"შეიძლება ითქვას, რომ ახალ წელს მოედანზე შევხვდი" - კვირის პალიტრა

"შეიძლება ითქვას, რომ ახალ წელს მოედანზე შევხვდი"

ხაიფას "მაქაბიში" გატარებული ორწლინახევრის შემდეგ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ვლადიმერ დვალიშვილმა გასულ კვირას კლუბი გამოიცვალა და ვარშავის "პოლონიაში" გადაბარგდა.ებრაული კლუბის მაისურით ჩატარებულ 113 მატჩში ლადომ 51 გოლი გაიტანა, ამიერიდან კი თავის გამოჩენას პოლონელი ქომაგის წინაშე შეეცდება. 25 წლის თავდამსხმელი ამჟამად ვარშავაშია და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ლადომ უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და "პოლონიასთან" 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რამდენიმე დღეში კი ახალ კლუბს ანთალიაში გაჰყვება შეკრებაზე.

- ლადო, თავდაპირველად გვითხარით, ისრაელიდან პოლონეთში გადაბარგება რატომ გადაწყვიტეთ?

- "მაქაბისთან" ჩემი კონტრაქტი ზაფხულში იწურებოდა. შემეძლო, ხაიფაში ხელშეკრულების დამთავრებამდე დავრჩენილიყავი და მერე "თავისუფალი აგენტის" სტატუსით მომეძებნა ახალი კლუბი, მაგრამ წამოსვლა ვარჩიე. დრო გამოაჩენს, სწორი იყო თუ არა ეს ნაბიჯი. "მაქაბის" სახარბიელო პერიოდი ნამდვილად არ უდგას, შარშანდლისგან განსხვავებით, გუნდი ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძვის. გარემოს შეცვლაც მინდოდა და როცა პოლონეთში გადასვლის შესაძლებლობა მომეცა, ბევრი აღარ მიფიქრია. თანაც, "პოლონია" კარგი გუნდია, ქვეყნის პირველობაზე მესამე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაშიც არის ჩაბმული.

- სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარეთ და კონტრაქტსაც მოაწერეთ ხელი. ახალ კლუბზე რას იტყვით?

- კლუბში ძალიან კარგი ატმოსფეროა, მოთამაშეებმაც და მწვრთნელმაც თბილად მიმიღეს და ჩემი ეიმედებათ. "მაქაბის" შემადგენლობაში ბოლოს 5 იანვარს ვითამაშე, იმ მატჩში კუნთი გამეჭიმა და რამდენიმე დღეა, ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. თუმცა, ოთხშაბათს ანთალიაში მივდივართ შეკრებაზე და იქ უკვე სრულფასოვნად მოვემზადები გუნდთან ერთად. თურქეთში რამდენიმე საკონტროლო მატჩს ჩავატარებთ და "კადიროვის თასზეც" ვითამაშებთ.

- ინფრასტრუქტურის, პირობების, სტადიონის თვალსაზრისით "პოლონია" ძალიან განსხვავდება "მაქაბისგან"?

- აქამდე "პოლონია" პატარა არენაზე თამაშობდა, მის ტრიბუნებზე მხოლოდ 8 ათასი მაყურებელი ეტევა. მაგრამ მაისის მიწურულს ახალი სტადიონის მშენებლობა დასრულდება, რომელიც სპეციალურად "ევრო-2012"-ისთვის ააგეს (შეგახსენებთ, რომ უკრაინასთან ერთად, პოლონეთი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის თანამასპინძელია. - ავტ.). ევროპირველობის მიმდინარეობის დროსაც და მერეც იგი ვარშავის მთავარი სტადიონი იქნება და კონტინენტის პირველობის დასრულების შემდეგ საშინაო მატჩებს "პოლონია" სწორედ ამ მოედანზე ჩაატარებს. მეტიც, კლუბის პრეზიდენტმა გვითხრა, ალბათ, მიმდინარე სეზონის ბოლო რამდენიმე ტურსაც ახალ სტადიონზე ვითამაშებთო. შედარებას რაც შეეხება, ჩემს ახალ კლუბს უფრო დიდი ბიუჯეტი აქვს, ვიდრე "მაქაბის" და პირადად ჩემი ხელფასიც, დაახლოებით 50%-ით მაღალია იმასთან შედარებით, რასაც ხაიფაში ვიღებდი.

- ცნობილია, რომ შემოთავაზება თურქეთის და ბელგიის კლუბებიდანაც გქონდათ.

