა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან შეხვედრისას.

ახალი მწვრთნელი ბორჯღალოსნებს იანვრის ბოლოს შეკრებს, 4 თებერვალს კი ნაკრებს წლევანდელ "ერთა თასის" პირველი ტურის მატჩი ელის უკრაინაში. 11 თებერვალს ესპანეთს ვესტუმრებით, 25-ში თბილისში დავუხვდებით პორტუგალიელ "მგლებს", 10 მარტს რუმინეთში გველის გასვლითი მატჩი, 17-ში კი წლის ერთ-ერთი უმთავრესი შეხვედრაა - საქართველო-რუსეთი.