- დიახ, ბელგიური "ვესტერლო" ცდილობდა ჩემს გადაბირებას და თურქეთის "გაზიანთეფსფორიც" მიწვევდა. არც ბელგიისა და მით უმეტეს, არც თურქეთის ჩემპიონატს, სადაც არაერთი ძლიერი კლუბი და ფეხბურთელია, ჩემი დასაწუნი არაფერი სჭირს, მაგრამ ზემოაღნიშნული კლუბები სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში არიან, მე კი უფრო ამბიციურ გუნდში მინდოდა გადასვლა. "პოლონიამ" ჩემპიონატის პირველი წრე მესამე ადგილზე დაასრულა, ჩემპიონობისთვის იბრძვის, ევროთასზე თამაშსაც გეგმავს და მასზე სწორედ ამიტომ შევაჩერე არჩევანი.

- ახალი ჩემპიონატი ჯერ საქმეში არ გინახავთ, მაგრამ, ბუნებრივია, ინფორმაცია გექნებათ, - ძირითადად, რით განსხვავდება ერთმანეთისგან ისრაელისა და პოლონეთის ჩემპიონატები?

- როგორც ვიცი, ისრაელთან შედარებით, პოლონეთში უფრო ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ. უფრო მეტის თქმა კი მას შემდეგ შემეძლება, როცა ახალ ჩემპიონატს პირადად "დავაგემოვნებ". იმედია, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება და ჩემს შესაძლებლობებს სრულად წარმოვაჩენ.

- ყველა ინტერვიუში ამბობთ, რომ ისრაელის ჩემპიონატში გატარებული წლები დაუვიწყარია თქვენთვის.

- კარიერის ყველაზე წარმატებული და დასამახსოვრებელი პერიოდი მართლაც ისრაელში გავატარე: ქვეყნის ჩემპიონი გავხდი, ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაზე ვითამაშე, გოლებიც საკმაოდ გავიტანე. ხაიფაში ფეხბურთი ძალიან უყვართ, ჩემი ყოფილი გუნდი ისრაელში ერთ-ერთი დიდი და პოპულარულია. ქვეყანას, იქაურ მუდმივად თბილ ამინდებსაც მივეჩვიე. ასე რომ, წამოსვლა ადვილი ნამდვილად არ იყო, თუმცა, ვფიქრობ, ჩემი კარიერისთვის კლუბის გამოცვლა სჯობდა, "მაქაბი" კი ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო მოგონებებთან იქნება დაკავშირებული.

- ისრაელში გატარებული დროიდან ყველაზე ემოციურად რა გახსენდებათ?

- ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი ყაზახურ "აქტობესთან"... "მაქაბიში" ახალი გადასული ვიყავი რიგის "სკონტოდან", ის მატჩი რომ ვითამაშეთ. პირველი შეხვედრა ყაზახეთში 0:0 დასრულდა, საკუთარ მოედანზე კი საწყის ოც წუთში 0:3 ვაგებდით. თუმცა, საბოლოოდ 4:3 მოვიგეთ, ბოლო ორი ბურთი კი მე გავიტანე... ისე გამოვიდა, რომ ფეხბურთელმა, რომელსაც ისრაელში ჯერ არავინ იცნობდა, ახალი კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. იმ დღეს "მაქაბის" მაისურით მესამე მატჩს ვატარებდი. მანამდე დუბლი სადებიუტო მატჩშიც შევასრულე ისლანდიის ჩემპიონთან შეხვედრაში, მაგრამ "აქტობესთან" გატანილ ბურთებს სულ სხვა ფასი ჰქონდა. ის ემოცია არასდროს დამავიწყდება და საერთოდაც, იმ გოლებმა ჩემს კარიერას ძალიან შეუწყო ხელი.

- ფაქტობრივად, ახლაც იმავე სიტუაციაში ხართ, როგორშიც სამი წლის წინ, ისრაელში ახალგადასული იყავით. ამჯერად პოლონელებისთვის მოგიწევთ იმის ჩვენება, რა შეგიძლიათ.

- მეტი რა გზაა, უნდა დავამტკიცო, რა შემიძლია (იცინის). ყველანაირად შევეცდები, პოლონელ ქომაგს თავი საუკეთესოდ დავამახსოვრო.

- "კვირის პალიტრასთან" ერთ-ერთი ინტერვიუს დროს თქვით, ისრაელში 31 დეკემბერსაც კი არ იგრძნობა, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული დღესასწაული რომ ახლოვდებაო. წელსაც ნაძვის ხის გარეშე შეხვდით ახალ წელს?

- ებრაელების ახალი წელი სექტემბერშია, მაგრამ დიდი ზარ-ზეიმით არც იმას აღნიშნავენ და 31 დეკემბერს - მით უმეტეს. მესამედ შევხვდი ახალ წელს ისრაელში. ამჯერად ისე დაემთხვა, რომ 31-ში თამაში გვქონდა, რომელიც თბილისის დროით 22.00 საათზე დამთავრდა. შეიძლება ითქვას, რომ ახალ წელს მოედანზე შევხვდი (იცინის). საკუთარ თავს "საახალწლო საჩუქარიც" გავუკეთე და იმ მატჩში ორი გოლი გავიტანე, მაგრამ რად გინდა?! - 2:4 წავაგეთ... მერჩივნა, სულ არ გამეტანა ბურთი და მოგვეგო, მაგრამ...

- 2011 წელი როგორი იყო ლადო დვალიშვილისთვის, კმაყოფილი ხართ?

- გული მწყდება, რომ ნაკრებში ისე ვერ გამოვიჩინე თავი, როგორც წინა წელს. კლუბში გაცილებით უკეთესი სეზონი მქონდა, - ისრაელის ჩემპიონი გავხდი, გოლებიც გამქონდა. ასე რომ, ურიგო წელი არ იყო. ვიმედოვნებ, წელს ეროვნულ გუნდსაც უფრო მეტად გამოვადგები და ახალ კლუბსაც.

- ერთ-ერთმა პოლონურმა გაზეთმა დაწერა, დვალიშვილს თავისებური ხასიათი აქვსო. ამაზე რას იტყვით?

- ალბათ, ასე "აშდოდთან" მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო გადაწყვიტეს. ერთ-ერთ ეპიზოდში მე და მეტოქის კონგოელი ლეგიონერი წავკინკლავდით, საფინალო სასტვენის შემდეგ კი ჩემთვის... შეუფურთხებია. საბედნიეროდ, არ დამინახავს, თორემ თავის შეკავება ნამდვილად გამიჭირდებოდა. მხოლოდ ნამატჩევს, ვიდეოჩანაწერზე ვნახე. რომ ჰკითხეს, რატომ შეაფურთხეო, თავის გასამართლებლად სხვა ვერაფერი მოიფიქრა, და მოიგონა: დვალიშვილმა მაიმუნი მიწოდა და მითხრა, ჯუნგლებში დაბრუნდიო. არადა, ასეთი რამ ნამდვილად არ მითქვამს. ვიკამათეთ და "ტკბილი" სიტყვებით არ შეგვიმკია ერთმანეთი, მაგრამ რასისტი არა ვარ, ასეთი შეურაცხყოფა რომ მიმეყენებინა. მით უმეტეს, არაერთი შავკანიანი მეგობარი მყავს. როგორც ჩანს, ჩემი "თავისებური" ხასიათიც იმ ინციდენტის ბრალია, მაგრამ ეგ არაფერი.

- კახა კალაძის გადაწყვეტილების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე რას ფიქრობთ?

- კახასთან ერთად თამაში ნაკრების ყველა ფეხბურთელისთვის დიდი გამოცდილება იყო და ძალიან დამწყდა გული, როცა ეროვნული გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა. თუმცა, ეს მისი არჩევანია, პოლიტიკაში წავა თუ სადმე სხვაგან, მხოლოდ მისი გადასაწყვეტია და ყველგან წარმატებას ვუსურვებ. ჩემთვის კახა კალაძე ყოველთვის იყო წარმატებული და ტიტულოვანი ფეხბურთელის სიმბოლო. მისთანა მოთამაშეს რომ ასე მოექცევი, სხვებს რისი იმედი უნდა ჰქონდეთ? 2003 წელს კალაძემ "მილანის" შემადგენლობაში პირველად რომ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ფეხბურთის მოყვარულების დიდმა ნაწილმა მაშინ გაიგო მისი წარმომავლობის შესახებ. საწყენია, რომ კახას საზღვარგარეთ უფრო აფასებენ, ვიდრე სამშობლოში და საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც მისი არჩევანის გამო ამდენ სიბინძურეს ამბობენ ტიტულოვან თანამემამულეზე.